გვახარია ალექსანდრე
გვახარია ალექსანდრე

გვახარია ალექსანდრე (შურა) აკაკის ძე (30.VII.1929-17.IX.2002, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, ფილოლოგი, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. კანდ. (1958), ფილოლოლოგიის დოქტორი (1970), თსუ-ის პროფესორი, საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1989). აზერბ. კულტურის დამსახურებული მუშაკი (1981), საქართ. ღირსების ორდენის კავალერი (1996), ივ. ჯავახიშვილის მედლის მფლობელი, ევროპის ირანისტთა საერთაშ. ასოციაციის წევრი (1989). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1952). იყო თსუ-ის ირან. ფილოლ. კათედრის ლაბორანტი (1953-1956), მეცნ. აკადემიის ლიტერატურის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1956-1960), აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1960-დან), თსუ-ის ირან. ფილოლ. კათედრის გამგე (1987-2002), „ვეფხისტყაოსნის“ აკად. ტექსტის დამდგენი კომისიის მთ. რედაქციის წევრი (1992-2002), ქართ. ენციკლოპედიის აღმოსავლური ლიტ-რის სექციის თავ-რე, მეცნ. აკად. „მაცნეს“ ენისა და ლიტერატურის სერიის სარედაქციო კოლეგიის სწავლული მდივანი (1971-1989), რედაქტორის მოადგილე (1990-2002), თსუ-ის შრომების აღმოსავლეთმცოდნეობის სერიის მთ. რედაქტ. (1992- 2002). თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: სპარს. ლიტერატურის ისტორია, ქართ.-სპარს. ლიტ. ურთიერთობები, სპარს. ენა და სხვ.  გ. ა.-ს სამეცნ. ინტერესების სფეროები: სპარს. ფილოლოგია; ქართ. ლიტ-რა; რუსთველოლოგია; ქართ.-სპარს. ლიტ., ენობრივი, ფოლკლ. და კულტ. ურთიერთობები; ტექსტოლოგიის საკითხები, ლექსიკოლოგია და სხვ. გ. ა.-ს 300-მდე სამეცნ. ნაშრომიდან (ქართ., ინგლ., ფრანგ., გერმან., რუს., სპარს., ტაჯიკ.) 12 მონოგრაფიაა. მისი მხატვრული თარგმანები ხელახლა გამოიცა ჟურნ. „არმაღანში“ (N1, 2019). „იოსებზილიხანიანის“ ქართული ვერსიის სპარსული წყაროებში“ (1958) შესწავლილია ანონიმური ქართ. ვერსია. უარყო დამკვიდრებული აზრი ქართ. ვერსიის წყაროდ ჯამის პოემის მიჩნევის თაობაზე. გამოთქვა მოსაზრება, ტექსტში მოხსენიებული ზაალის ქართ. ვერსიის ავტორობის თაობაზე. ამავე თემაზეა: „იოსებზილიხანიანის“ ანონიმური ვერსიის ლექსიკოლოგიური საკითხები (1962), „იოსებზილიხანიანის“ აღმოსავლური ვერსიები“ (1964), თეიმურაზის „იოსებზილიხანიანის“ წყაროს საკითხისათვის (1964), „ვეფხსიტყაოსანი“ და „იოსებზილიხანიანი“ (1966), კიდევ ერთხელ „იოსებზილიხანიანის“ ზაალისეული ვერსიის პროლოგის შესახებ (1977) და სხვ. პროფ. მ. თოდუასთან თანამრომლობით, გამოაქვეყნა „ვისრამიანის“ ტექსტი ვრცელი გამოკვლევითა და ლექსიკონით (საქ. მეცნ. აკად. გამომც., 1962). მათვე დაადგინეს სპარს. ორიგინალის - ფახრ ად-დინ გორგანის „ვის ო რამინის“- კრიტ. ტექსტი და გამოსცეს თეირანში (1970). მათი რედაქტორობით დაიბეჭდა „ვისრამიანის“ ს. იორდანიშვილისეული რუს. თარგმანი („მერანი“, 1989). ამავე თემაზეა: გორგანის „ვის ო რამინის“ სპარს. ტექსტის საკითხები („მაცნე“, ენისა და ლიტ-რის სერია, N1-4, 1999), „ვისრამიანის“ ქართ. ტექსტის საკითხები („მაცნე“, N1-4, 2000), „ვისრამიანი“ - ქართული მთარგმნელობითი ოსტატობის მწვერვალი („არილი“, N15, 2000). გ. ა.