-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე ირანისტი მთარგმნელი მსახიობი
გორელიშვილი თენგიზ (თემო) ალექსანდრეს ძე (8.VI.1936-19.XI.1965, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1965). გ. თ. იყო თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მსახიობი (1949-1951), N1 მუს. ტექნ. კონტრაბასის კლასის სტუდენტი (1951-1952). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი ირან. ფილოლ. მიმართულებით (1957). მუშაობდა თსუ-ში ირან. ფილოლოგიის კათედრის პრეპარატორად (1958), ლაბორანტად (1960), მასწავლებლად (1961-1965). გ. თ.-ის კვლევის სფერო: სპარს. ლიტერატურის ისტორია, სპარსულ-ქართ. ლიტ. ურთიერთობა. მისი წერილები ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან იბეჭდებოდა გაზეთებში: უხეირო მთარგმნელის „ცნება“ და „შემეცნება“ (1956); „ლეილ-მაჯნუნინიანის“ წყაროს საკითხისათვის (1956) და სხვ. მასვე ეკუთვნის რეცენზიები მნიშვნელოვან ირანისტიკულ გამოცემებზე: „რუდაქის ლირიკა“, „რუდაქი 1100“, „იოსებზილიხანიანის“ ქართ. ვერსიების სპარს. წყაროები“, „სპარს. ზღაპრები“ და სხვ. (1958-1964). გ. თ. იმყოფებოდა მივლინებით ავღანეთში სპარს. ენის თარჯიმნად (1960-1961). ქ. ჰერათში აღმოაჩინა „სინდბად-ნამეს“ ლექსითი ვერსიის იქამდე უცნობი ხელნაწერი, რ-იც გამოიყენა საკანდიდატო დისერტაციისთვის „სიდბანდ-ნამეს“ სპარსული და ქართული ვერსიები“ (1965). ამავე ძეგლს ეძღვნება მისი პუბლიკაციები: „სინდბად-ნამესა“ და „თიმსარიანის“ ურთიერთობებისთვის (მოკლე ცნობები, 1962); „სინდბად-ნამე“ (1964), „ბეჰზადის ბიოგრაფიისთვის“ (1965). მისი თარგმანები დაიბეჭდა კრებულებში: „არმაღანი“ (1965), „სპარსული მოთხრობები“ (1962).
თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): გორელიშვილი, თ. (1965) თიმსარიანის წყაროს საკითხისათვის. თბ., საბჭ. საქართველო; გორელიშვილი, თ. (მთარგმნელი, თანაავტორი). (1973). ქაზემი, მორთაზ მოშფეყ. საზარელი თეირანი: რომანი. თბ., საბჭ. საქართველო.