-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
გოგია ზაზა გურამის ძე (28.X.1954, ქ. თბილისი-27.V.2014, ქ. თბილისი), ფილოლოგი, ესეისტი, კრიტიკოსი. ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი(1985), ფილოლოგიის დოქტორი (2007). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1977) და საქართვ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ასპირანტურა (1981). იყო თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1978-2014). გ.ზ.-ს კვლევის სფერო მოიცავდა როგორც ლიტერატურის თეორიის, ისე ლიტერატურის ისტორიის საკითხებს. მან მონოგრაფიულად შეისწავლა ლირ. პროზის ნიშნები და ხასიათი, რაც აისახა ნაშრომში „XX საუკუნის 60-იანი წლების ქართული ლირიკული პროზა“ (1985); ასევე იკვლევდა დრამის პოეტიკასა და მხატვრული ტექსტის ადგილს კულტურის ერთიან სისტემაში, რომელთა შედეგებიც ჩამოყალიბებულია ნაშრომებში: „ირონიიდან ეპიკური დრამის პოეტიკამდე“ (2000); „მხატვრული ტექსტი – კულტურის სისტემის ანტითეზა“ (2009). გ.ზ.-ს ნაშრომებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნ. ცნობიერების იდეის კვლევა საბჭ. პერიოდის ქართ. ლიტერატურაში, ტოტალიტარული ნარატივისა და ეროვნ. თავისუფლების თემის ურთიერთმიმართებისა და ოპოზიციური ტექსტის სოციოდინამიკის საკითხები ტოტალიტარულ სივრცეში. მას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი XX ს.-ის 80-იანელთა თაობის წარმოჩენაში, რამდენადაც იყო მათი ლიტ. მემკვიდრეობის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი. აღნიშნული კვლევის შედეგები დაბეჭდილია მის მონოგრაფიაში „საუკუნეთა გზაგასაყარზე“ (2006).
თხზ.: გოგია, ზ. (2014). რაზეც მიფიქრია: ლიტერატურული ჩანაწერები, შტრიხები პორტრეტისათვის. თბ., მწიგნობარი, ISBN 978-9941-450-85-3.