-მ სოფიო მართან ერთად რუსულ ენაზე გამოსცა (1966) საარქივო მასალები: Ю. Н. Марр, К. И. Чайкин, Хакани-Незами-Руставели, II;  Ю. Н. Марр, К. И. Чайкин, Письма о персидской литературе (1976). წიგნში სპარს. ხალხ. დასთანების ქართ. ვერსიები. ბახთიარ-ნამე (1968) მიმოხილულია სპარს. პროზაული და პოეტური ვერსიების შესახებ ცნობები, ქართ. ვერსიები შედარებულია სპარს. წყაროებთან, წარმოდგენილია „ბახთიარ-ნამეს“ ქართ. ვერსიები, ლექსიკონი და საძიებელი. ნაშრომში სპარს. ხალხ. პროზის ისტორიიდან (დასთანები) (1973) მონოგრაფიულად შესწავლილია სპარს. ხალხ. პროზის ჟანრი-დასთანები, მოცემულია მათი ჟანრობრივი დახასიათება, პერიოდიზაცია, წარმოჩენილია დასთანების საერთაშ. მნიშვნელობა, გამოკლვლეულია მათი ქართ. ვერსიები (ზოგი ხელნაწერი პირველად გამოვლინდა). მონოგრაფიაში „ბალავარიანის“ სპარს. ვერსიები (1985) განხილულია უცნობი მე-12 ს.-ის ხელნაწერი და ამ სიუჟეტის ნაკლებად შესწავლილი სპარს. ვერსიები. გ. ა. ავტორია „ვეფხისტყაოსნის“ არაერთი ტექსტოლოგიური, ლექსიკოლოგიური, ეტიმოლოგიური თუ ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევისა: „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკიდან (ნაღები)“ („ქართული წყაროთმცოდნეობა“, 1993, VIII), „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ადგილის გაგებისათვის („ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“, II,  1999), „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ტაეპის აღმოსავლური კომენტარი“ (თსუ შრომები, აღმ. მცოდნეობა, N341, 2002) და სხვ. საარქივო მასალების მიხედვით დაიბეჭდა: „ვეფხისტყაოსნის“ აღმოსავლური ლექსიკიდან“ („ქართველოლოგია“, N5, 2008). გ. ა.-ს ქართ.-სპარს. ლიტ. ურთიერთობის კვლევებმა თავი მოიყარა მის ორტომეულში „ნარკვევები ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან“ (ტ.1. 1995; ტ. 2, 2001). აქვე შეტანილია სტატიები ამ ურთიერთობის შესწავლის ისტორიის და სხვ. შესახებ.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გვახარია, ა. (1963). ფირდოუსი. თბ., ნაკადული; გვახარია, ა. (1972). ტაჯიკური ზღაპრები. თბ., ნაკადული; გვახარია ა. (თანაავტორი). (1978).  საქართველო-ირანის კულტურული ურთიერთობები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გვახარია, ა.  (2019). ქართული ლიტერატურის მოკლე ისტორია: აკადემიური წიგნი,  (სპარს. ენაზე), ISBN 9789941961533.

ლიტ.: გორელიშვილი, თ. (1960). ალ. გვახარია. „იოსებზილიხანიანის“ ქართული ვერსიების სპარსული წყაროები: ტ.1, თსუ-ის შრომები, N91, გვ. 467-473; ბარამიძე ალ. (1997). ალექსნადრე გვახარია: სპარსული ხალხური დასთანების ქართული ვერსიები: (რეცენზია), ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ., მეცნიერება, გვ. 338-344; კვაჭაძე, მ. (2015). ალექსანდრე გვახარია, აღმოსავლეთმცოდნეობა, N4, 2015, გვ. 67- 75.