გრიგოლია გურამ კონსტანტინეს ძე
გრიგოლია გურამ კონსტანტინეს ძე

გრიგოლია გურამ კონსტანტინეს ძე  (13. III. 1932, თბილისი - 25. VI. 2020, თბილისი),   არქეოლოგი, ისტორიის მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1994). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი 1955). მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტში (1956-1977); საქართვ. მეცნ. აკადემიის არქეოლ. კვლევის ცენტრში (1977-1982); გ. გ. იყო თსუ-ის ლექტორი (1984-დან); არქეოლოგიის კათედრის პროფესორი (1992-2006); თსუ-ის ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკ-ტის არქეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი (2007-დან). გ. გ-ის გამოკვლევები ძირითადად ეძღვნება პირველყოფილი საზ-ბის ისტ. და ანტ. ხანის საისტ. გეოგრაფიულ პრობლემებს. სადაზვერვო მუშაობის შედეგად გამოავლინა მრავალი სხვადასხვა ხასიათისა და პერიოდის არქეოლ. ძეგლი. მისი მონაწილეობით გაითხარა - ბრილის სამაროვანი (1952–1953); ხოვლეგორა (1955–1957); წოფის (1957–1958), წონისა და ჯრუჭულის (1958–1963), ქვაჭარისა და სვანთა სავანის (1958–1965) მღვიმეები; ენგურის ხეობის ძეგლები (1963-1971); ხორშის ნეოლითური ნამოსახლარი (1966–1981) და სხვ. გ. გ.  ავტორია მრავალი პუბლიკაციისა და მონოგრაფიის. იგი სამეცნ. კონსულტაციას უწევდა საქართვ.  უნ-ტის  სამშვილდის  არქეოლოგიურ  ექსპედიციას (2015-2017).  მის  მიერ ჩატარებული  კვლევების  შედეგად  სამშვილდის  ნაქალაქარზე  ცალკე  იქნა  გამოყოფილი წოფი-სიონის კულტურულ წრეში შემავალი არქეოლ. მასალის ჯგუფი და, შესაბამისად, სამშვილდის ნაქალაქარზე კიდევ ერთი არქეოლ. კულტურის არსებობა დადასტურდა. გ. გ.-ს პირველი გასვლები საველე სამუშაოებზე განხორციელდა ზემო რაჭაში, არქეოლოგის, გერმანე გობეჯიშვილის ხელმძღვანელობით, ბრილის სამაროვანზე (1952). გ. გ.-მა ალ. კალანდაძესთან ერთად აღმოაჩინა წონას გამოქვაბული ერწოს ტბის თავზე და 4-5 წელი მუშაობდა ამ ძეგლზე. 

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გრიგოლია, გ. (1962). ქვემო ქართლის პალეოლითი: (დამარხული გამოქვაბული წოფი I). თბილ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; გრიგოლია, გ. (1977). ცენტრალური კოლხეთის ნეოლითი პალური. თბილ., მეცნიერება;   გრიგოლია, გ. (1992). ქართული არქეოლოგიისა და საისტორიო გეოგრაფიის ძირითადი პრობლემები. თბილ.; გრიგოლია, გ. (1994). ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები. თბილ., მეცნიერება.

ლიტ.: კვახაძე, ლ. (2018). ინტერვიუ გურამ გრიგოლიასთან. ჟურნ. არქეოლოგია, N2, თბილ., უნ-ტის გამ-ბა.