-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი მთარგმნელი ფილოლოგი კავკასიოლოგი
ჯანაშია რუსუდან (17. VIII. 1937, ქ. თბილისი-25. I. 2017), ენათმეცნიერი, მეცნიერი, მთარგმნელი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკ. ენათა განყ-ბა (1960). იყო არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინს-ტის ლაბორანტი (1960-დან), იმავე ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1968-დან), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1982); საყურადღებოა ჯ. რ.-ის ნაშრომები აფხაზურისა და მისი ახლომონათესავე ჩერქეზული და უბიხური ენების სტრუქტურისა და ისტ. საკითხებზე, კერძოდ, გამოკვლევა აფხაზური სახარების ენის შესახებ, გრამატიკული კლასის ექსპონენტების თაობაზე, უბიხური ენის ბრუნების სისტემისა და პრევერბების შესახებ. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ადგილობრივ, კავკ. რეგიონისა და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში, სამეცნ. მოღვაწეობასთან ერთად პედ. საქმიანობასაც ეწეოდა თსუ-ში, სადაც მიჰყავდა აფხ. და უბიხური ენების კურსები (1995-2006), ქართულად თარგმნა უცხოელი სპეციალისტების ნაშრომები იბერიულ-კავკასიურ ენათა შესახებ, მათ შორის, ფრანგი მეცნიერის, აკად. ჟორჟ დიუმეზილის ნაშრომის: „შესავალი ჩრდილო-კავკასიურ ენათა შედარებით გრამატიკაში“ (2015). მან გამოსცა აკად. ს. ჯანაშიას შრომების III და IV ტ-ები. ჯ. რ.-ის მონაწილეობითაა მომზადებული და რუსულად გამოცემული ს. ჯანაშიას შრომების კრებული (2007), რ-იც ჩერქეზეთს ეძღვნება. მას ეკუთვნის არაერთი სამეცნ. ნაშრომი: 45 სტატია და 40 პუბლიკაცია ს. ჯანაშიას პირადი არქივიდან, სამეცნ. ინტერესების სფერო იყო კავკასიოლოგია, აფხ. და უბიხური ენები. იგი იყო ფილოლ. მეცნ. დოქტორი, კავკასიოლოგი. სადისერტაციო თემა იყო: „რიცხვითი სახელები აფხაზურ-ადიღურ ენებში“ (1977).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჯანაშია, რ. (2001). უბიხური ფოლკლორი = Убыхский фольклор. კავკასიური სახლი. ISBN: 9992871164; ჯანაშია, რ. (2006). აბაზური ენა = Абазинский язык: მოკლე მიმოხილვა. (რედაქტორი). უნივერსალი; ჯანაშია, რ. (2015). უბიხური ენა: მონოგრაფია. ISBN: 9789941461040.