ჯაოშვილი შალვა ვახტანგის ძე
ჯაოშვილი შალვა ვახტანგის ძე

ჯაოშვილი შალვა ვახტანგის ძე (20. XII. 1941, თბილისი-25. II. 2005), გეოგრ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (2000). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით (1965). ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მონაწილეობდა ალპინიადებსა და მაღალმთიან ექსპედიციებში. ასევე დაამთავრა მოსკ. უნ-ტის იუნესკოს უმაღლ. ჰიდროლ. კურსები და მიენიჭა ექსპერტის წოდება სპეციალობით „მდინარეთა შესართავები და კალაპოტური პროცესები“ (1987). მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში (1965-დან), სადაც პროფ. ლ. ვლადიმიროვის ხელმძღვანელობით იკვლევდა კოლხეთის დაბლობისა და სანაპირო ზონის მდინარეებს. ამავე ინ-ტში გაიარა ასპირანტურის კურსი. შემდეგ მუშაობდა ზღვის ნაპირების შემსწავლელ ლაბორატორიაში (1972-დან), სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება „საქნაპირდაცვაში“ ლითოდინამიკის ლაბორ. გამგედ (1981-1991), დირექტორის მოადგილედ სამეცნ. ნაწილში (1992-დან), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მთ. სპეციალისტად (1988-დან) და თსუ-ის ჰიდროლ. და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე (1987-2005 წლებში). ჯ.შ.-ამ დეტალურად გამოიკვლია საქართვ. თითქმის ყველა მდინარესა და სანაპიროზე მიმდინარე ლითოდინამიური პროცესები, გამოყენებული იქნა ახალი მეთოდები (წყალქვეშა დაკვირვებები). ასრულებდა მსხვილმასშტაბიან ექსპერიმენტულ დაკვირვებებს ბიჭვინთის, მდინარეების – ბზიფის, მოქვის, ჩაქვისწყლის, ყოროლისწყლის და სხვათა სანაპიროებზე, რ-ის მიზანი იყო მდინარეთა შესართავებსა და სანაპირო ზოლში ნატანის მოძრაობის შესწავლა. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კოლხეთის მდინარეთა ჩამონადენის ფორმირება და რეჟიმი“ (1972), შემდეგ სადოქტორო დისერატციოა: „მდინარეთა ნატანი და მათი როლი ზღვის სანაპიროს დინამიკაში“ (1989, მოსკ. მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტი). ჯ.შ.-ს გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, რ-იც დაბეჭდილია საქართვ. და საზღვარგარეთ (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, ბულგარეთი, უკრაინა და სხვ.). ნაშრომები ეხება მდინარეების ნატანის და კალაპოტის პროცესებს, ზღვიური შესართავებისა და ნაპირების დინამიკას, ჰიდროლოგიის სხვადსხვა საკითხებს და გარემოს დაცვის პრობლემებს: „კოლხეთის მდინარეთა საზრდოობა“ (საქართვ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, 1971. N 3, ტ.63); „  შავი ზღვის სანაპიროს დაცვა“ (საქართვ. ბუნება, 1980, N 8); „River runoff and Sediment Transport to  the Black Sea” (Water Resources, 1999, V. 26. N3). მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილ. თუ საერთ. სამეცნ. კონფერენციაზე. მისი მონაწილეობით ქ. პომორიეში (ბულგარეთი) მომზადდა მონოგრაფია „საზღვაო ეკოლოგიური რეგიონები, შავი ზღვა“. იყო იუნესკოს ოკეანოგრაფიული კომისიის შავი ზღვის რეგიონალური კომიტეტის პროგრამით გათვალისწინებული პროექტის „ნატანის ნაკადები შავ ზღვაში“ ეროვნ. კოორდინატორი. მონაწილეობდა შავი ზღვის შემსწავლელ რამდენიმე საერთაშ. ექსპედიციაში. აღნიშნული საკითხების განხილვასთან დაკავშირებით მიწვეულ იყო საფრანგეთში, ამერიკაში, თურქეთში, ბულგარეთში, ისრაელში. მიღებული აქვს სსრკ სახ. მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედალი (1987), ღირსების ორდენი (2000).

თხზ.: Джаошвили, Ш. (1988). Речные наносы и пляжеобразование на Черноморском побережии Грузии. Тб.; Джаошвили Ш. (თანაავტორი). (1990). Практическая экология морских регионов, Черное море. Киев;; Tvalchrelidze M., Jaoshvili Sh. (თანაავტორი). (2002). Pollution level and Pollution sources in Georgian sector of the Black Sea. 10th International Symposium on Solubility Penomena. Varna; Джаошвили, Ш. (2003). Реки Черного моря. Тб.