-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
იაშვილი ია თამაზის ასული (17.I.1968, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი წითელ დიპლომზე შოთა რუსთაველის სახ. სტიპენდიით (1990). მუშაობდა ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში მაღალი ენერგიების განყ-ში, ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ კი მეცნიერ თანამშრომლად (1990-1997). არის CMS საერთაშ. კოლაბორაციის წევრი (Large Hadron Collider, CERN, ჟენევა, შვეიცარია, 1992-დან). მუშაობდა დისერტაციაზე ცოიტენში (DESY, გერმანია) და ჰუმბოლდტის უნ-ტში (ბერლინი, 1997-2000). ჰუმბოლდტის უნ-ტში დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,მე-3-ე თაობის სუპერსიმეტრიული ნაწილაკების ძიება L3 (LEP, CERN) ექსპერიმენტზე“ (2000). მუშაობდა D0 ექსპერიმენტზე როგორც პოსტ-დოქტორალური მკვლევარი (Tevatron, Fermilab, აშშ, 2000-2005). არის ბუფალოს უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტის თანამშრომელი (State University of New York, University at Buffalo, 2005-დან), თავიდან როგორც ასისტანტ-პროფესორი, შემდეგ კი ასოცირებული პროფესორი (2011) და პროფესორი (2017). მისი ჯგუფი ბუფალოს უნ-ტში მუშაობს CMS ექსპერიმენტში, სადაც მისი ექპერტიზის სფერო მოიცავს ახალი ნაწილაკების ძიებას და ადრონული ჭავლების კალიბრაციას. მას გამოქვეყნებული აქვს ასობით ნაშრომი. როგორც CMS კოლაბორაციის წევრს, მიენიჭა ევროპელ ფიზიკოსთა საზ–ების პრიზი მაღალ ენერგიებსა და ნაწილაკების ფიზიკაში – „ჰიგსის ბოზონის აღმოჩენისათვის“ (2013). როგორც CMS კოლაბორაციის წევრს, მიენიჭა წლის Breakthrough Prize ფუნდამენტურ ფიზიკაში (ჯილდო „გარღვევა“, 2025). ბუფალოს უნ-ტმა მიანიჭა გამორჩეული მკვლევარის წოდება მისი მრავალწლიანი სამეცნ. მოღვაწეობის აღსანიშნავად (Exceptional Scholar Award for Sustained Achievement, 2025).