- კატეგორიები: მათემატიკოსი
კაპანაძე რაფიელ ვარდენის ძე (21.I.1941, ჭიათურის რ-ის სოფ. ხრეითი - 07.IV.1996, ქ. თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა სოფ. ხრეითის საშ. სკოლა (1958), თსუ-ის მექან.-მათ.ს ფაკ-ტი (1963) და საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1966), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1968). მუშაობდა თსუ-ის გამოყენებითი მათ. ინ-ტში (1966–1981), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში უფრ. მეცნ. თანამშრომლის (1981–1989) და წამყვანი მეცნ. თანამშრომლის თანამდებობებზე (1989–1994), გარდაცვალებამდე იყო უწყვეტ ტანთა მექან. გან-ბის ხელმძღვ. (1994-დან). კ. რ.-ს პირველი სამეცნ. ნაშრომები სინგულარული ინტეგრალური ოპერატორების კვლევას მიეძღვნა. კერძოდ, მან მიიღო პირობები, რ-იც უზრუნველყოფს სინგულარული ინტეგრალური ოპერატორების შემოსაზღვრულობასა და კომპაქტობას გარკვეულ ფუნქციურ სივრცეებში. შემდგომში კ. რ. დაინტერესდა დრეკადობის თეორიის სასაზღვრო ამოცანების შესწავლით. აღსანიშნავია, რომ იგი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც დაიწყო ანიზოტროპული ერგვაროვანი დრეკადი სხეულების სტატიკის, რხევებისა და დინამიკის სასაზღვრო ამოცანების შესწავლა პოტენციალთა მეთოდითა და სინგულარული ინტეგრალური განტოლებების საშუალებით. უკანასკნელ ნაშრომებში კ. რ. იკვლევდა სინგულარულ ინტეგრალურ ოპერატორებს კომპაქტურ არეებში და ღია მრავალსახეობებზე. მან დაამტკიცა, რომ თუ მახასიათებელი ფუნქცია აკმაყოფილებს გარკვეულ მოთხოვნებს, მაშინ ნახევარსივრცეში განსაზღვრული ოპერატორი შემოსაზღვრულია წონიან ჰიოლდერის სივრცეებში. მის მიერ მიღებული მკაცრად ელიფსური მატრიცული ფუნქციების ფაქტორიზაციის თეორემის საფუძველზე, მან დაამტკიცა სინგულარული ინტეგრალური განტოლებების სისტემების ფრედჰოლმურობა და ამონახსნთა სიგლუვე, რ-ებიც განსაზღვრულია კომპაქტურ n-განზომილებიან არეებში ლიაპუნოვის საზღვრით იმ შემთხვევაში, როდესაც განტოლების სიმბოლო ან კენტია, ან მკაცრად ელიფსური.
თხზ.: Kapanadze, R. V., Chichinadze, R. K. (1976). Some boundary value problems of the dynamics of the moment theory of elasticity. Publications on Problems of Continuum Mechanics] Izdat. Tbilis. Univ., Tbilisi, 1976. 96 pp. [in Russian]