გიუნაშვილი  ჯემშიდ  შალვას ძე
გიუნაშვილი ჯემშიდ შალვას ძე

გიუნაშვილი  ჯემშიდ  შალვას ძე (01.V.1931 – 21.I.2017), ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1970), თსუ-ის დოცენტი და პროფესორი (1958-1960), თეირანის ენისა და ლიტერატურის აკად. საპატიო წევრი. გ.ჯ. დაიბადა თეირანში ცნობილი ინჟინერისა და არქიტექტორის შ. გიუნაშვილის ოჯახში.  რეპატრიაციის წესით დაბრუნდა საქართველოში (1947). გ.ჯ.-მ ჩააბარა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე ირან. ფილოლოგიის განხრით (1949), ხოლო შემდეგ დაამთავრა ტაშკენტის შუა აზიის სახელმწ. უნ–ტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი ირანულ-ავღანური ფილოლოგიის სპეციალობით. მისი სამეცნ. და პედ. მოღვაწეობა ტაშკენტის უნ-ტში დაიწყო (1953), სადაც იყო ჯერ სპარს. ენის ლექტორი (1956-1958), შემდეგ კი მუშაობდა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე დოცენტად, მოგვიანებით კი პროფესორად (1958-1960).  გ.ჯ.  იყო: საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნიერების ინ–ტის ახლო აღმოსავლეთის ენების განყ-ების მეცნიერ-თანამშრომელი (1958-1960); მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1961); ინდურ-ირან. ენების განყ-ების გამგე და დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1974-1994); საქართვ. პირველი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში (1994-2004). კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და  აზიისა და აფრიკის  ინ–ტში (2004-2008), გ.ჯ. იყო: ირანისტთა ევროპ. საზ–ების მუდმივი წევრი (1985); „საქართველო-ირანის სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის საზოგადოების“ დამფუძნებელი და თავ–რე (1994); ამერიკის სპარსულენოვანი საზ-ებების შემსწავლელი  ასოციაციის (ASPS) პირველი წარმომადგენელი/თავ–რე საქართველოში (2004-2007). თეირანში მიენიჭა გამორჩეული მკვლევრის წოდება (2010), მოგვიანებით  აირჩიეს თეირანის ენისა და ლიტერატურის აკად. საპატიო წევრად (2016). თსუ-ში კითხულობდა სალექციო კურსებს: სპარს. ენის სტრუქტურა (ფონეტიკა-ფონოლოგია, მორფოლოგია, სინტაქსი); ლექსიკოლოგია და ლექსიკოგრაფია. იგი ავტორია  რიგი სახელმძღვანელოებისა სპარსულ ენაში: ,,საკითხავი წიგნი სპარსულში“ (1980); ,,სპარსული ენის სახელმძღვანელო“ (1987). გ.ჯ.-ის სამეცნ.-კვლევითი თემატიკა მეტად მრავალმხრივი იყო: სპარს. ენის ფონეტიკა-ფონოლოგია, ლექსიკოლოგია, ლექსიკოგრაფია, წყაროთმცოდნეობა, ტექსტოლოგია, ეტიმოლოგია, სპარს. ეპიგრაფიკა, ირან-საქართვ. ისტორიულ-კულტ. ურთიერთობა, ფერეიდნელ ქართველთა მეტყველება, ირანის ისლამური რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. იგი 200-ზე მეტი სამეცნ. შრომის ავტორია. საყურადღებოა მისი გამოკვლევები სპარს. ენის ფონეტიკასა და ფონოლოგიაში, განსაკუთრებით მონოგრაფია: „სპარსული ენის ფონეტიკა“ ექსპერ. ფონეტიკის ფუნდამენტური შრომაა, რითაც  დღემდე ხელმძღვანელობენ მსოფლიოს ირანისტები. არანაკლებ ღირებულია მისი  გამოკვლევა  შუა სს ისტ. ტრაქტატის „სისტანის ისტორიის თბილისური ნუსხის“ შესახებ. ირანული ფილოლოგიის საკვანძო საკითხებს მიეძღვნა გ.ჯ.–ს ნაშრომი „ფილოლოგიური შენიშვნები“ (1978), სტატიების კრებ. „ქართულ-ირანული კვლევები“(1997) და ასევე კრებ. „ორმოცდაათი წლის მონაგარი“ (2012). მნიშვნელოვანია გ.ჯ.–ს ანალიტიკური-საინფორმაციო ნარკვევები Encyclopaedia Iranica-ში: „აფხაზი“ (1982), „ვისრამიანი“ (2000), „შაჰ-ნამეს ქართული თარგმანები“ (2005), „ფარსადან გორგიჯანიძე“  (2016). რუსთაველის დაბადების 850 წლის საიუბილეოდ, ჯ.გ.–ს  თაოსნობით და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყ-ების მხარდაჭერით, გამოიცა კრებ. „ვეფხისტყაოსანი ირანში“ (2016-2017). იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ფერეიდნული დიალექტის შენარჩუნება-აღორძინების საკითხებს. მისი მეურვეობით ფერეიდნელებისთვის მრავალი სახელმძღვანელო და საინფორმაციო წიგნი გამოიცა და გავრცელდა. მისი უშუალო მონაწილეობითა და რედაქტორობით საქართვ., საელჩომ ირანში გამოსცა ფარშიდ დელშადის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ სრული ტექსტი (პირველად სპარსულ ენაზე, თეირანი, 1998), ხოლო გილანის უნ-ტმა – ლ. გეგუჩაძის „ქართული ენა სპარსულენოვანთათვის“ (ფარდინ ქომაის თარგმანი, რაშთი, 2004).

თხზ.: Гиунашвили, Д. (თანაავტორი). (1964). Фонетика персидского языка. Тб., изд. Мецниереба; გიუნაშვილი, ჯ. (1971). სპარსული ზღაპრები. თბ., ნაკადული; გიუნაშვილი, ჯ. (1971). ,,თარიხ-ე სისტანის“ თბილისური ნუსხა. თბ., აღმოსავლეთმცოდნეობის ინ–ტი; გიუნაშვილი, ჯ. (თანაავტორი). (2003). ფერეიდნელის ოროველა.  თბ., ჯთ პრინტი.