იოსელიანი ეგნატე ანისიმეს ძე
იოსელიანი ეგნატე ანისიმეს ძე

იოსელიანი ეგნატე ონისიმეს ძე (1843, ქუთაისის მაზრა-1926), ქართვ. რევ.-ხალხოსანი.  თბილ. საჯარო რევოლ. ბიბლ. მესაძირკვლე. დაიბადა მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება გორის სას. სასწ. მიიღო; სწავლობდა თბილ. პირველ გიმნაზიაში; პეტერბურგის სამიწათმოქმედო ინ-ტში; საფუძვლიანად დაეუფლა ფილოსოფიასა და სოციოლოგიას. ფლობდა რამდენიმე უცხო ენას. დიდი ავტორიტეტი მოიპოვა სტუდენტთა შორის. პეტერბურგში სხვა ხალხოსნურ წრეებთან ერთად არსებობდა „ქართველური ხალხოსნური წრე“, რ-იც ძირითადად სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული. იგი იყო  „კავკასიელთა რევოლუციური წრის“ ხელმძღვ., სადაც უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. ამ წრიდან გამოსულები შემდგომ  აქტიურად ჩაებნენ მოსკ., ვლადიმირის, კიევის, თბილ., ქუთ. და სხვა გუბერნიების რევოლ. საქმიანობაში. მან სამშობლოში დაბრუნებისთანავე  შემოიკრიბა მოსწ. ახალგაზრდობა. მათგან შეადგინა რაზმები,  აწვდიდა მათ რევოლ. ლიტ. და აძლევდა რჩევა-დარიგებებს.  მის ბინაში ხშირად იმართებოდა კრებები. მან შექმნა საიდუმლო წრე და კავშირი გააბა ამიერკავკ. სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ რევოლ. ახალგაზრდობასთან და დაეხმარა მათ წრეების ჩამოყალიბებაში. როგორც მას უწოდებდნენ, „რევოლუციის პაპას“ ემორჩილებოდა კავკ. ყველა რევოლ. წრე და მის გარეშე არ წყდებოდა არც ერთი საკითხი. იგი დააპატიმრეს (1876),  ჯერ ირკუტსკის, ხოლო შემდეგ ორენბურგის გუბერნიაში და გადაასახლეს ( 1878), საიდანაც რამდენიმე წლის შემდეგ ამნისტიით  გათავისუფლდა. ნიკოლოზ II  თბილ. ჩამოსვლის დროს, მეორედ გადაასახლეს ქ. პეტროვსკში, როგორც მეფის ხელისუფლებისთვის არასაიმედო პიროვნება. გადასახლებიდან დაბრუნების  (80-იან წლებში) შემდეგ პოლიტ. საქმიანობას ჩამოსცილდა. მოღვაწეობდა  თბილ. და იყო კავკ. სას.-სამ. საზ-ების მუდმივი მდივანი (1900); მონაწილეობდა სხვადასხვა კომისიებში; თანამშრომლობდა ჟურნალ „იმედში“ და „ივერიაში“;  იყო სრულიად საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი; ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” სოხუმის განყ-ების წევრი (1903-1911); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტ.: ზ. ბაბუნაშვილი, ზ. (თანაავტორი). (1994). მამულიშვილთა სავანე.  თბ.; საქართვართველოს ეროვნული არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი;  თსუ-ის ფონდი: 471-1-16, გვ. 3ა.