გობეჯიშვილი გერმანე თედორეს ძე
გობეჯიშვილი გერმანე თედორეს ძე

გობეჯიშვილი გერმანე თედორეს ძე (17. I. 1911, სოფ. ღები, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი, – 10. X. 1973, თბილისი). არქეოლოგი, ისტორიის მეცნ. კანდ. (1943).  დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. უმაღლ. სასწ. დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ენის, ისტ. და მატერიალ. კულტურის ინ-ტის (ენიმკი) ასპირანტურაში არქეოლოგიის განხრით პროფ. გ. ნიორაძის ხელმძღვანელობით.  გ. გ ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ.  ინ-ტის არქეოლოგიის განყ-ების თანამშრომელი, შემდეგში ამ განყ-ების ხელმძღვანელის აკად. ს. ჯანაშიას მოადგილე იყო. როდესაც მუშაობა განაახლა მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აკად. ს. ჯანაშიას ხელმძღვანელობით (1943), გ. გ. ხელმძღვ. მოადგილედ დაინიშნა და, ფაქტობრივად, არქეოლოგიურ სამუშაოებს არმაზის ხევში იგი წარმართავდა. გ. გ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტში (1945 წლიდან). იყო ბრინჯაოს ხანის არქეოლ. განყ-ების გამგე (1960-1973). მისი ხელმძღვ. გათხრილი და შესწავლილია ზემო აჭარის არქეოლ. ძეგლები (1936-1965). ამ გათხრებთან არის დაკავშირებული ქართ.-კავკ. მეტალ. წარმოების საწყისი საფეხურისა და ნატიფი ხელოვნების ძეგლების აღმოჩენა-კვლევა. გ. გ.-ს ხელმძღვ. მუშაობას იწყებს ცხინვალის ნაცარგორის არქეოლ. ექსპედიცია (1945).  მან გაარკვია, რომ ცხინვალის ნაცარგორა ძლიერი რელიგ. ცენტრი უნდა ყოფილიყო. მან სოფ. ღების მიდამოებში დაიწყო არქეოლ. სამუშაოები (1936). აქ, ადგილ ბრილში, საკმაო  მოზრდილ სამაროვანს მიაკვლია, სადაც დაახლოებით 2500 წლის განმავლობაში, ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, იკრძალებოდნენ მიცვალებულები. რაჭის ექსპედიციის მუშაობის უმთავრესი შედეგები ის იყო, რომ მდ. რიონის სათავეებთან პირველად კავკასიის სინამდვილეში სამთო-მეტალ. კერები აღმოჩნდა. გამოვლენილია სპილენძის და ანთიმონის ძველი მაღაროები, ძვ. წ.  ათასწლეულის შუა ხანების წარმოების ნაშთები, წიდა, ქვის უროები, ხის გობები, მაღაროს გასამაგრებელი ხის ძელები, თიხის ჭურჭელი და სხვ. გ. გ.-მ  სათავე დაუდო ჩვენში ძველი მეტალურგიის შესწავლას. მან არა ერთ ნაშრომი მიუძღვნა ამ პრობლემას, სადაც საგანგებოდაა აღნიშნული კავკასიის როლი უძველესი მეტალურგიის განვითარების საქმეში ძველ სამყაროში. საგანგებოდ აღსანიშნავია 50-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნებული მისი ნაშრომი ,,არქეოლოგიური გათხრები საქართველოში“. ნაშრომი ეძღვნება ყველა არქეოლოგიურ სამუშაოებს, რ-იც იმ დროისათვის ჩატარებული იყო საქართველოში ძველი ქვის ხანიდან მოკიდებული ფეოდალური ხანის ჩათვლით. გ. გ.  ერთ-ერთი მთ. ინიციატორი იყო არქეოლ. სახელმძღვანელოს შექმნისა ,,საქართველოს არქეოლოგია“ (1959). გ. გ.-ს საკვლევი პრობლემატიკა მრავალმხრივი და დიდი ქრონოლ. დიაპაზონისაა - ენეოლითი - ადრებრინჯაოდან ფეოდალურ ხანამდე, მაგრამ, მეტწილად მას მოუხდა ბრინჯაო-რკინის კულტურის კვლევა. გ. გ. რაჭიდან, თითქმის მთლიანად აღმოსავლეთ საქართვ., კერძოდ, ქვემო ქართლის შესწავლაზე გადაერთო (1956 წლიდან). იგი აქტიურად მონაწილეობდა აკად. ნ. ბერძენიშვილის თაოსნობით მოწყობილ ქვემო ქართლის კომპლექსურ ექსპედიციაში.  გ.გ-მ არქეოლ. გათხრები ჩაატარა თეთრწყაროში (1956-1971). მის მიერ გამოვლენილ არქეოლოგიურ ძეგლებს დიდი მნიშვნელობა აქვს მტკვარ-არაქსის კულტურის გენეზისისა და კავკასიის, კერძოდ, საქართვ.–ს, ისტორიის კვლევისათვის. ბედენზე ჩატარებულმა გათხრებმა ახლებურად დასვა ე. წ. თრიალეთის კულტურის წარმოშობა-გავრცელების საკითხი. სისტემ. მუშაობის შედეგია მის მიერ გამოქვეყნებული მეცნ. შრომები: ,,არქეოლოგიური გათხრები საქართველოში“ (1952), ,,არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები“ (1955), ,,საქართველოს არქეოლოგია“ (1959), ,,ცხინვალის ნაცარგორა“ (1951), ,,საქართველოს ისტორიის ნარკვევები I (1970), ,,თეთრიწყაროს ნასოფლარი“ (1978), ,,ბედენის გორასამარხების კულტურა“ (1979) და სხვ.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გობეჯიშვილი, გ. (1942). ბრინჯაოს უძველესი ქართული ბალთები. ნაწ. 1: დის... ისტ. მეცნ. კანდ. თბ.; გობეჯიშვილი, გ. (თანაავტორი). (1955). მცხეთა: არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები. ტომი 1, არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1937-1946 წ.წ. განათხარის მიხედვით. თბ. : საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა;  გობეჯიშვილი, გ. (1978). თეთრი წყაროს ნასოფლარი : IV-III ათასწლეული ჩვ. წ. თბ., მეცნიერება; გობეჯიშვილი, გ. (1980). ბედენის გორა-სამარხების კულტურა.  თბ., მეცნიერება.

ლიტ.: გერმანე გობეჯიშვილი. (2022). სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალი-არქეოლოგია N6.