ჯავახიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე
ჯავახიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე

ჯავახიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (17. VIII. 1875, სოფ. ძევერა ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი – 22. I. 1973, თბილისი. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე), გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. ქშწგ საზ-ბის წევრი (1898-1914), პირველი ქართ. უნ-ტის ერთ-ერთი დამაარსებელი, თსუ-ის პროფესორი (1920-დან), საზ. გეოგრ. და ანთროპოლოგიის კათედრის გამგე (1920-დან), თსუ-ის გეომორფოლოგიის კათედრის გამგე (1935-1970), გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1937, დისერტაციის დაუცველად – Honoris causa), თბილ. უნ-ტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის დეკანი (1939-1940), საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1944), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1941), საქართვ. გეოგრ. საზ-ბის პრეზიდენტის მოადგილე (1924-1940), თავ-რე (1940-1970), საპატიო პრეზიდენტი (1970 წლიდან), ყოფ. სსრკ
გეოგრ. საზ-ების საპატიო წევრი (1956), „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ მთ. სარედაქციო კოლეგიის წევრი (1965), ფიზ. ანთროპოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. ჯ. ალ. სწავლობდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბაზე, რ-იც დაამთავრა I ხარისხის დიპლომით და იქვე დატოვეს სამეცნ. მოღვაწეობისათვის მოსამზადებლად (1895-1900). იქვე იწყებს სამეცნ. და პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. იკვლევს კავკასიის მოსახლეობის ფიზ. და ანთროპოლ. შედგენილობას, რა მიზნითაც აწყობს საველე გასვლებს საქართვ. სხვადასხვა კუთხეში – ქართლში, კახეთში, მთიულეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, რაჭაში. შეისწავლა 900 პირი, რომელთა მონაცემის ანალიზის საფუძველზე გამოაქვეყნა ფუნდამენტური ნაშრომი საქართვ. ანთროპოლოგიაში 2 ტომად, რისთვისაც მოსკოვის უნ-ტთან არსებულმა ბუნებისმეტყველების, ანთროპოლ. და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზ-ებამ უმაღლესი სამეცნ. ჯილდო – პროფ. ა. პ. რასცვეტოვის პრემიები მიანიჭა (1906-1912). აღნიშნულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ანთროპოლ. ნიშნების მიხედვით საქართვ. ამ კუთხეების ქართველები ერთმანეთთან დიდ მსგავსებას ამჟღავნებენ და რომ ისინი ადგილობრივი, ავტოქთონური მოსახლეობაა კავკასიაში.ჯ. ალ.-მ ასევე გამოიკვლია კავკასიის სხვა ხალხების ანთროპოლოგიაც. არკვევს კავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრები ირან., მონღოლი და სლავი ხალხების დამოკიდებულებას კავკასიურთან. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართულ და გერმანულ ენებზე. მანვე დაადგინა კავკასიელ ებრაელთა განსაკუთრებული ანთროპოლ. ტიპის არარსებობა. უნ-ტის დაარსების პროცესიდან დაწყებული ჯ. ალ. მონაწილეობას იღებდა საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის ფორმირებაში, გახდა სამათემატიკო და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტზე ახლად დაარსებული საზოგადო გეოგრ. და ანთროპოლ. კათედრის გამგე. ჯ. ალ. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა სასწავლებელში: ინდუსტრიულ ინ-ტში (1918-1921), თსუ-ში (1920-1973), ბათუმის (1936-1938), გორის (1943-1949), ქუთაისისა (1933-1936) და ბაქოს პედაგოგიურ ინ-ტებში (1934-1936). ჯ. ალ. იყო საქართვ. ცენტრ. პედ. მუზეუმის (1918-1922), საქართვ. კარტოგრაფიული ინ-ტის (1926-1932), თსუ-სთან არსებული გეოგრ. ინ-ტის (1933-1938) დირექტორი.  მისი ინიციატივით დაარსდა: საქართვ. გეოგრ. საზ-ბა (1924), საქართვ. კარტოგრაფიული ინ-ტი (1926, იარსება 1933 წლამდე), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრ. ინ-ტი (1933), იყო ამ ინსტიტუტის დირექტორი (1933-1962). ჯ. ალ.-ს კალამს ეკუთვნის ორიგინ. ნაშრომები ანთროპოლოგიაში, კარტოგრაფიაში, ლანდშაფტმცოდნეობაში, გეოგრაფიის ისტორიაში, სამხ. გეოგრაფიაში, ეკონ. გეოგრაფიაში. პირველმა მოგვცა საქართვ. ლანდშაფტების ტიპების კლასიფიკაცია. აქვს მნიშვნელოვანი კვლევები გეოგრ. მეცნიერების თეორიის საკითხებზეც როგორიცაა გეოგრაფ. მეცნ. სტრუქტურა, კარტოგრაფიის ადგილი გეოგრ. მეცნიერებაში, ფიზ. გეოგრ. დარგების (გეომორფოლოგიის, კლიმატოლოგიის, ხმელეთის ჰიდროლოგიის, ოკეანოგრაფიის, ფიზიკური ქვეყანათმცოდნეობისა და სხვ.) დამოკიდებულება მეზობელ საბუნებისმეტყველო დისციპლინებთან. მან შეადგინა გეოგრ. მეცნ-ის სტრუქტურის სქემა, მისი განვითარების თანამედროვე და მომავალი ეტაპებისათვის. ჯ. ალ.-ს მეცნიერულ მოღვაწეობაში ცენტრ. ადგილი უკავია საქართვ. ტერიტორიის გეომორფოლოგიურ შესწავლას. მას ეკუთვნის კაპიტ. ნაშრომი საქართვ. ზოგადგეომორფოლოგიური დახასიათებაში („საქართველოს გეოგრაფია“, ტ. I, გეომორფოლოგია, 1926), რ-საც თან ერთვის დამატება – გეოგრ. ატლასი (1927). დადგენილი აქვს საქართვ. რელიეფის გენეტ. ტიპები და მათი გავრცელების არეალები (1947). მეთოდოლოგიური თვალსაზრისით გეომორფოლოგიური კვლევის მიდგომები იმ პერიდოში დაუმუშავებული იყო მთელს ყოფილ სსრკ-ში და ამ მხრივ, ჯ-მ დიდი წვლილი შეიტანა დარგის განვითარებაში. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა კავკ. და საქართვ. სხვადასხვა მასშტაბის ზოგადგეოგრაფიული და თემატური რუკები უმაღლ. და საშ. სკოლებისათვის. მისი ხელმძღვანელობითა და ვახუშტის სახ. გეოგრ. ინ-ტის თაოსნობით გამოიცა საქართვ. გეოგრ. ატლასი ქართულ და რუსულ ენებზე – პირველი კომპლექსური ატლასი (1964). ატლასის შემქმნელ კოლექტივს, მათ შორის, ჯ. ალ-ს საქ. სსრ სახელმწ. პრემია მიენიჭა (1971). უნ-ტში მოღვაწეობის 53-წლიან პერიოდში მან დააარსა არაერთი გეოგრ. კათედრა, სამეცნ. და სასწ. კაბინეტი, გეოგრაფიის ბ-კა (1955) და გეოგრაფიის მუზეუმი (1958). ჯ. ალ. დაჯილდოებული იყო: მედლით „მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში, 1941-1945“ (1945), 2 შრომის წითელი დროშის ორდენით (1944, 1965), ლენინის ორდენით (1953), სამკერდე ნიშნით „სახალხო განათლების წარჩინებული“ (1955), იაკობ გოგებაშვილის მედლით (1965). მისი სახელი მიენიჭა  საქართვ. გეოგრ. საზ-ებას, თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის ბ-კას, მწვერვალს რაჭის კავკასიონზე, საშ. სკოლას სოფ. ძევერაში (1973), აუდიტორიას თსუ-ში (2015).

თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): Джавахишвили, Александр. (1908). Антропология Грузии: Т. 1.: Грузины Карталинии и Кахетии, Известия императорского об-ва Любителей Естествознания, Антропологии и Этнографии, состоящего при имп. Московском
ун-те; Джавахишвили, Александр. (1914). Антропология Грузии: Т. 2.: Грузины Имеретии, Гурии и Рачи, Известия императорского об-ва Любителей Естествознания, Антропологии и Этнографии, состоящего при имп. Московском ун-те; ჯავახიშვილი, ალ. ( 1931-1932). საქართველოს სსრ საზოგადო რუკა, შემუშავებულია საქართველოს კარტოგრაფიულ ინ-ტში და გამოცემული სახელმწ. გამომცემლობის მიერ, მასშტაბი 1:200,000, 12-ფურცელი; (1924). ფიზიკური გეოგრაფიის პრაქტიკუმი. ტფილისის სახელმწ. უნ-ტის გეოგრ. კაბინეტი, ტფილ. უნ-ტის გამ-ბა; Die Rassenzusammensetsung der Kaukasusvölker (1925. N. F. Bd. XX, Heft 2/3. - S. 77-89). Archiv für Anthropologie (Zeitschrift für Naturgeschichte und Urgeschichte der Menschen). Brannschweig; ჯავახიშვილი, ალ. (1930). საქართველოს გეოგრაფიულ-სტატისტიკური ატლასი : (დიაგრამები და კარტოგრამები), ტფილ. უნ-ტის გამ-ბა; ჯავახიშვილი, ალ. (1947). ვახუშტი ბაგრატიონი გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი. ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინ-ტის შრომები, ტ. 1, გვ. 1-24; ჯავახიშვილი, ალ. (1987). საქართველოს სსრ ფიზიკური გეოგრაფია:  სახელმძღვანელო VII კლასისათვის, განათლება.

ლიტ.: ყიფიანი შ. (1957). ნარკვევები გეოგრაფიული მეცნიერებისა და განათლების შესახებ საქართველოში, ნაკვ. I. ალექსანდრე ჯავახიშვილი: ცხოვრება და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა, თ საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამომც; ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომცემლობა განათლება, ISBN 9992806982; ჯავახიშვილი ალექსანდრე ბიობიბლიოგრაფია (2015), თბილ. უნ-ტის გამ-ბა; ბოლაშვილი ნ., გორდეზიანი თ., (თანაავტორი). (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი,  უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133640; ხარაძე კ.,   ხარაძე, კობა. (2015). დიდი მამულიშვილის ღირსეული ღვაწლი: აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი. უნ-ტის გამ-ბა, 9789941134470.