ღლონტი გიორგი
ღლონტი გიორგი

ღლონტი გიორგი (12. XI. 1954, ორენბურგი-7. VII. 2021, თბილისი.), იურისტი. სამართლის მეცნ. დოქტორი, საქართვ. კრიმინოლოგიის მეცნ. აკად. აკადემიკოსი. ამერ. და ევრ. კრიმინოლოგიის საზ-ბების წევრი. დაამთავრა ტაშკენტის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი და მოსკოვის მილიციის უმაღლ. სკოლა. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „კრიმინოლოგია, როგორც ფართო სფერო“. გ. ღ. იყო შსს აკადემიის პროფესორი, გრ. რობაქიძის უნ-ტის სრული პროფესორი, ევროპის უნ-ტის პროფესორი, თინათინ წერეთლის სახ. სახელმწიფოსა და სამართ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, ევროპის უნ-ტის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მთ. მეცნიერი თანამშრომელი. გ. ღ. იყო მოწვეული მკვლევრი ფრაიბურგის მაქს პლანკის სახ. საერთაშ. და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართ. ინ-ტში (11-ჯერ 1999-2020). მოწვეული პროფესორის რანგში მუშაობდა რატგერსის (1994-95), ამერიკულ (ფულბრაითის პროგრამა 1999-2000) და მონაშის (2008) უნ-ტებში. იყო მოწვეული მკვლევარი ჰალის უნ-ტში (2009), მუშაობდა შსს პოლიციის აკად. სისხლის სამართ. კათედრის უფრ.-ის მოადგილედ, ასევე ექსპერტად და სამუშაო ჯგუფის წევრად ევროკავშირის პროექტში გენერალურ პროკურატურაში (2018-19), იყო მიწვეული ექსპერტი საქართვ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში (2018-19). გ. ღ. ამზადებდა დანაშაულის საერთაშ. კლასიფიკატორის ქართ. ადაპტირებულ ვერსიას და რეკომენდაციებს სამართალდამცავი ორგანოებისათვის დანაშაულის შესახებ ინფორმაცის შეგროვების, სტატისტ. ანალიზისა და ანგარიშგების უნარების გასაუმჯობესებლად. იყო ამერიკული უნ-ტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის საქართვ. ოფისის დირექტორი (2003-დან), ევროკავშირის პროექტს „უსაფრთხოების სექტორის რეფორმის პროგრამის მომზადების მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვ. (2020-დან). საერთაშ. გუნდთან ერთად კოორდინაციას უწევდა დანაშაულისა და ვიქტიმიზაციის კვლევას საქართველოში. გ. ღ.-ს მიღებული ჰქონდა გრანტები და სტიპენდიები, მათ შორის: USAID-ის გრანტები „კარგი მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების გაძლიერების“ (საექსპორტო დახმარება ყირგიზეთის შსს-სთვის) და „დანაშაულის ვიქტიმიზაციის კვლევა ყირგიზეთში“ (2015) მოსამზადებლად; ევროკომისიის გრანტი „ვიქტიმიზაციის კვლევა საქართველოში“ (2010–2012); შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტი „კორუფციის სოციოლოგიური და სამართლებრივი დახასიათება საქართველოში“; ერასმუს მუნდუსის პროგრამის გრანტი პროექტისათვის „ადამიანის უფლებების დარღვევა: ოჯახში ძალადობა საქართველოში“ (2009); აშშ-ის საელჩოს გრანტი ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის მომზადებისა და იმპლემენტაციისათვის; საქართვ. განათლების სამინისტროს გრანტი კრიმინოლოგიის სახელმძღვანელოს მოსამზადებლად. იგი იყო ჟურნ. „კრიმინოლოგის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. მისი ინიციატივით დაარსდა საქართვ. სამართლებრივი რეფორმების ინ-ტი, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი. გ. ღ.-ის სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავდა კრიმინოლოგიის აქტუალურ საკითხებს. იგი სიღრმისეულად იკვლევდა ორგანიზებულ დანაშაულს, კორუფციის  სამართლებრივ ასპექტებს, „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტს საქართველოში, დანაშაულებრივი ქცევის თავისებურებებს. მისი შრომები აგრეთვე შეისწავლის ტერორიზმის გამომწვევ მიზეზებს, ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის სოციალურ-სამართლებრივ პრობლემებს, სამეცნ. კვლევის მეთოდებს. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი: „სისხლის სამართალი, კრიმინოლოგია“ (2008); „ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია : სამართლებრივი მიდგომა და შედარებითი ანალიზი“ (2019),  მათ შორის 9 სახელმძღვანელო და მონოგრაფია. ჰქონდა პოლიციის პოლკოვნიკის წოდება. დაჯილდოებულია სახელმწ. ჯილდოებით, მათ შორის, ღირსების ორდენით.

თხზ.: ღლონტი, გ. (2005). ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში. IREX; ღლონტი, გ.(2009). კორუფცია: სახელმძღვანელო.-თბ., ISBN 9789941008795; ღლონტი, გ. (2009). კანონიერი ქურდები საქართველოში. თბ. პოლიგრაფი, ISBN: 9992809268; ღლონტი, გ. (თანაავტორი). (2017). სამეცნიერო კვლევის მეთოდები: სადოქტორო დისერტაციის მომზადების სტანდარტები. თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941094613; Глонти, Г. (1986). Мотивы индивидуального преступного поведения. Академия МВД СССР; Глонти, Г. (1998). Организованная преступность. Тб., Изд. Азри; Глонти, Г. (2004). Торговля людьми с целью сексуальной эксплуатации: реалии и перспективы. Тб., ISBN: 9992808446.