-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ენათმეცნიერი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აკადემიკოსი
გიგინეიშვილი ივანე მოსეს ძე (9. VIII. 1909, ქ. ქუთაისი — 28. I. 1982, თბილისი. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოს პანთეონში), ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ტექსტოლოგი, ლექსიკოგრაფი. ლინგვოსტილისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, სალიტერატურო ენის ნორმალიზატორი, ენის ისტორიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1976). მოღვაწეობდა თბილ. სხვადასხვა უმაღ. სასწავლებელში: პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტში, საქართვ. თეატრალურ ინ-ტში, თსუ-ში, რომელშიც კითხულობდა ქართ. ენის კურსს, აგრეთვე სპეციალურ კურსს „ვეფხისტყაოსნის ენა“. იყო საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე (1950–1966), „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე (1951–1982). ხელმძღვანელობდა ქართ. ენციკლოპედიის სატრანსკრიფციო ჯგუფს (1973–1982). უძღვებოდა ენათმეცნ. ინს-ტის თანამედროვე ქართ. სალიტ. ენის ნორმათა განყ-ბის სამეცნ. და პრაქტ. მუშაობას (1966-დან). მან, ერთ–ერთმა პირველმა, ჩაუყარა საფუძველი ჩვენში ლინგვოსტილისტიკას, მანვე შეიმუშავა უცხო პირთა სახელების ქართულად გადმოცემის მეცნ. პრინციპები, შეისწავლა ქართ. ენის დიალექტები და ეწეოდა ფართო ლექსიკოგრაფიულ მუშაობას. მან გამოსცა ქართ. ლიტ-რის ძეგლთა ლექსიკონები: „რუსუდანიანი“ (1957), „დავითიანი“ (1955, 1980), ვრცელი ორთოგრ. ლექსიკონი (1968), მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მომზადებაში (1950–1964). გ. ი. იყო მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული თანამედროვე ქართ. სალიტ. ენის ნორმათა დამდგენი კომისიის წევრი და მდივანი (1946-1953), საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979-დან). იგი აგრეთვე იყო საქართვ. მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართ. სალიტ. ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწ. კომისიის წევრი და მდივანი, საქართვ. უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმთან არსებული თანამედროვე ქართ. სალიტ. ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწ. კომისიის წევრი და მდივანი (1982-მდე). მან მიიღო საქართვ. სახელმწ. პრემია (1971).
თხზ.: გიგინეიშვილი, ი. (1961). ქართული დიალექტოლოგია, ტ1; გიგინეიშვილი, ი. (1975). გამოკვლევები „ვეფხისტყაოსნის“ ენის და ტექსტის კრიტიკის საკითხების შესახებ. მეცნიერება.