-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი ანატომი აკადემიკოსი
ჯავახიშვილი ნინო ალექსანდრეს ასული (07.XI.1914, მოსკოვი - 24.VI.2012, თბილისი). ექიმი, ანატომი, საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თსს ინ–ტი (1936). იყო თსს-ის ანატომიის კათედრის ასისტენტი (1935-1946), დოცენტი (1946-1949), პროფესორი (1953-დან). პარალელურად ლექციებს კითხულობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში (1943-1945), ბათუმის პედ. ინ-ტში (1936-1937). საქართვ. მეცნ. აკადემიის ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის დაარსების დღიდან მოღვაწეობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: უფრ. მეცნიერ–თანამშრომლის (1946-1951), განყ-ის გამგის (1951-1958), დირექტორის მოადგილის (1958-1959) და დირექტორის (1959-2006). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,ზურგის ტვინის სნულებისა და სიმპათიკური წველის მოწყობისა და ურთიერთობების საკითხებისადმი’’ და მიენიჭა მედიცინის მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1941), მოგვიანებით მიანიჭეს დოცენტის წოდება (1946). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ზურგის ტვინის ვენების და სიმპატიკური წვლის მოწყობისა და ურთიერთობის შესახებ“ და მიენიჭა მედიცინის მეცნ. დოქტორის წოდება (1948). ასეთი გამოკვლევა მანამდე არ ყოფილა ჩატარებული და მას პრაქტ. მნიშვნელობა ჰქონდა პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიაში და მასზე ოპერაციული მიდგომის გზების განსაზღვრისათვის. აღნიშნული შრომა გამოქვეყნდა მონოგრაფიის სახით. მეცნიერებაში დამსახ. მოღვაწეობისთვის მიიღო ჯერ საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ.–ის (1961), ხოლო შემდეგ აკადემიკოსის წოდება (1965). მისი სამეცნ. გამოკვლევები ეძღვნება 2 ძირითად პრობლემას - ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემებს. ის სწავლობდა სისხლძარღვთა სისტემის განვითარებას როგორც ონტო-, ისე ფელოგენეზში, თავის ტვინის ანგიოარქიტექტონიკის ცვლილებას საძილე არტერიის გადაკვანძვის, თავის ტვინის ტრავმის, ასევე პერიფერიული ნერვის გადაჭრის პირობებში. აკად. ალ. ნათიშვილთან და აკად. მ. კომახიძესთან ერთად შეისწავლა ადამიანის და ძაღლის წვრილი და მსხვილი ნაწლავის კაპილარული ქსელის დატოტიანება. მიღებული მონაცემების საფუძველზე გაკეთდა მნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნაწლავის გამოყენება პლასტიკურ ქირურგიაში უსაფრთხოა. ასევე შეისწავლა ღვიძლის არტერიული სისტემა და მისი თავისებურებები; იკვლევდა გულის ვასკულარიზაციას, მათ ფორმებსა და დატოტიანებას. მის მიერ აღწერილი იყო გვირგვინიანი არტერიის დატოტიანების 3 ფორმა: სიმეტრიული, მარჯვენამხრივი და მარცხენამხრივი. მიკროცირკულარული კალაპოტის ასაკობრივი შესწავლისას გამოვლინდა საკომპენსაციო მექანიზმები - პარკუჭებში ვენური სინუსოიდების და რეტროგრადული გზის არსებობა. მის მიერ ექსპერ. კვლევის საფუძველზე პირველად მსოფლიოში დამტკიცდა, რომ ვენების შეცვლა შესაძლებელია არტერიული სისხლძარღვებით, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს გულის იშემიური დაავადებების ოპერაციული მკურნალობის დროს. დღეს ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება გულის შუნტირებისას. ასევე, შესწავლილი იყო სხვადსხვა პრეპარატების მოქმედება გულის იშემიის დროს. მიღებული შედეგები მოხსენიებულია გფრ-ში, უნგრეთსა და იუგოსლავიაში ჩატარებულ სიმპოზიუმებში. ასევე, ექსპერიმენტში შესწავლილი იყო გულის კონსერვაციისათვის საჭირო საკითხები, სისხლძარღვებში