კაკაბაძე ზურაბ მეთოდეს ძე
კაკაბაძე ზურაბ მეთოდეს ძე

კაკაბაძე ზურაბ მეთოდეს ძე (13.III.1926, თბილისი - 15.II.1982, თბილისი), ფილოსოფოსი, ფილოს. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1970). დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი და ასპირანტურა (ხელმძღვ. კ. ბაქრაძე). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კანტის ეთიკის ძირითადი საკითხები“ (1952), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ეგზისტენციალური ფილოსოფიის პრობლემა“ (1968). ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტში (ახლანდ. ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტი); იყო ამავე ინ-ტის ესთეტიკის განყ-ების ხელმძღვ. (1967-1982). ეწეოდა აქტიურ საერთაშ. სამეცნ. მოღვაწეობას: იყო ე. ჰუსერლის საერთაშ. საზ-ების ხელმძღვ. და კომიტეტის წევრი. მისი სამეცნ. კვლევის სფეროა: ფენომენოლოგია, ეგზისტენციალიზმი, ეთიკა, ესთეტიკა და კულტურის ფილოსოფია. მის ნაშრომებში კრიტიკულადაა გააზრებული ე. ჰუსერლის, მ. ჰაიდეგერის, ი. კანტის, ჟ.-პ. სარტრისა და ა. კამიუს ფილოსოფიური მემკვიდრეობა. იკვლევდა ინდუსტრიულ ეპოქაში ადამიანის გაუცხოების („ტექნიკური გაუცხოება“) პრობლემას და ასაბუთებდა, რომ ადამიანის არსი მის თავისუფლებასა და შემოქმედებით ბუნებაშია. გააკრიტიკა ობიექტივისტური და პოზიტივისტური თვალსაზრისები ადამიანის შესახებ. ხაზს უსვამდა საკაცობრიო კულტურის განვითარებისათვის ეროვნ. ენათა და კულტურათა მრავალფეროვნების აუცილებლობას. ავტორია 40-ზე მეტი ნაშრომისა, რ-ებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, იაპონურ და პოლონურ ენებზე.

თხზ.: Какабадзе, З. (1966). Проблема „Экзистенциального кризиса“ и трансцендентальная феноменология Эдмунда Гуссерля. Тб., Мецниереба; Какабадзе, З. (1970). Человек как философская проблема. Тб., Мецниереба; კაკაბაძე, ზ. (1972). წერილები. თბ. საბჭ. საქართველო; კაკაბაძე, ზ. (1979). ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება. თბ., ხელოვნება; Какабадзе, З. (1980). Феномен искусства. Тб., Мецниереба; Какабадзе, З. (1985). Проблема человеческого бытия. Тб., Мецниереბა; კაკაბაძე, ზ. (1988). ფილოსოფიური საუბრები. თბ., განათლება; კაკაბაძე, ზ. (2012). რჩეული ფილოსოფიური შრომები. ბათუმი, შ. რუსთაველის სახ. სახელმწ. უნ-ტი, ISBN: 9789941412998.