გრუზინსკი (ბაგრატიონი) პეტრე პეტრეს ძე
გრუზინსკი (ბაგრატიონი) პეტრე პეტრეს ძე

გრუზინსკი (ბაგრატიონი) პეტრე პეტრეს ძე (28.III.1920, თბილისი – 13.VIII.1984, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1941). დაიწყო ლიტ. მოღვაწეობა (1933-დან); თავდაპირველად წერდა ფსევდონიმით „თამარაშვილი“. დააპატიმრეს ანტისაბჭოთა ლექსებისათვის (1945). ავტორია არაერთი მუს. კომედიის ლიბრეტოსი, მათ შორის: "შურისმაძიებელი"; "საყვარელი დისშვილი" და სხვ.; საოპერო ლიბრეტოებისა. დრამ. ნაწარმოებისა: "სასჯელის შიშით"; "შემთხვევა ზღვაში"; "ბრალდებული". მის ლექსებზეა დაწერილი გ. ცაბაძის: "ჰიმნი სიყვარულს"; "მიმღერე რამე"; "სადაც გინდა, იქ ილოცე"; ბ. კვერნაძის "გაზაფხულდა"; ო. თევდორაძის "ობელისკები". აღსანიშნავია რ. ლაღიძის "სიმღერა თბილისზე", რ-იც თბილ. 1500 წლისთავისთვის დაიწერა. ასევე მის ლექსებზე დაიწერა სიმღერები ცნობილი მხატვრული ფილმებისთვის: "კეთილი ადამიანები"; "ბაში-აჩუკი"; "დღე პირველი, დღე უკანასკნელი"; "აბეზარა"; "მხიარული რომანი"; "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"; "განგაში"; "მიმინო" და სხვ.; მის სცენარებზე შეიქმნა ფილმები: "შეხვედრა მთაში"; "საქართველოს რიტმები" და "საჩუქარი". მუშაობდა კ/ს "ქართულ ფილმში" (1955-დან).  ითვლებოდა ბაგრატიონთა სახლის უფროსად, როგორც უკანასკნელი ქართვ. მეფის, გიორგი XII-ის მამრობითი ხაზის შთამომავალი (1939-1984). მინიჭებული ჰქონდა საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწის წოდება (1979)

თხზ.: ბაგრატიონი, პ. (2009). ლექსები, პოემები, მინიატურები, სასიმღერო ლექსები, ნათარგმნი ლექსები. თბ., ეროვნ. მწერლობა,  ISBN 9789994028375.