-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ენათმეცნიერი მთარგმნელი რუსთველოლოგი ლექსიკოლოგი
იორდანიშვილი სოლომონ გიორგის ძე (24. X. 1898, ქ. თელავი — 26. IX. 1953, თბილისი. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე), ენათმეცნიერი, მეცნიერი, მთარგმნელი, ლექსიკოლოგი, რუსთველოლოგი. იგი სწავლობდა გორის სას. სასწ. და თბილ. სას. სემინარიაში. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (ენათმეცნ. განხრით) (1926). მუშაობდა საქართვ. სახელმწ. მუზეუმში (1919-დან), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ენისა და ლიტ-რის ინ-ტში (1935-1938). კითხულობდა ლექციებს უნ-ტში რუსთველოლოგიისა და ქართ. მწერლობის შესახებ (1933-დან). იყო ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის მდივანი (1935-1937), განაგებდა საქართვ. სსრ განსახკომის სამუზეუმი სექტორს. მისი გამოკვლევისა და პროექტის მიხედვით, დადგინდა ქართ. კომპოზიტების დაწერილობა, რ-იც სავალდებულო ნორმად მიიღეს სალიტ. ენაში (1936). ი. ს. მიიწვიეს საქართვ. მეცნ. აკადემიის ლექსიკოლოგიის განყ-ბის გამგედ (1946). ამავე წლიდან ის აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ შედგენაში, როგორც მისი ერთ–ერთი რედაქტორი და კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ი. ს.-მა შეასრულა „ვეფხისტყაოსნის“ რუს. პწკარედი (1933 წ., გადამუშავებული სახით გამოქვეყნდა 1966 წ-ლს). ამ პწკარედით არაქართველთა მიერ სარგებლობას აადვილებდა ის გარემოება, რომ მასში პოემის ყოველი სტროფი, ყოველი წინადადება ლათ. ტრანსკრიფციითა და ასევე რუს. თარგმანით იყო მოცემული. პწკარედი საფუძვლად დაედო პოემის მხატვრულ თარგმანებს სხვადასხვა ენაზე: ინგლ-ზე, იაპონურზე, მონღოლურსა და ასევე საბჭ. კავშირის ხალხთა ენებზე. ელისაბედ ორბელიანთან ერთად ფრანგულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ (გამოქვეყნდა 1977 წ-ლს), მისი და ელისაბედ ორბელიანის რედაქციითა და შესწორებებით გამოვიდა „ვეფხისტყაოსნის“ მარჯორი უორდროპისეული ინგლ. თარგმანი (1938). ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად გამოსცა დავით გურამიშვილის „დავითიანი“, რ-საც დაურთო ლექსიკონი (1931). შეადგინა გერმ.-ქართ. ლექსიკონი, რ-იც არ გამოცემულა. ელისაბედ ორბელიანთან ერთად გამოსცა „ფრანგული ენის სახელმძღვანელო სტუდენტთათვის“ (1925). გამოსცა აგრეთვე სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ (1940) და სხვ. ნაყოფიერად იღვწოდა ლექსიკოლოგიის დარგში. მონაწილეობდა ქართ. სამეცნ. ტერმინოლოგიის შემუშავებაში. გამოსცა „რუსულ-ქართული ლექსიკონის“ ორტომეული (გიორგი ახვლედიანთან ერთად) (1930-1935), სულხან-საბა ორბელიანის „ქართული ლექსიკონის“ ერთ-ერთი ხელნაწერი (1949). თარგმნიდა რუს. და ევრ. ენებიდან, აგრეთვე ქართულიდან რუს. ენაზე („ვისრამიანის“ რუსული თარგმანი — 1949). მიენიჭა ფილოლ. მეცნ. კანდ.ის სამეცნ. ხარისხი ნაშრომისათვის „ვეფხისტყაოსნის ბალმონტისმიერი რუსული თარგმანი“ (ცალკე წიგნად გამოვიდა 1964 წ-ლს) (1945). იგი იყო ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტორიკოსი.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): იორდანიშვილი, ს. (1933). რუსულ-ქართულ ლექსიკონის შესახებ: პასუხად დოც. დ. კარბელაშვილს. პ/ტრ. 1-ლი სტ.; იორდანიშვილი, ს. (თანაავტორი). (1935). რუსულ-ქართული ლექსიკონი, ტ. 2: И - Н. -ტექნიკა და შრომა.