-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ენათმეცნიერი ფოლკლორისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ღლონტი ალექსანდრე (5. VI. 1912, სოფ. დვაბზუ, ოზურგეთის რაიონი-1999), ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი. დაამთავრა საქართვ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1932). მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ კულტ. მშენებლობის განყ-ბის გამგედ (1931-1933). გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედკოლეგიის წევრად და განყ-ბის გამგედ (1933-1934). იყო საქართვ. სახელმწ. პედ. ინს-ტის ასპირანტი (1934-1936); საქართვ. სახელმწ. გამომცემლობის ახალგაზრდობისა და საბავშვო ლიტ-რის განყ-ბის გამგე (1935-1937), ამავე წლებში ლექციებს კითხულობდა თსუ-ში. იგი ხელმძღვანელობდა დიალექტურ სამეცნ. ექსპედიციებს გურიაში, ქართლში, კახეთში, მესხეთში, ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, სვანეთში, კოლხეთსა და ბორჯომის ხეობაში (1935-1940 და 1947-1980). იყო გორის ნ. ბარათაშვილის სახ. პედ. ინ-ტის ენისა და ლიტ-რის დეკანი (1938-1941), ასევე ხელმძღვანელობდა ინ-ტის ქართ. ენის კათედრას და იყო საპროფილო დისციპლინების ლექტორი, შეთავსებით მუშაობდა ცხინვალის სახელმწ. პედ. ინ-ტის ქართ. ენის კათედრის დოცენტად. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (1941-1945). დემობილიზაციის შემდეგ კვლავ ხელმძღვანელობდა გორის ნ. ბარათაშვილის სახ. პედ. ინ-ტის ენისა და ლიტ-რის კათედრას (1945-1952), ინიშნებოდა ცხინვალის სახელმწ. პედ. ინ-ტის ქართ. ენის კათედრის გამგედ (1953-1958), თბილ. ა. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის პროფესორი (1960-1967), თბილ. სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწ. პედ. უნ-ტის ქართ. ენის კათედრის გამგე (1967-1990), გარდაცვალებამდე ამავე კათედრის პროფორი (1990-დან). იგი იყო ფილოლ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს: საქართვ. უმაღლ. და საშ. სპეც. განათლების სამინისტროს რესპუბ. პრემია (1981), საქართვ. უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1985 და 1988 წწ.) და 7 მედალი. ღ. ა. იყო საქართვ. ლიტერატურათმცოდნეობის აკად. ნამდვილი წევრი და საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი. მას აქვს მიღებული ღირსების ორდენი (1997), ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია (1995), შრომის წითელი დროშის ორდენი (1961), მედალი „სტალინგრადის დაცვისთვის“, მედალი „გერმანიაზე გამარჯვებისთვის“, სამამულო ომის II ხარისხის ორდენი, სამამულო ომის I ხარისხის ორდენი და საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექნიკის დარგში. იგი იყო საქართვ. მეცნ. დამსახ. მოღვაწე.
თხზ.: ღლონტი, ა. (1963). ქართული ხალხური ნოველა. საბჭოთა საქართველო; ღლონტი, ა. (1988). ქართული ლექსიკოლოგიის საფუძვლები. განათლება; ღლონტი, ა. (1998). მოძღვრები, მეგობრები, შეგირდები: ესკიზები.