ღამბაშიძე ვახტანგ დავითის ძე
ღამბაშიძე ვახტანგ დავითის ძე

ღამბაშიძე ვახტანგ დავითის ძე (28.IV.1872, ზესტაფონი-10.VII.1951, შოტლანდია, კინლოხი, დაკრძალულია თავის ქალიშვილ  ჟორჟეტასა და მისი მეუღლის ნილ სტუარტის მამულში). ექიმი.  თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); უნ-ტის სალექციო კურსის, ,,ჰიგიენის“ პროგრამის შემდგენელი. მისი პირველი მასწავლებელი მამა იყო. მან შეასწავლა ქართ. და რუს. ანბანი, საღრმთო სჯული და ანგარიში. სწავლობდა ქუთ. პროგიმნაზიაში;  სწავლა თბილ. გიმნაზიაში დაასრულა; დაამთავრა მოსკ. უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი (1896), შემდეგ კი, მამის რჩევით, ორი წელი სწავლობდა პარიზში. აქვე დაქორწინდა წარმოშობით ამერიკელ ვანდა პოპეზე, რომელიც 19 წლის ასაკში ჩავიდა საფრანგ. და ფრანგ. ენის პროფსორი გახდა. დაბრუნდა სამშობლოში (1898) და საექიმო პრაქტიკას მიჰყო ხელი შორაპნის მაზრაში. მან მამასთან ერთად ბორჯომის ხეობაში დააფუძნა სანატორიუმი „პატარა ცემი" (1904), სადაც 8–16 წლამდე ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობდა. მომავალი კურორტის მოდელი ლეისონში, შვეიცარიულ სანატორიუმთა ახლებური მოდელის მიხედვით იყო შედგენილი. ამ საქმეში მას მხარს უჭერდნენ: აკაკი წერეთელი, ექიმი სამსონ თოფურია, გივი და ალ. დიასამიძეები და სხვანი. საქართვ. ოკუპაციის შემდეგ ოჯახთან ერთად დატოვა სამშობლო და ემიგრაციაში წავიდა. მრავალი ქართვ.  მსგავსად ღამბაშიძეებსაც ეგონათ, რომ სამშობლოს დროებით ტოვებდნენ. ის კონსტანტინოპოლში მეუღლესთან ერთად „წითელ ჯვარში“ მსახურობდა (XI.1921) და ეხმარებოდა ქართვ. ლტოლვილებს. შემდეგ პარიზში გაემგზავრა (1924).  საფრ. ზოგიერთი ახლობლის ფინანსური დახმარებით კლინიკა გახსნა, მაგრამ ვალების გამო იძულებული გახდა დაეხურა. ამის მიუხედავად, იგი წლების მანძილზე მრავალ ქართვ. უსასყიდლოდ მკურნალობდა. იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირადი ექიმი და მისი დაკრძალვის მთ.  ორგანიზატორი. გარდა საექიმო პრაქტიკისა, აქვეყნებდა სამეცნ.–პოპულ. და საგანმან. ხასიათის სტატიებს ჯანმრთელობის თემაზე. მისი წერილები და მოგონებები ცნობილ ქართვ. მოღვაწეებზე იბეჭდებოდა ქართ.  ემიგრანტულ პრესაში.: „ბედი ქართლისა“, „კავკასიონი“, „მერანი“. იყო საფრ. ქართ. სათვისტომოს რიგით მეორე თავ-რე (1924-1948); მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ინიციატივით ქართვ. სამხ. ტყვეებისა და ემიგრაციის დასაცავად შეიქმნა ორგანიზაცია-„ქართული ეროვნული კომიტეტი საფრანგეთში", სიცოცხლის ბოლომდე იყო მისი ხელმძღვ. იყო „ქართული ეროვნული პოლიტიკური ცენტრის“ საპატიო წევრი;  ხელმძღვ. საფრანგეთში არსებულ „ქართვულ პლურალისტურ ასოციაციის“ (19.XI.1950); მისი ინიციატივით ყოველი წლის 26 მაისს ქართვ. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იკრიბებოდნენ. მან დაარსა ქართ. ბ-კა ლევილში; მონაწილეობდა კრებ. „მერანის“ გამოცემაში, ეხმარებოდა სიძეს, შოთა ნიკოლაძეს, სპორტული ასოციაცია-„შევარდენის“ და ქართ. სასწ. „კერას“ შექმნაში, სადაც ემიგრანტთა ბავშვები კვირაში ორჯერ დადიოდნენ და სწავლობდნენ ქართ. წერა-კითხვას, ცეკვას, სიმღერასა და ისტორიას. იგი იყო ქართ. კულტ. და ენის მოამაგე. მის ბინაში იკრიბებოდნენ სხვადასხვა თაობის ქართვ. ემიგრანტები და იმართებოდა საუბრები ქართ. კულტ., ლიტე-რის, ისტორიის შესახებ, იკითხებოდა მოხსენებები და მოგონებები. გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. მას ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომ მის მიერ დაარსებულ სანატორიუმ „პატარა ცემში“, სანატორიუმის ბინადართა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ფოტოგრაფიის შესწავლა აქცია. ამისათვის სპეციალური ფოტოგრაფიული ოთახიც მოაწყო. მისი ფოტოების უმრავლესობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია გადაღებული. აქ ნახავთ, როგორც საოჯახო, ასევე, ქვეყნის მნიშვნელოვანი საზ. და პოლიტ. მოვლენების ამსახველ ფოტოებს. გარდა სამხ. აღლუმების, საზეიმო დემონსტრაციებისა და დამფუძნებელი კრების სხდომების ფოტოებისა, მას გადაღებული აქვს თურქეთში გამგზავრებული სამთავრობო დელეგაციები და ა. შ. ნიკოლაძე-ღამბაშიძეების მდიდარი ფოტოკოლექცია დაცულია საქართვ. ეროვნ. არქივის ფონდებში.

ლიტ.: ღამბაშიძე, ნ. (2010). ვახტანგ ღამბაშიძე-ცხოვრება და მოღაწეობა. ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები. თბ., N1(7), გვ. 200-226; დაუშვილი, რ. (თანაავტორი). (2012). ღამბაშიძე ვახტანგ.  ქართველები უცხოეთში: წ. 1 თბ., გვ. 187-188.; საქართვ.  ეროვნ. არქივი:  პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი:  თსუ-ის ფონდი,  471-1-16, გვ. 5.