-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჯამბაზიშვილი გოჩა ალექსანდრეს ძე (23.II.1962, სოფ. სატივე, ხაშურის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა აკად. ილ. ვეკუას სახ. ფიზ.-მათ. 42-ე საჯარო სკოლა (1979); 97-ე პროფ. ტექ. სასწ. ზეინკალ ელმემონტაჟის სპეციალობით (1980); თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი რადიოფიზიკა რადიომზომელობის სპეციალობით (1985). მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომელის პოზიციაზე (1985-1995). ჯ. გ. მონაწილეობდა საერთაშ. თანამშრომლობების UNK, POLEX (IHEP, პროტვინო, რუსეთი) სამეცნ. კვლევებში; პოლარიზებული კონებისა და სამიზნეების გამოყენებით მიმდინარე ექსპერიმენტებში სპინურ ეფექტებს სწავლობდნენ ისეთ პროცესებში, როგორიცაა: c-მეზონების, პირდაპირი ფოტონებისა და მასიური ლეპტონური წყვილების წარმოქმნა; ე. წ. „კუმულატიურ რეგიონში“ სამიზნე ბირთვებიდან წარმოქმნილი პროტონების სპინ-დამოკიდებული თვისებების გამოკვლევა, დეიტრონის ახლო-ქმედების კორელაციებისა და კვარკ-გლუონური სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიღება. ჯ. გ.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რელატივისტური ბირთვული ფიზიკა, ნუკლონების სპინზე დამოკიდებული სტრუქტურული ფუნქციების განსაზღვრა, პროტონის სპინზე კვარკებისა და გლუონების „წილის“ (გავლენის) დადგენა. ჯ. გ. არის რამოდენიმე სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია საბჭ. და საერთაშ. რეიტინგულ ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „On polex Experiment at UNK“ (Serpukhov, IHEP, IFVE-89-56); „Experimental study of gluon and sea quark polarizations (The first stage of the POLEX program at UNK)“ (IHBP Preprint 92-111); „Spin asymmetry of cumulative protons in pi- d (polarized) ---> p (90-degrees) X and K- d (polarized) ---> p (90-degrees) x reactions at 40-GeV/c on polarized deuteron target“ (Phys.Atom.Nucl. 56, 333-336, 1993). არის რამოდენიმე სამეცნ. პროექტისა და ღონისძიების მონაწილე. დღემდე ჯ. გ. მუშაობს ელექტროენერგიის უმსხვილეს საწარმოში სს „თელასი“ (1995-დან). მისი საქმიანობა მოიცავს საოპერაციო ინფრასტრუქტურისა და ტექ. პროცესების მართვას.