გორდელაძე შალვა გიორგის ძე
გორდელაძე შალვა გიორგის ძე

გორდელაძე შალვა გიორგის ძე (20.X.1905, სოფ. ხვარბეთი, ოზურგეთის მუნიციპ. - 12.I.1973, კიევი), დაამთავრა თსუ–ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1931), იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილ. გამოყენებითი ქიმიის ინ-ტში. გატაცებული იყო ასტრონომიით და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავების მიზნით, ჩააბარა გამოცდები ლენინგრადის უნ-ტის ასპირანტურაში ასტრონომიის სპეციალობაზე (1934). თავის ხელმძღვანელთან, ცნობილ ასტროფიზიკოს აკად. ვ. ა. ამბარცუმიანთან ერთად მან ჩაატარა სამუშაოები ბნელი და დიფუზური ნისლეულების მნიშვნელოვან პრობლემებზე გალაქტიკაში. ამ კვლევების შედეგები და მათი მეთოდოლოგია ფართოდ იქნა აღიარებული მსოფლიო ასტრონომების მიერ და მოხვდა ვარსკვლავური ასტრონომიის სახელმძღვანელოებში. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში გ.შ. აქტიურ მონაწილეობას იღებდა აბასთუმნის ახალი ობსერვატორიის მშენებლობასა და დაარსებაში. იყო აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე, უფრ. მეცნ.-თანამშრომელი (1936-1940). ამავდროულად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. მას  თსუ-ში დოცენტის თანამდებობა ეკავა და ასწავლიდა ზოგად და თეორიულ ასტროფიზიკას (1939-1940). მეცნიერი მიიწვიეს კიევის სახელმწ. უნ-ტის ასტრონომიულ ობსერვატორიაში სამუშაოდ, სამეცნ. ნაწილში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე (1940). პარალელურად, კითხულობდა ლექციებს  თეორიულ ასტროფიზიკასა და სპექტროსკოპიაში უნ-ტის უფროსკურსელთათვის.  პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კიევის უნ-ტსა და პოლიტექ. ინ-ტში (1944-1973). იკვლევდა ახალი ვარსკვლავების ატმოსფეროში იონიზაციას, ტემპერატურის ცვლილებებს ანთებამდე და ანთების შემდეგ, აგრეთვე ანთების პროცესში სხვადასხვა სახით გამოყოფილ ენერგიას. პირველმა განსაზღვრა ახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად ამოფრქვეული ნივთიერების მასა. დაიცვა დისერტაცია ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორის ხარისხზე - „ვარსკვლავებისა და დიფუზური მატერიის ზოგიერთი მახასიათებლის შესწავლა“ (1962). იყო კიევის პოლიტექ. ინ-ტის  მათ. ფიზიკის კათედრის პროფესორი (1965-დან) და ამ კათედრის გამგე (1967-დან). უკრაინის მეცნ. აკადემიის მთ. ასტრონომიულ ობსერვატორიაში მისი უშუალო ხელმძღვანელობით გამოიცა 28000 მკრთალი ვარსკვლავის ფოტომეტრიული მონაცემების კატალოგი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.