ჯავახიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე
ჯავახიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე

ჯავახიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (20.V.1949, თბილისი - 28. IV. 2012), გეოგრაფი, ჰიდროლოგი, გეოგრაფიის მეცნ. კანდ. (1979). დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი სპეციალობით ჰიდროლოგია და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროლოგის კვალიფიკაციით (1972), საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის დაუსწრებელი ასპირანტურა (1972-1976). მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში (1974-2012), უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად ჰიდროლოგიის განყ-ბაში (1981-2001), უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად ჰიდროლოგიისა და გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების განყ-ში (2001-2006), გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიისა და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის განყ-ების ჯუფის ხელმძღვანელად (2006-2009), კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად (2009-2012). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ცენტრალური კავკასიონის ჩრდილო ფერდობის საშუალო მრავალწლიური წლიური და სეზონური წყლის ბალანსი“ (1979). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, რ-ებიც ეხება კავკ. და საქართვ. მდინარეთა ჩამონადენის პრობლემებს. არის რუკების თანაავტორი: საქართვ. ფიზიკური რუკა, კავკასიის ფიზიკური რუკა, რედ. მოადგილე „საქართველოს ეროვნული ატლასი“ (2012). თანაავტორობით შესრულებული აქვს ფონდ „ღია საზოგადოება - თავისუფალი საქართველო“-ს გრანტის ფარგლებში „საქართველოს გეოსაინფორმაციო სისტემის კარტოგრაფიული საფუძველი“ (1995), საქართვ. მეცნ. აკადემიის გრანტი „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების ფაქტორები: გეოგრ. ანალიზი და პროგნოზი“ (1996), „აჭარის გეოსაინფორმაციო სისტემა“ (1997), „ნავთობსადენის ტრასის ჰიდროლოგიური აღწერა და ეკოლოგიური ექსპერტიზა“ (1996), „საქართველოს გეოსაინფორმაციო სისტემა“ (2000), „გარდაბნის რაიონის მიწის კადასტრი“ (2000-2001), „მდინარე არაგვის აუზის გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა“ (2001), „კავკასიაში კლიმატის ცვლილების, მყინვარების დინამიკის და ჩამონადენის მოდელირება“ (INTAS, 2007-2008). მიღებული აქვს ალ. ჯავახიშვილის სახ. პრემია (1993). მონაწილეობდა არაერთ საერთაშ. ფორუმში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, მათ შორის იმპაქტ ფაქტორის მქონე სამეცნ. ჟურნ-ბში.

თხზ.: ჯავახიშვილი, ა. (თანაავტორი). (1991) კავკასიის წყლის ბალანსი და მისი გეოგრ. კანონზომიერებანი, თბ., მეცნიერება; ჯავახიშვილი, ა. (თანაავტორი). (2012) მყინვარების მონიტორინგი კლიმატის ცვლილების ფონზე, თბ., უნივერსალი, 2012, 174 გვ; ჯავახიშვილი, ა. (თანაავტორი). (2013) შიგა წყლები. წგ. საქართვ. გეოგრაფია, თბ., უნ-ტის გამ-ბა, გვ. 110-124.

 ლიტ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. . მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.  განათლება, (2003)