-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი გეოლოგი გეოგრაფი საქართველოს პარლამენტის წევრი
გიგინეიშვილი გივი ნიკოლოზის ძე (15. VII. 1935, ბორჯომი – 16. VII. 2007), გეოგრაფ-ჰიდროლოგი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი, პროფ. (2003), პოლიტიკური მოღვაწე, საქართვ. გეოგრ. საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი (1990-1996), შემდეგ პრეზიდენტი (1996-2007). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით (1958). მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში, ჯერ უფრ. ლაბორანტის (1957), შემდეგ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1958), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1968), ჰიდროლოგიის გან-ბის გამგე (1980), მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (1995). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ში, სადაც კითხულობდა ლექციებს საზღვაო ოკეანოგრაფიაში, გარემოს დაცვასა და გარემოსდაცვით კანონმდებლობაში (1975-დან). იყო ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწ. დეპარტამენტის თავ-რის მოადგილე (2000-დან), საქართვ. პარლამენტის მე-4 მოწვევის წევრი და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავ-რე (1995-1999). მისი უშუალო ხელ-ით და მონაწილეობით მომზადდა და დამტკიცდა 24 ფუძემდებლური კანონი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „კარსტული წყლების ფორმირება და რეჟიმი აფხაზეთ-სამეგრელოს კარსტულ რეგიონში” (1964, ბაქო), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე „კარსტის ჰიდროლოგიური კანონზომიერებანი” (1979, მოსკოვი). გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნ. ნაშრომი, რომელთაგან 8 მონოგრაფიაა. მისი სამეცნ. მოღვაწეობა დიდ ნაწილად მოიცავს კარსტის ჰიდროლოგიის პრობლემების კვლევას და ითვლება ჰიდროლოგიის ამ ახალი მიმართულების ფუძემდებლად. გარდა ამისა, მისი გამოკვლევები ეძღვნება საქართვ., კავკ. და საერთოდ, მთიანი რეგიონების წყლის ბალანსისა და წყლის რესურსების შესწავლას. დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების, დაცული ტერიტორიების, ვახუშტი ბაგრატიონის მემკვიდრეობის პრობლემატიკას. მიღებული აქვს საქართვ. სსრ უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის (1984) და აფხაზეთის ასსრ უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის (1962) საპატიო სიგელები, საქართვ. მეცნ. აკად. საიუბილეო პრემია (1981) და საქართვ. გეოგრ. საზ-ბის ალექსანდრე ჯავახიშვილის სახ. პრემია (1993) ღირსების ორდერი (2000).
თხზ.: Гигинеишвили Г. (1979). Карстовые воды Большого Кавказа и основные проблемы гидрологии Карста, Тб.; გიგინეიშვილი, გ. (1989). წყალი – თანამედროვეობისა და სამომავლო პრობლემები, საქ. სსრ მეცნ. აკად., გეოგრაფიის ინ-ტი; Джаошвили В. Ш., Уклеба Д. Б., Гигинейшвили Г. Н. и др. (1990). Колхидская низменность: Научные предпосылки освоения, АН СССР, изд. Наука; გ. გიგინეიშვილი, მ. ზუკოვი, მ. ფროიდე (1991). საქართველოს ეროვნული პარკები. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი; Владимиров В.Л., Гигинеишвили Г.Н. и др. (1991). Водный баланс Кавказа и его географические закономерности, изд. Мецниереба.