ჯიბუტი მიხეილ ჭიჭიკოს ძე
ჯიბუტი მიხეილ ჭიჭიკოს ძე

ჯიბუტი მიხეილ ჭიჭიკოს ძე (11.IV.1954, ჩოხატაურის რ-ნი, სოფ. შუა-ამაღლება). ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკოსი. დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტი პოლიტეკონომიის სპეციალობით (1977). იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ასპირანტურაში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ღირებულების კანონის შესწავლის სისტემური მიდგომა“, ხოლო სადოქტორო - თემაზე: „სოციალიზმის პოლიტიკური ეკონომიის სამეცნიერო სისტემა“ და მიენიჭა ეკონ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1990). ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებლებში და თსუ-ში (1992-დან). იმავე წლიდან დაიწყო აქტიური პოლიტიკური და სახელმწ. მოღვაწეობა. იყო: საქართვ. მთავრობის მრჩეველი ეკონ. საკითხებში; პარლამენტის წევრი; ეკონ. მინისტრი; კავკასიის ეკონ. და ეკონ. პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვ.; საქართვ. მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-1999), საქართვ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე; საქართვ. მრეწვ. და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე; ფასიანი ქაღალდების ეროვნ. კომისიის თავ-რე; იყო თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (2005-დან); სამეცნ. საბჭოს წევრი; სხვადასხვა საბჭოებისა და კოლეგიების წევრი; საქართვ. პრეზიდენტთან არსებული ეკონ. საბჭოს წევრი. არის არაერთი საერთაშ. და ეროვნ. კონფერენციებისა და სემინარების მონაწილე და ორგანიზატორი. ხელმძღვანელობდა სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციებს. რეორგანიზაციის პერიოდში გათავისუფლდა დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან (2006). იყო საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელმწ. ქართ. უნ-ტის სრული პროფესორი (2009-დან). გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი:,,საქართველოს ეკონომიკა:30-წლიანი ტრანსფორმაციის გაგებისათვის“ (ეკონომიკა და ბიზნესი N4, ტ. XIII, 2021); ,,პოლიტიკურ-ეკონომიკური ეკლეტიზმი საქართველოში“ (ეკონომიკა და ბიზნესი N2, ტ. XVI, 2024); ,,დავოსი 2024 - მოსალოდნელი მომავლის შესახებ” (ეკონომიკა და ბიზნესი N1, ტ. XVI, 2024); ,,წიგნი რომელიც გეხმარება თანამედროვე საქართველოს კონტექსტის გაგებაში“ (ეკონომიკა და ბიზნესი N4, ტ. XVI, 2024) და სხვა.

თხზ.: ჯიბუტი, მ. (2003). საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი. თბ., სიახლე, ISBN9994074601; ჯიბუტი, მ. (თანაავტორი). (2004). ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი. თბ., ISBN9994018302; ჯიბუტი, მ. (2005). აფხაზეთში კონფლიქტის გადაწყვეტის ხელშეწყობა ეკონომიკური ფაქტორების გამოყენებით.  თბ.