ჯაყელი ქრისტეფორე გერასიმეს ძე (25. XII. 1917, შრომა, ამჟ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 21. XI. 1991, თბილისი), გეოგრაფი და პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1950), პროფ. (1986), თსუ-ის ფიზ. გეოგრაფიის კათედრის გამგე (1974-1987), უმაღლ. სკოლის დამსახურებული მუშაკი (1984). დაამთავრა ბათუმის რკინიგზის სატრანსპ.-სამშ. სასწავლებელი (1934), ქუთაისის პედ. ინ-ტის გეოგრ. ფაკ-ტი (1940). ჩაირიცხა თსუ-ის ასპირანტურაში ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1940), რისი შეწყვეტაც მოუწია II მსოფლიო ომის დაწყების გამო. ომიდან დაბრუნების შემდეგ მან გააგრძელა სამეცნ. მოღვაწეობა თსუ-ში.
ჯ. ქრ. მუშაობდა ურეკის ციტრუსების საბჭ. მეურნეობაში ტექნიკოს-მშენებლად (1934-1936), გეოგრ. კათედრაზე პრეპარატორად, შემდეგ ქუთაისის 25-ე საშ. სკოლაში მასწავლებლად. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა აგრეთვე გორის პედაგოგიურ ინ-ტსა (1950-1954) და თსუ-ში (1954-1991), კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს ფიზიკურ-გეოგრაფიაში, ბუნების დაცვაში, საველე გეოგრ. კვლევებში. ჯ. ქრ. იყო ხელმძღ. არაერთი სადიპლომო და სადისერტაციო ნაშრომისა. ჯ. ქრ.-მ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „მდინარეების სუფსისა და ნატანების აუზების ფიზიკურ-გეოგრაფიული (ლანდშაფტური) დახასიათება“ (1949, ხელმძღ. პროფ. ბ. დობრინინი). ავტორია 170-მდე სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის სამეცნ. და სამეცნ.-პოპულ. შინაარსის. მისი კვლევის ძირითადი საგანია ფიზ. გეოგრ. და ლანდშაფტმცოდნეობის აქტუაური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ლანდშაფტების კომპლექსური თავისებურებების კვლევაზე, მათი რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და გარემოს დაცვის პრობლემებზე. გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი (ძირითადად მთიანი რეგიონების) ფიზ.-გეოგრ. კარტოგრაფირებისა და დარაიონების საქმეში. მისი თანაავტორობით შედგენილია საქართვ. ბუნებრივი ზონების და ლანდშაფტური რუკები, ასევე ფიზ.-გეოგრ. დარაიონების რუკები, რომლებსაც გარდა შემეცნებისა პრაქტიკულ-გამოყენებითი მნიშვნელობა აქვთ. ჯ. ქრ.-ს ხელმძღვანელობით კათედრაზე დამუშავდა სახელშეკრულებო თემა „დასავლეთ საქართველოს საბჭოთა მეურნეობებისა და კოლმეურნეობების მსხვილმასშტაბიანი ლანდშაფტური ანალიზი“, რ-იც მოიცავდა აფხაზეთის, აჭარის, გურიისა და სხვა რაიონების ტერიტორიებს. ჯ. ქრ. თანამშრომლობდა მოსკოვის, ბაქოს, ერევნის და სხვა უნ-ტების შესაბამისი კათედრების პროფესორ-მასწავლებლებთან. აქტიურად მონაწილეონდა სამეცნ. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებისა. საქ. სსრ ატლასში (1964) მისი თანაავტორბით გამოქვეყნებულია 2 რუკა: „ლანდშაფტური რუკა“, „ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება“. ჯ. ქრ. საენციკლოპედიო არაერთი სამეცნ.-პოპულ. სტატიის ავტორია.
თხზ.: Габриелян, Г.; Джакели, Х. (1986). Физическая география Завказья. Пособие, Ереван, Изд. ЕГУ; ჯაყელი, ქრ. (თანაავტორი). (1974). გეოგრაფია: სახელმძღვ. მოსამზად. განყ-ბის მსმენელებისა და უმაღლ სასწავლ. შემსვლელთათვის, უნ-ტის გამ-ბა; ჯაყელი, ქრ.; ჯაყელი, ოთ. (1977). ბუნებრივი რესურსების გამოყენება და ბუნების დაცვა, უნ-ტის გამომც.
ლიტ.: ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982