ჯაფარიძე ოთარ  მიხეილის ძე
ჯაფარიძე ოთარ მიხეილის ძე

ჯაფარიძე ოთარ მიხეილის ძე (16. IX. 1921, თბილისი, - 10. VII. 2020, თბილისი), არქეოლოგი, ისტორიის მეცნ. დოქტორი (1962), თსუ-ის პროფესორი (1964), საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979),  საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი მეცნ. და ტექნიკის დარგში (1991), საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1993), თბილ. საპატიო მოქალაქე (1997), თსუ რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი (2006). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1943), იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში. მუშაობდა ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად (1944-1950), ამ პერიოდში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1948). ჯ. ო. მუშაობდა თსუ-ის ისტორიის ინ-ტის არქეოლოგიის განყ-ების უფრ. მეცნიერ-თანამშრომელად (1950-1952). არქეოლ. და ეთნოგრაფიის კათედრის მასწავლებლად (1952). სხვადასხვა დროს იყო არქეოლ. და ეთნოგრაფიის კათედრის ასისტენტი, უფრ. მასწავლებელი. დაინიშნა არქეოლ. და ეთნოგრაფიის კათედრის გამგედ (1967). არქეოლ. და ეთნოგრაფიის კათედრების გაყოფის შემდეგ, სათავეში ჩაუდგა არქეოლოგიის კათედრას (1967), რომელსაც 40 წლის განმავლობაში განაგებდა (2007 წლამდე). იგი მუშაობდა მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1968-1982) და, პარალელურად, არქეოლ. კვლევის ცენტრში ნახევარ საშტატო ერთეულზე (1982). ჯ.ო. ასრულებდა თსუ-ის რექტორის მოვალეობას, რომლიდანაც პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა (1991). იგი გახდა თსუ-ის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი (1997 წლიდან). ათეული წლების განმავლობაში იყო ჟურ. „საბჭოთა არქეოლოგია“ რედკოლეგიის წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ჯ. ო.-მა თავისი მეცნ. საქმიანობა კოლხური კულტურის შესწავლით დაიწყო. ჯ.-ის ნაშრომები უმთავრესად საქართვ. და კავკასიის ბრინჯაოს ხანის კულტურის კვლევისადმია მიძღვნილი. ძირითადად იკვლევდა ბრინჯაოს ხანის საქართვ. კულტურის ისტ. და ქართველურ ტომთა ეთნოლოგიის ისტორიის საკითხებს. მნიშვნელოვანია მისი მონოგრაფიები: „ლითონის წარმოების ადრეული საფეხური საქართველოში“ (1955) და „ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე“ (1961). ეს უკანასკნელი მეცნიერებმა საეტაპოდ მიიჩნიეს კავკასიის ბრინჯაოს ხანის შესწავლის საქმეში. ჯ. ო.-ის სახელთანაა დაკავშირებული შუა ბრინჯაოს ხანის, ე.წ. თრიალეთური კულტურის კვლევა. მის მონოგრაფიაში „არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში“ (1960) მოცემულია თრიალეთში ჩატარებული გათხრების ანგარიში (1957-1958). ყორღანები თრიალეთსა და ტაბაწყურში შუა ბრინჯაოს ხანის მეტად საინტერესო მასალას შეიცავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩენილი ხის ეტლი. ჯ.ო.-მ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა საქართველოში ბორბლიანი  ტრანსპორტის შემოსვლისა და განვითარების შესახებ. მიიჩნია, რომ თრიალეთის კულტურა უშუალოდ დაკავშირებულია ადრეული ბრინჯაოს კულტურასთან. წიგნში განხილულია თრიალეთის შუა ბრინჯაოს ხანის სამარხის ინვენტარი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კერამიკულ ნაწარმს, რითაც მოხდა კულტურათა ასაკისა და წარმომავლობის განსაზღვრა. ჯ. ო.-მა მოგვცა თრიალეთის დიდი ყორღანების კულტურის ახალი პერიოდიზაცია, განსხვავებული ბორის კუფტინისეულისაგან - ეს კულტურა ძვ.წ. III ათასწლ. ბოლო და II ათასწლ. მეორე ნახევრით დაათარიღა. ნაშრომით „არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში“ გახდა მეცნიერთაგან პირველი ივანე ჯავახიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი და გამარჯვებული (1969). ჯ.ო.-ის ნაშრომები ეხება ანტიკური და ფეოდალური პერიოდის ძეგლებს. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ქვემო ქართლის არქეოლ. ექსპედიცია და საფუძველი ჩაეყარა ადრესამიწადმოქმედო ძეგლების კვლევას. ექსპედიციამ შეიმუშავა ძეგლების არქეოლ. გათხრების მეთოდი და მკაცრი მეცნიერული მეთოდოლოგიით შეისწავლა ისინი. ეს საკითხები ფართოდაა განხილული კოლექტიურ ნაშრომში „ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები“ (1965-1971). ჯ. ო.-მ ა. ჯავახიშვილთან ერთად სათავე დაუდო  კავკასიაში ადრესამიწადმოქმედო კულტურების შესწავლას. ნაშრომი „უძველესი მიწათმოქმედი მოსახლეობის კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე“ (1971) მეცნიერების მნიშვნელოვანი შენაძენია. ჯ.ო.-მა  დიდი წვლილი შეიტანა ქართვ. ხალხის ეთნოგენეზის კვლევის საქმეში. ნაშრომში, „ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის“ (1976), ყურადღება გამახვილებულია კავკასიაში ადამიანთა საზ-ების ჩასახვა-ჩამოყალიბებისა და მისი განვითარების პროცესზე. ჯ.-მ დაადგინა, რომ კავკ. ერთობის დაშლის პროცესი VI-V ათასწლეულში უნდა დამთავრებულიყო. მან გამოიყენა ლინგვ.  და ანთროპოლ. მონაცემები და დაასკვნა, რომ ქართველურ ტომებს ამ დროისათვის ძირითადად ამიერკავკასიის დასავლეთი და მისი ცენტრ. ტერიტორია ეკავათ. მონოგრაფიაში ხაზგასმულია, რომ კავკასიაში III ათასწლ. ორი დიდი კულტურა ყალიბდება: მტკვარ-არაქსისა და მაიკოპის. ჯ.ო. მიიჩნევს, რომ ეს კულტურა ხურიურარტული და ქართვ. ტომებისა უნდა იყოს. მნიშვნელოვანია ჯ.-ის მონოგრაფია „ქართველი ერის ეთნოგენეზის სათავეებთან“ (2006). მან მნიშვნელოვანი ამაგი დასდო სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგიის შესწავლას. ქიმიკოსებთან ერთად გამოსცა ნაშრომი: „სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგიის ისტორიისათვის საქართველოში“(1958), სადაც მოცემულია საქართველოში უძველესი მეტალურგიის ჩასახვისა და განვითარების პროცესი ენეოლითიდან ადრეული რკინის ხანამდე.

თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა):  ჯაფარიძე, ო. (1961). ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე. თბ. უნ-ტის გამ-ბა; ჯაფარიძე, ო. (1969). არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, ქართველი ტომების ისტორიისათვის ძვ.წ. III ათასწლეულში. თბ. მეცნიერება; ჯაფარიძე, ო. (1976). ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის. თბ. უნ-ტის გამ-ბა; ჯაფარიძე, ო. (1991). საქართველოს არქეოლოგია: ქვისა და ბრინჯაოს ხანა. თბ. უნ-ტის გამ-ბა;  ჯაფარიძე, ო. (1998). ქართველი ტომების ეთნო-კულტურული ისტორიისათვის ძვ. წ. III ათასწლეულში: ადრეყორღანული კულტურა. თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN:5511007048; ჯაფარიძე, ო. (2003). საქართველოს ისტორიის სათავეებთან: პირველყოფილი ეპოქა, თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9994013335; ჯაფარიძე, ო. (2006). ქართველი ერის ეთნოგენეზის სათავეებთან. თბ. არტანუჯი, ISBN:9994055461.

ლიტ: მეტრეველი, რ. (2011). წარსულის დიდი მესაიდუმლე: ოთარ ჯაფარიძე - 90. საქართველოს რესპუბლიკა, 177, გვ. 6-7.