-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჯალაღანია თეიმურაზ (18.I.1943, თბილისი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი სპეციალობით თეორ. ფიზიკა (1966). იმავე წელს გახდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის თეორ. ფიზიკის ასპირანტი (ხელმძღვ. პროფ. ი. ვაშაკიძე). მუშაობდა თეორ. ბირთვული ფიზიკის დარგში. დაამთავრა ასპირანტურა (1969). იყო თსუ-ის ბირთვული ფიზიკის კათედრის ლაბორანტი (1970-1971) და თეორ. ფიზიკის კათედრის ასისტენტი (1972-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ’’ბრაკნერ-ხარტრი-ფოკის მეთოდით მსუბუქი და საშუალო ბირთვების სტრუქტურის შესწავლა კლასტერული მოდელის ჩარჩოებში’’ (1972). იმავე წელს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი სპეციალობით ატომბირთვისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა. ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს ფიზიკის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის კლასიკურ ელექტროდინამიკაში, კვანტურ მექანიკაში, თერმოდინამიკასა და სტატისტიკურ ფიზიკაში (1971-1975). კითხულობდა თეორ. ფიზიკის კურსის ლექციებს ფიზიკის ფაკ-ტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისათვის კვანტურ მექანიკაში, თერმოდინამიკა და სტატისტიკურ ფიზიკაში (1975-2005). კითხულობდა ლექციებს ბირთვული ფიზიკის კათედრის სტუდენტებისათვის თეორიულ ბირთვულ ფიზიკაში. თეორ. ფიზიკის კათედრის სტუდენტებისათვის სიმეტრიების (ჯგუფთა) თეორიაში, რელატივისტიკურ კვანტურ მექანიკაში (1995-1999) და მაღალი ენერგიების ფიზიკის კათედრის სტუდენტებისათვის კითხულობდა ლექციებს თეორიულ ბირთვულ ფიზიკაში (2005-2006). არის 39 სამეცნ. ნაშრომის ავტორი, გამოქვეყნებულ შრომებში განხილული იყო ხარტრი-ფოკ-ბრაკნერის მეთოდის განზოგადება კლასტერული მოდელის ჩარჩოებში მსუბუქი ბირთვებისათვის (1968-1972). მომდევნო შრომები მიძღვნილი იყო ნუკლონ-ბირთვული და მეზონ- ბირთვული პირდაპირი რეაქციების შესწავლისადმი, რომლის ჩარჩოებში მისი ხელმძღვანელობით თეორ. ფიზიკის კათედრის ეგვიპტელმა ასპირანტმა ქამალ მელექ ხანამ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. აღნიშნული პიროვნება სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ეგვიპტის ატომური ენერგიის კომიტეტის თავ-რე. მისი სამეცნ. მოღვაწეობა ძირითადად მიმდინარეობდა თსუ-ის მაღალი ენერგიების ინ-ტში პროფ. ი. თევზაძესთან თანამშრომლობის ჩარჩოებში (1998-დან). ნაშრომებში განიხილებოდა მაღალ ენერგიებზე პროტონ ბირთვული, პი-მეზონ ბირთვული და ზემაღალ ენერგიებზე e+ e- დაჯახებები. ამ ურთიერთქმედებებში დაბადებული მეორადი ადრონების მრავლობითობების განაწილებების ანალიზისათვის პირველად წარმატებით იქნა გამოყენებული მოდიფიცირებული უარყოფითი ბინომილური განაწილება.