-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ინწკირველი ამბროსი ნესტორი ძე (28. XI.1887. სოფ. მშვიდობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი-23. I.1969), ეკონომისტი, პედაგოგი. ოზურგეთის სას. სასწ. და თბილ. სას. სემინარიის დამთავრების შემდეგ, გაემგზავრება კიევში და კომერციის ინ-ტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ოზურგეთში (1915); მუშაობდა მასწავლებლად ბათუმსა და ფოთის ქალთა გიმნაზიაში; თბილისში გადმოსვლის შემდეგ დაინიშნა ქალაქის გამგეობის მდივნად (1919); აირჩიეს საქართვ. კომერციული ბანკის გამგეობის წევრად (1920); მალევე მიიწვიეს სამასწავლებლო ინ-ტში ლექციების წასაკითხად; დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საბალანსო სისტემები ბუღალტერიაში“; პარალელურად მუშაობდა ბათუმში კომერციულ ბანკში; მიიწვიეს თსუ-ში ბუღალტრული აღრიცხვის დისციპლინებში ლექციების წასაკითხად (1923); იყო ეკონომიკის მეცნ. კანდ. (1938); შემდეგ პროფესორი (1963). ი. ა. მისივე ინიციატივით დაარსებული ბუღალტრული აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის კათედრის პირველ გამგეა (1945), იგი არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, რ-იც ეხება ბუხჰალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს; აღსანიშნავია მისი სახელმძღვანელო საკოლმეურნეო ბუღალტერიაში, რ-იც პირველი იყო არა მარტო ქართ., არამედ რუსულ ენაზეც; ქართულ ენაზე შეადგინა პირველი ორიგინალური სახელმძღვანელოები: "საბანკო ანგარიშწარმოება" (1927), "კოლმეურნეობათა ანგარიშსწორება" (1930), "სამრეწველო ანგარიშსწორება" (1934) და სხვა; მიენიჭა საქართვ. მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება .
თხზ.: (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): ინწკირველი, ა. (1924). ბუღალტერიის ზოგადი კურსი: ორ ნაწილად : თეორია და პრაქტიკა. ტფ..; ინწკირველი, ა. (1924). ბუღალტრული აღრიცხვის თეორია. ტფ.; ინწკირველი, ა. (1930). ანგარიშების ნომენკლატურა სხვადასხვა საწარმოებში. ტფ., ტფ. სამეურ.-ეკონ. ტეხნ. მოწაფ. კოოპერატივი; ინწკირველი, ა. (1930). ანგარიშმცოდნეობის საფუძვლები. ტფ., სახელგამი; ინწკირველი, ა. (1931). ანგარიშწარმოების სახელმძღვანელო კოლმეურნეობის ახალგაზრდობის სკოლებისათვის. ტფ., სახელგამი; ინწკირველი, ა. (1934). ბუხჰალტრული აღრიცხვის საფუძვლები: ნაწ. 1. ტფ.
ლიტ.: ინწკირველი ამბროსი ნესტორი ძე. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 4. თბ., 2018, გვ. 305.