-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი
გუდავა ტოგო ესტატეს ძე (23. IX. 1922, ქ. სენაკი — 23. XI. 1976), ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1945). გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1966). ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტსა და თსუ-ში. წლების განმავლობაში თანმშრომლობდა ქართ. ენციკლოპედიის რედაქციაში. მისი გამოკვლევათა უმრავლესობა ეძღვნება დაღ. ენათა როგორც აღწერით, ისე შედარებით-ისტორიულ შესწავლას. მასვე ეკუთვნის დაღ. რიგი უმწერლობო ენის პირველი მეცნ. აღწერა (ბაგვალური, ბოთლიხური, ღოდობერიული, ტინდიური). მისი ინტერესების სფეროში შემოდიოდა ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ურთიერთობის საკითხებიც. უკანასკნელ წლებში იგი ნაყოფიერად მუშაობდა ქართველური ენების ისტორიული ფონეტ. და მორფოლ. პრობლემებზე, რომლებსაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაშრომები მიუძღვნა. ავტორია 60-მდე ნაბეჭდი სამეცნ. შრომისა, მათ შორის: ოთხი მონოგრაფიისა – „ხუნძურ და ანდიურ ენათა ზმნური ფუძეების შედარებითი ანალიზი“ (1959), „ბოთლხური ენა“ (1963), „ანდიურ ენათა კონსონანტიზმი“ (1964), „ბაგვალური ენა“ (1971). მას გადასცეს დაღ. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი, დაღ.-საქართვ. სამეცნ. და კულტ. კონტაქტების განმტკიცების საქმისათვის.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გუდავა, ტ. (1947). ერთი აფხაზური თანდებული ზანურში. სმამ, ტ. 8, N3; გუდავა, ტ. (1957). ვ*უ ბგერათშეფარდებისათვის ქართულსა და მეგრულში. ენამეცნ. ინს-ტის XIV სამეცნ. სესია, თეზისები; გუდავა, ტ. (1962). ბრუნების ორი ტიპის ისტორიული ურთიერთმიმართებისათვის ხუნძურ-ანდიურ ენებში. იკე, XIII; გუდავა, ტ. (1968). აორისტის დაბოლოების ზოგიერთი საკითხი მეგრულში. ენამეცნ. ინს-ტის XXIV სამეცნ. სესია, თეზისები.