კალანდარიშვილი მოსე ანთიმოზის ძე
კალანდარიშვილი მოსე ანთიმოზის ძე

კალანდარიშვილი მოსე ანთიმოზის ძე (14.I 1858, სოფ. მაკვანეთი,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 25.IV.1943). ექიმი, სახ. მოღვაწე, გამომგონებელი. სწავლობდა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში;  ქუთ. გიმნაზიაში;  ჩააბარა კიევის უნ-ტში; დაამთავრა პეტერბურგის სამხ.-სამკურნ. აკად. (1886). სადოქტორი დისერტაცია დაიცვა   თემაზე: „Асептическое получение антидифтериинной сывортки и о применении метода Тиндаля для повторной стерилизации“ (1897); ექიმად მუშაობდა რუსეთისა და საქართვ. სამხ.-სამკურნ. დაწესებულებებში (1886 წლიდან); სხვადასხვა დროს იყო 77-ე ტენგინის პოლკის ექიმი, ვლადიკავკავის სამხ. ჰოსპიტლის ორდინატორი და ლაბორანტი-კავკ. სამხ. ოლქის სამმართველოს ბაქტერიოლოგიურ ლაბორ.; იყო ,,კავკ. სამედ. საზ-ება”, წევრი; ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების”, თბილ. განყ-ების წევრი (1917-); ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” კავკავის განყ-ების გამგეობის წევრი (1909-); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918);  ქართვ. ექიმთა და ბუნებისმეტყველთა  საზ-ების წევრი; კ. მ. აქტიურად მონაწილეობდა კავკავის სკოლის, ეკლესიის, ურთიერთნდობის ამხანაგობისა და სახელოსნო სკოლის დაარსებასა და მის მართვაში (1888). მან თავის მეუღლესთან, სოფიო ციციშვილთან  ერთად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კავკავის ქართვ. საზ.-კულტ. ცხოვრებაში. სხვადასხვა დროს, კ. მ.-ს ეროვნ. საქმიანობაში გვერდში ედგნენ ლუარსაბ ბოცვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ნიკო კურდღელაშვილი, გრიგოლ ნათიძე (ნათაძე), პართენ გოთუა და ტიტე კახიძე; მას ეკუთვნის არაერთი გამოგონება, კერძოდ, ხელსაწყო "აირების იზოლატორ-ნეიტრალიზატორი" (ჯანაოზ-ჰიპოკრატი, 1924), რ-იც გადააკეთა მიკროორგანიზმებისაგან დასნებოვნებულ (ინფექციურ) სითხეთა დუღილით გაუსნებოვნებისათვის, შემდეგ კი მათი ლპობისაგან დაცვისათვის და მიიღო მეორე ხელსაწყო "სტერილიზატორი-სერვატორი" სახელწოდებით "ზეწერტი-ზენიტი", რ-მაც მიიღო პანტენტი №3452 (1927); მესამე  გამოგონება იყო ჰაერსაწური ორსაცობიანი ონკანი და საცობ-ონკანი, ამ ონკანების საფუძველზე ააგო ლპობა-გახრწნისაგან ორგანულ სითხეთა დამცველი ხელსაწყო (აპარატი) "დამცველი-სერვატორი" სახელწოდებით "აგუნაპენატი", რომლის გეგმაც საქართვ. სმუ-ს წარედგინა, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის გამოგონებათა ბიუროს (1933). მან თავისი მდიდარი საექიმო კაბინეტის მოწყობილობა, სადასტაქრო იარაღებით, ომის საჭიროებისათვის შესწირა (1941).

ბიბლ.: Каландаришвили, М. (1893). О состоянии температуры у холерных больных в алгидном и тифоидном периодах в эпидемию 1892 года: Из наблюдений над холер. больными Владикавк. воен. Госпиталя. М., т-во тип. А. И. Мамонтова; იმედაშვილი, ი. (2021). ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: ტ. 2. თბ., ეროვნ. ბ-კის გამ-ბა.