ღლონტი თევდორე (თედო) ზურაბის ძე
ღლონტი თევდორე (თედო) ზურაბის ძე

ღლონტი თევდორე (თედო) ზურაბის ძე (20.IV.1888, ლანჩხუთი - 11.VII.1937, თბილისი), ლანჩხუთის ორკლასიანი სკოლის დამთავრების შემდეგ  სწავლობდა ფოთის საქალაქო სასწავლებელში. ექსტერნად ჩააბარა ბათუმის გიმნაზიაში და სწავლის პერიოდში დაინტერესებული იყო პოლიტ. ეკონომიით (1903-1904). რევოლუციური მოძრაობის დროს ლანჩხუთში ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრ. პარტიის მიერ დაარსებულ მკითხველთა წრეებს (1905-1906). თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან.  მისი პირველი ქართ. ფელეტონი - „დამარცხდება თუ არა მოძრაობა?“ - დაიბეჭდა გაზ. „ელვაში“. სწავლობდა პეტერბურგის უმაღლ. კომერციულ კურსებზე და მუშაობდა ს. ნ. პოკროვსკის ხელმძღვანელობით. კლასიკურ ეკონომიკურ მეცნ. შესწავლის პარალელურად გატაცებული იყო ფრ. ლისტის მოძღვრებით და დაიწყო ქართ. ეკონომიკის შესწავლა. პეტროგრადში წაიკითხა რამდენიმე საჯარო ლექცია ევროპის სოფლის ეკონომიკაზე. თანამშრომლობდა „Экономист России“-სთან და მიწათმოქმედების სამინისტროსთან არსებულ სტატისტიკურ გამოცემებთან, რომელთა საპატიო თანამშრომლადაც ითვლებოდა (1917-მდე). პეტერბურგიდანვე დაიწყო თანამშრომლობა ქართულ გაზეთებთან - წერდა აკადემიურ საკითხებზე და თავის მონოგრაფიებს ათავსებდა ყველა მიმართულების ჟურნალ-გაზეთებში (1909). სწავლის დასრულების შემდეგ პეტერბურგი დატოვა და მუშაობდა ბაქოში. სამშობლოში დაბრუნდა და  პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობამ საქართვ. სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიასთან დააკავშირა (1911). გახდა პარტიის წევრი (1912-დან) და  თანამშრომლობდა მხოლოდ სოც-ფედერალისტთა პრესასთან (1913-1914). იყო „სახალხო საქმის“ მთ. თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი მონოგრაფიები: „თავადაზნაურობის მიწისმფლობელობა საქართველოში“; „გლეხკაცობის მდგომარეობა საქართველოში“; „მუშა ქალი საქართველოში“; „ქალი და კოოპერაცია“; „აგრარული საკითხი საქართველოში“; „ქართველი ერის სტატისტიკა“; „რუსული იმპერიალიზმი საქართველოში“; „ეროვნული საკითხი და სოციალ-დემოკრატია“; „ომი და ფედერალიზმი, ერობა საქართველოში“. ასევე, წერდა ირიგაციის, მელიორაციის, კრედიტის, მუნიციპალური და სახელმწიფოებრივი საკითხების შესახებ. იგი მეფის რეჟიმის მიერ პოლიტ. საბაბით რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. აირჩიეს  საქართვ. ეროვნ. საბჭოს წევრად (1917) და იყო საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1918). ჩაირიცხა საქართვ. რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართვ. სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით და გზათა, ტექ., მომარაგებისა და აგრ. კომისიებში მუშაობდა (1919-დან). მან დააარსა და რედაქტორობდა გაზ. „ზვირთს“(1919). საბჭ. რუსეთის მიერ საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ თბილისში დარჩა და რევკომის ნებართვით დაიწყო გაზ. „სოციალისტ-ფედერალისტის“ ბეჭდვა, სადაც თანამოაზრეებთან ერთად საზ-ბას მოუწოდებდა ბოლშევიკურ რეჟიმთან კომპრომისის მიღწევისა და თანამშრომლობისაკენ. იკავებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებს (1922-დან). ამავე წლიდან რედაქტორობდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის გაზ. „ტრიბუნას“. პარტიამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და საქართვ. კომუნისტურ პარტიას შეუერთდა (1923). თავად იგი  საქართვ. კომუნისტურ პარტიაში შევიდა (1924-დან). ღ. თ. გახლდათ თსუ-ის რექტორი (1926-1928). შემდეგ მიავლინეს ამიერკავკასიის სფსრ-ს მუდმივი წარმომადგენლად რსფსრ-ში, შემდეგ კი ბერლინში მარგანეცის საექსპორტო საზ-ბის გამგეობის წევრად. დაბრუნდა თბილისში და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე (1930). პარალელურად აგრძელებდა პუბლიცისტურ საქმიანობას, იბეჭდებოდა მისი კრიტ. ნაშრომები საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის ისტორიის შესახებ. დიდი საბჭ. ტერორის დროს, ღ. თ. დააპატიმრეს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით და დახვრიტეს.