ჯორბენაძე ბესარიონ არკადის ძე
ჯორბენაძე ბესარიონ არკადის ძე

ჯორბენაძე ბესარიონ არკადის ძე (31. VIII. 1942, ქ. თბილისი-10. V. 1993), ენათმეცნიერი, პედაგოგი. შევიდა თბილ. პირველ საშ. სკოლაში (1949). ოქროს მედალზე დაასრულა სკოლა და ჩაირიცხა თსუ-ში ფილოლ. ფაკ-ტზე (1959). სტუდენტური გაცვლითი პროგრამით გააგზავნეს რიგის სახელმწ. უნ-ტში ლატვიური ენის შესასწავლად (1962). ჯ. ბ.-მა წარჩინებით დაამთავრა უნ-ტი და ჩაირიცხა ასპირანტურაში ქართ. ენის სპეციალობით (1965). სამეცნ. ხელმძღვანელად დაენიშნა აკად. ვ. თოფურია და სადისერტაციო თემად განესაზღვრა: „ზმნის გვარის ფორმათა წარმოებისა და ფუნქციის საკითხები ქართულში“. აკად. ვ. თოფურიას გარდაცვალების გამო ჯ. ბ.-ის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფ. ივანე ქავთარაძე (1966). ჯ. ბ.-მა დაამთავრა ასპირანტურა და ამავე წლიდან დაიწყო ლექციების კითხვა თსუ-ში (1968). იგი იყო თსუ-ის ტოპონიმიკის ლაბორ. პირველი გამგე (1969-1973). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1970). იყო თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრის დოცენტი (1972-1981). თანამოაზრეებთან ერთად დააარსა და ხელმძღვანელობდა უნ-ტისა და ენათმეცნ. ინ-ტის ახალგაზრდა მეცნიერთა მუდმივმოქმედ სემინარს — „საენათმეცნიერო საუბრებს“ (1974-დან). გამოსცა პირველი წიგნი „ზმნის გვარის ფორმათა წარმოებისა და ფუნქციის საკითხები ქართულში“ (1975). მისი ინიციატივით უნ-ტში შემოიღეს სალექციო კურსი „ქართული ზმნა“ და „ქართული ენა და ეროვნული კულტურა“, რ-თაც თავად უძღვებოდა სიცოცხლის ბოლომდე (1978-დან). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართული ზმნის ფორმობრივი და ფუნქციური ანალიზის პრინციპები“ (1979) (ნაშრომი ცალკე წიგნად გამოიცა 1981 წ-ს.). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის ქართველურ ენათა განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1980-დან). აირჩიეს თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრის პროფესორად და ამ თანამდებობაზე იყო სიცოცხლის ბოლომდე (1981-დან). ხელმძღვანელობდა ენათმეცნ. ინ-ტის ქართველურ ენათა განყ-ბას (1982-1985). იყო ფილოლ. ფაკ-ტის დეკანი (1985-1987). აირჩიეს ენათმეცნ. ინ-ტის დირექტორად (1987), საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988). ამავე წელს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით საქართვ. მთავრობასთან შეიქმნა „ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის“ პროექტის შემმუშავებელი კომისია. ხელი მოეწერა სამთავრობო დადგენილებას „ქართლი ენის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შესახებ (25.08.1989). ეს მოხდა ჯ. ბ.-ის დიდი ძალისხმევით. ამ პროგრამაში ჩაიწერა პირველად, რომ „14 აპრილი არის ქართული ენის დღე“ და განისაზღვრა მისი მნიშვნელობა. მისი ინიციატივით ენათმეცნ. ინს-ტში შეიქმნა ენის კანონის შემმუშავებელი კომისია (1991). ენათმეცნ. ინ-ტის სამეცნ. საბჭომ ერთხმად წარადგინა ჯ. ბ. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსად (1993). მისი სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავდა ქართ. ენის სტრუქტურისა და ისტ. საკვანძო საკითხებს, ზმნისა და სახელის ფორმობრივ და ფუნქციურ ანალიზს, ქართ. დიალექტოლოგიის ზოგად პრობლემებს და დიალექტთა სისტემურ შესწავლას, ქართველურ ენათა ფონემატურ, გრამატიკულ და ლექსიკურ თავისებურებათა ანალიზს, ზოგადი და ქართული ონომასტიკის აქტუალურ საკითხებსა და  მხატვრული ტექსტის მეცნ. ანალიზის პრინციპების ძიებას. მას ეკუთვნის 10 მონოგრაფია და 120-ზე მეტი სხვა გამოკვლევა. სხვადასხვა დროს იყო ენათმეცნ. ინს-ტის სამეცნ. საბჭოს თავმჯდომარე, თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს თავ-რე, ენათმეცნ. ინ-ტთან არსებული სადოქტორო ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნ.-საატესტაციო საბჭოს თავ-რის მოადგილე, უნ-ტში არსებული სადოქტორო ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნ.-საატესტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, მინისტრთა საბჭოსთან არსებული ქართ. ენის ნორმათა დამდგენი სახელმწ. კომისიის თავ-რის მოადგილე, თსუ-ის ქართ. ენისა და ლიტ-რის საგნობრივი კომისიის თავ-რე, „იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერების“ მთ. რედ. ჟურნ. „მაცნეს“ (ენისა და ლიტ-რის სერიის) მთ. რედაქტორის მოადგილე, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის“ რედკოლეგიის წევრი და ა. შ. ჯ. ბ.-ს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა აკაკი შანიძის პრემია მონოგრაფიისათვის „ქართული დიალექტოლოგია“ (1996).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჯორბენაძე, ბ. (1980). ქართული ზმნის ფორმობრივი და ფუნქციური ანალიზის პრინციპები. უნ-ტის გამ-ბა; ჯორბენაძე, ბ. (1998). ქართული დიალექტოლოგია : წ. 2 . მეცნიერება; ჯორბენაძე, ბ. (1997). ენა და კულტურა. თბილისი. ჯორბენაძე, ბ. (1995). ქართველურ ენათა დიალექტები. თბილ. უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 5511006599.