-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ღონღაძე ალექსანდრე დიმიტრის ძე (19.XI.1950, თბილ. — 7.II.2025, თბილ.) ფიზიკოსი, მთავარი მეცნიერი, ინოვატორი, თსუ-ის პროფესორი და გამოჩენილი მეცნიერი ბირთვული ფიზიკის, გარემოს დაცვისა და გამოყენებითი კვლევების მიმართულებით. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ–ტი (1973). მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი (1999). იყო საპატიო დოქტორი. მისი კვლევების სფერო მოიცავდა ბირთვული მაგნიტური რეზონანსის, ნანომაგნეტიზმის, სპინტრონიკის, ნანოსტრუქტურების, რადიონუკლიდების დაგროვებისა და რადიობიოლოგიის აქტუალურ საკითხებს. თანამშრომლობდა საერთაშ. კვლევით ცენტრებთან ფინეთსა და გერმანიაში (1990-2000). მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია წამყვან სამეცნ. ჟურნალებში, მათ შორის Physical Review Letters, Journal of Low Temperature Physics, Environmental Biology, და სხვ. Google Scholar-ის მონაცემებით, ღ.ა.–ს სამეცნ. ნაშრომებს 370-ზე მეტი ციტირება აქვს, h-ინდექსი — 8. ის არის პატენტის ავტორი: "ზედაპირული გამონადენის გამოყენება პლაზმურ-ქიმიურ ექსპერიმენტებში" (სარეგისტრაციო ნომერი: P20054040B, 2005). ხელმძღვანელობდა თსუ–ის ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ-ტის გამოყენებითი კვლევების ცენტრს და ბირთვული კვლევების განყ–ებას (2011-2025), სადაც განახორციელა არა ერთი პროექტი — მათ შორის ბირთვული ნარჩენების შემნახავი კონტეინერების ტექნოლოგიური განვითარება და ნანოსტრუქტურული მეტალების ახალი კომპოზიციების შექმნა. იგი არის ათეულობით სამეცნ. სტატიის ავტორი და თანაავტორი (1989–2025), მათ შორის: „ბიოსტიმულანტების გავლენა შაქრის ჭარხლის კადმიუმის, თუთიისა და სპილენძის დაგროვების პოტენციალზე“ (2022), „Ag(I), Ni(II), Zn(II) იონების გავლენა დასხივებულ სპირულინა პლატენსაზე“ (2021), „მძიმე ლითონებით დაბინძურებული ნიადაგების ფიტორემედიაცია საქართველოში“ (2015), „Cu, Zn და Cd-ის განსაზღვრა ნიადაგში, წყალში და საკვებ პროდუქტებში RMG ოქროსა და სპილენძის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე“ (2017). იგი აქტიურად მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა საქართვ. შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებულ არა ერთ სამეცნ.-კვლევით პროექტს, მათ შორის სამთომოპოვებით დეგრადირებული ნიადაგების რეკულტივაციის მიმართულებით. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ნიადაგის აღდგენის საპილოტე ექსპერიმენტები საქართვ. სხვადასხვა სამთო რეგიონში. იგი იყო აქტიური მონაწილე როგორც საერთაშ., ასევე ადგილობრივ სამეცნ. კონფერენციებში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ფუნდამენტურ მეცნიერებაში, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებასა და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში საქართველოში.