გოთუა პართენ ალექსანდრეს ძე
გოთუა პართენ ალექსანდრეს ძე

გოთუა პართენ ალექსანდრეს ძე (10.X.1873, სოფ. ძიმითი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპ. – 2.V.1936, თბილისი), მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, ჟურნალისტ-გამომცემელი, თბილ. უნ-ტის  დამფუძნებელი საზ-ბის წევრი, საზ. მოღვაწე. დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი პირველი ხარისხის დიპლომით (1897). სამეცნ. ნაშრომისთვის „1889 წლის საფრანგეთის სათავადაზნაურო დარიგებები" ოქროს მედლით დაჯილდოვდა და გაიგზავნა საზღვარგარეთ მივლინებით. ოთხი თვე იმუშავა საფრანგეთში, ლუვრის საპარლამენტო არქივში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ვლადიკავკაზის საქალაქო სასწავლებელსა და ქალთა გიმნაზიაში ისტ.-ისა და  გეოგრ.-ის პედაგოგად და მეთოდიკის მასწავლებლად (1898). შემდგომში იყო ამავე სკოლის ფაქტობრივი ხელმძღვ. და ქართ. საზ-ბის თავ-რე (1899). მისი იციატივით გაფართოვდა სკოლის შენობა, აშენდა სათეატრო დარბაზი, შეიქმნა ქართვ. მსახიობთა დასი და მომღერალთა გუნდი. თბილისში გადმოსვლის შემდეგ იგი დაინიშნა ბეჭდვითი კომიტეტის ცენზორად (1903), თუმცა, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მალე დაითხოვეს.  მან  დააფუძნა ქართ. ეროვნ. ორიენტაციის რუსულენოვანი გაზ. „ვოზროჟდენიე" (1905), რომლის რედაქციასთანაც თანამშრომლობდნენ იმდროინდელი პროგრ. მოაზროვნე საზ. მოღვაწეები და მწერლები: ნ. ნიკოლაძე; ა. წერეთელი და სხვები. გ. პ. აირჩიეს ქალაქის საბჭოს ხმოსნად როგორც ედპ-ის წევრი (1907); იბრძოდა აჭარაში ქართ. სკოლების ქსელის გაფართოებისთვის; მას დიდი ბრძოლა  მოუხდა თბილ. უმაღლესი პოლიტექ. სასწავლებლის ასაშენებელი ადგილის მოსაპოვებლად. სწორედ ამ საკითხს მიუძღვნა მან ცალკე წიგნი: "К вопросу о выборе в Тбилиси места под техникум" – (1913); იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი“, შემდეგ კი – თავ-რე; თბილ. ქართ. დრამატული საზ-ბის წევრი (1914–1915) და სრულიად საქართვ. თეატრ. ყრილობის მოწყობის ერთ-ერთი მესვეური; თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); ქველმოქმედი, ეხმარებოდა ხელმოკლე ახალგაზრდა მწერლებსა და სტუდენტებს.  გამოუშვა ქართ. გაზ. „სავაჭრო გზა" და „ახალი დროება"; სიჭაბუკის დროიდან მოღვაწეობდა სალიტ. ასპარეზზე და აქვეყნებდა მოთხრობებს, თარგმანებსა და ნარკვევებს ჟურნ.-გაზ.: "ცნობის ფურცელი"; "ჯეჯილი"; "ივერია"; "მწყემსი"; "კვალი"; "მოამბე" და სხვ.  მის კალამს ეკუთვნის დრამები: სიკვდილი; სამზადისი; კენჭისყრა; პარტიის კაცი და სხვ. გ. პ.- მ აქტიური მონაწილეობა მიიღო საქალაქო და ცენტრ. ბანკის დაფუძნებაში, რ-საც თვითონვე ჩაუდგა სათავეში; მან სიღრმისეულად  შეისწავლა საქართვ.  ფინანს. და ეკონ. მდგომარეობა. ამ საკითხს მიუძღვნა  არაერთი ნაშრომი საქართვ. ეკონ. განვითარების საკითხებზე. იგი დაიღუპა საგზაო კატასტროფის დროს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე, მწერალთა ყოფ. პანთეონში.

წყარო: საქართვ. ენციკლოპედია; საქართვ.  ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი;  თსუ-ის ფონდი- 471-1-16, გვ.2.