ჯორჯაძე ვასილ პავლეს ძე (10.VII.1951, თბილისი), დაამთავრა თბილ. 55-ე საშ. სკოლა (1968) და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი ექსპერ. ბირთვული ფიზიკის სპეციალობით (1973). მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (1973-1998). ჯ. ვ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: „დაკვირვება და შესწავლა ვიწრო რეზონანსისა Σ-(1385) K+ სისტემაში" (JINR, დუბნა, რუსეთი, 1984). ჯ. ვ. ხანგრძლივი სამეცნ. მივლინებებით იმყოფებოდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (JINR, რუსეთი, 1974-1989) და პ. შერერის სახ. ინ-ტში (PSI, ვილიგენი, შვეიცარია, 1989–1994). მონაწილეობდა საერთაშ. თანამშრომლობებში: ექსპერიმენტი SINDRUM II, სადაც მისი ჩართულობით გაიზომა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში დღემდე ყველაზე იშვიათი პროცესის-მიონების ელექტრონად კონვერსიის ალბათობის ზღვარი და ექსპერიმენტებში BIS2 და EXCHARM (JINR, რუსეთი, 1974-1989, 1994-1995), საიდანაც მივლინებულ იქნა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN, ჟენევა, შვეიცარია, 1996-1997). ჯ. ვ.-მ მუშაობა განაგრძო გერმანიის ცნობილ სამეცნ. ცენტრში ელექტრო-სინქოტრონზე (DESY, ჰამბურგი) და ექსპერიმენტში HERMES (1998-2002). მუშაობდა ბრუკჰეივენის ნაციონალურ ლაბორატორიაში, სადაც მისი ინიციატივით დაგეგმილ ექსპერიმენტში პირველად იქნა დამზერილი ე. წ. CP - ლუწობის დარღვევის კანონი ძლიერ ურთიერთქმედებებში (მანამდე ეს პროცესი ცნობილი იყო მხოლოდ სუსტ ურთიერთქმედებებში) და იგი გახდა შესაბამისი ნაშრომის თანაავტორი (BNL, აპტონი, ნიუ იორკი, აშშ, 2002-2010); მუშაობდა ფერმის ნაციონალურ ლაბორატორიაში, სადაც მონაწილეობდა მიონების ელექტრონად კონვერსიის Mu2e ექსპერიმენტში (FNL, ბატავია, ილლინოისი, 2010-2011). ჯ. ვ.-ის სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში (2012-მდე) და მაღალ ტემპერატურული მეთოდების გამოყენებით ახ. მასალების მიღება (მასალათა მცოდნეობა); გარემოს დაცვა, კერძოდ წყლის გასუფთავება მძიმე ქიმიური შენაერთებისგან (2012-დან). არის 245 სტატიის ავტორი/თანაავტორი (მაღალი ენერგიებისა და ბირთვულ ფიზიკის სფეროში), რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ-რეიტინგულ საერთაშ. ჟურნალებში და განთავსებულია სხვადასხვა სამეცნ. ბაზაში: „Observation and Study of A Narrow State In A Sigma- (1385) K+ System“ (Z.Phys. C25, 205,1984); „Test of lepton flavor conservation in mu ---> e conversion on titanium“ (Phys.Lett.B317, 631-636,1993); ,,Azimuthal Charged-Particle Correlations and Possible Local Strong Parity Violation“ (Phys.Rev. Lett.103, 251601, 2009). ჯ. ვ. გახდა გამომგონებელ-ენტრეპრენერი(2012-დან). მუშაობდა ბრუკჰეივენის ნაციონალურ ლაბორატორიაში კონსულტანტად (2012-2015). დღემდე მუშაობს სტონი ბრუკის უნ-ტში (SBU, სტონი ბრუკი, ნიუ იორკის შტატი, აშშ, 2015-დან). პერსონალურად მიღებული აქვს 12 გრანტი (2012-დან): 9 აშშ სახელმწიფო გრანტი და 3 კერძო ინვესტორების. მონაწილეობს 6 ამერიკულ პატენტში (4 -მონაწილე/მფლობელი, 2-თანაავტორი), რომელთაგან 5 არის გამოქვეყნებული/აქტიური, 1 - გამოქვეყნების პროცესში. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (2026), აშშ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი დაფინანსებით, გაიხსნას ორი სამეცნ. ლაბორატორია „მაღალ ტემპერატურული მეთოდების გამოყენებით ახალი მასალების მისაღებად“ სტონი ბრუკის უნ-ტში (ნიუ იორკის შტატი) და მონტანას ტექ. უნ-ტში (მონტანას შტატი). ქართვ. ფიზიკოსი და გამომგონებელ-ენტრეპრენერი ჯ. ვ. უხელმძღვანელებს ორივე ლაბორატორიას. ჯ. ვ. არის საქართვ. რესპუბლიკის სახელმწ. პრემიის ლაურეატი ნაშრომისთვის „დაკვირვება და შესწავლა ვიწრო ბარიონული რეზონანსისა Σ-(1385) K+ სისტემისთვის“ (1986).