ჩაკერებული ზოგიერთი ხელოვნური ქსოვილის შეხორცების პროცესი, რის საფუძველზეც გამოვლინდა პროტეზის შიგნით მხარეს თავისუფალი კაპილარული ქსელის არსებობა, რაც თრომბოზის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ. აღნიშნული მონაცემები მოხსენიებულია ანატ. IV საერთაშ. კონგრესზე პრაღაში (1962), ბუხარესტში (1964) და VII საერთაშ. კონგრესზე ვაისბადენში (1965). საქართველოში დაარსა ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზ–ება, იყო ამ საზ–ების თავ–რის მოადგილე (1966-1977) და საპატიო წევრი; გერონტოლოგთა საკავშ. საზ–ების თავ–რის მოადგილე, აგრეთვე უნგრეთის (1974), ბულგარეთის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნ. საზ–ებებისა(1975) და იმდროინდელი ჩეხოსლოვაკიის პურკინეს სახ. სამედ. საზ–ების საპატიო წევრი(1975). ბოლო წლებში აკად. ჯ. ნ. სამეცნ. საქმიანობასთან ერთად ლექციებს კითხულობდა თსუ–ის მედიცინის ფაკ–ტზე. ეწეოდა აქტიურ საზ–ებრივ მოღვაწეობას. მან საქართველოში დააარსა ქალთა საბჭო, რომლის პირველი თავ–რე თავად იყო (1945). მონაწილეობა მიიღო პარიზში საერთაშ. დემოგრაფიულ ანტიფაშისტურ კონგრესში (1945). წლების განმავლობაში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ მნიშვნელოვან საერთაშ. კონგრესსა თუ კონფერენციაში. მათ შორის: უნგრეთში (1948), ალბანეთში (1950), იტალიაში (1953), დანიაში (1953), აშშ-ში (1957), ეთიოპიაში (1959), ჩეხოსლოვაკიაში (1981), დიდ ბრიტანეტში (1981). იყო საქართვ. სსრ II-V მოწვევათა უმაღლ. საბჭოს დეპუტატი და საქართვ. სსრ უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1953-1963). სსრკ IX და X მოწვევათა უმაღლ. საბჭოს დეპუტატი, საქართვ. რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991). ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). არჩეული იყო წლის ქალად „Who Is Who“ (IX ტომი) და ამერიკის ბიოგრაფიის ინ–ტის მრჩევლად (2003). ამერიკის ინ–ტის მიერვე ნომინირებულია XXI სს დიდ მოაზროვნედ (2005). იგი მფლობელია ღირსების ორდენის, ასევე დაჯილდოვებულია ლენინის, შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით, მათ შორის, მედლით მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1943-1945 წლებში. მისი სახელის უკვდავსაყოფად თსუ–ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ–ტმა დააარსა მისი სახელობის პრემია და მედალი, რ–იც ენიჭება საქართვ. ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს მორფოლოგიურ მეცნ. განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ან მორფოლოგიურ მეცნ. განვითარების განსაკუთრებული ხელშეწყობისათვის (2016–დან).
თხზ.: Джавахишвили, Н. (1951). Изменения ангиоархитектоники крестообразной извилины после перевязки сонной артерии. Кандидатская диссертация, 1941. отмечено Резолюцией Всесоюз. V Съезда АГЕ. Ленинград; ჯავახიშვილი, ნ. (1952). ზურგის ტვინის ნერვული წნულებისა და სიმპათიკური წველის ფორმა და ურთიერთობა. თბ.; Джавахишвили, Н. (соавтор). (1952). Коллатеральные пути печеночной артерии. Т. IV, Тр. Ин-та эксп. морф.; Джавахишвили, Н. (1963). Сосуды сердца. Тб., Мецниереба; Джавахишвили, Н. (соавтор). (1963). Сосуды сердца. М., Наука; Джавахишвили, Н. (соавтор). (1967). К изучению восстановления кровообращения сердца при экспериментальном инфаркте миокарда. Тб., Сабчота Сакартвело; Javakhishvili, N. (1977). Le courant sanguin retrograde dans le myocard. Проблемы на сравнительной и экспериментальной морфологии и эмбриологии. София.