-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი
ღამბაშიძე როგნედა (14. I. 1922, ქ. ზესტაფონი-27. VI. 1993), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1943), ასპირანტურა (1946). მუშაობდა პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტში ჯერ უფრ. მასწავლებლად, შემდეგ — ქართ. ენის კათედრის გამგედ (1946-1953). სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ენათმეცნ. ინ-ტის ქართ. სამეცნ. ტერმინოლოგიის განყ-ბას (1955-დან). დაიცვა საკანდიდატო (1949) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე (1988): „ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები“. მის სამეცნ. მოღვაწეობაში ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა: ერთია ქართ. სამეცნ. ტერმინოლოგიის თეორ. და პრაქტ. საკითხებზე მუშაობა, მეორე — ქართ. დიალექტოლოგიის საკითხების კვლევა. მნიშვნელოვანია მისი წვლილი სხვადასხვა სამეცნ. ტერმინოლოგიის შემუშავება-დახვეწის საქმეში. 40 წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით და რედაქტორობით შეიქმნა და დაიბეჭდა 35 სამეცნიერო ტერმინოლოგია: ტექნიკური, სოფლის მეურნეობის, ფიზიკის, იურიდიული, გეოგრაფიის, ქიმიის, მეტალურგიის, მართვის ავტომატიზებული სისტემების, რადიოელექტრონიკისა და მრავალი სხვა. ღ. რ.-ს თეორ. კვლევის შედეგები შეჯამებულია მონოგრაფიაში: „ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები“ (1986). იგი იკვლევდა ქართ. ენის ინგილოურ დიალექტს და შექმნა „ქართული ენის ინგილოური ლექსიკონი“ (1988). მასვე ეკუთვნის სახელმძღვანელო „ქართული ენის თვითმსაწავლებელი“. ღ. რ.-ს მიღებული აქვს არნოლდ ჩიქობავას სახ. პრემია (გამოკვლევებისათვის ქართ. სამეცნ. ტერმინოლოგიის თეორიულ საკითხებზე და ქართ. დიალექტოლოგიაში) და გიორგი ნიკოლაძის სახ. პრემია.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ღამბაშიძე, რ. (1977). მართვის ავტომატიზებული სისტემების ტერმინოლოგია. მეცნიერება; ღამბაშიძე, რ. (1986). ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები. მეცნიერება; ღამბაშიძე, რ. (1988). გეოფიზიკის ტერმინოლოგია = Геофизичксеая терминология: რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული. მეცნიერება; ღამბაშიძე, რ. (1988). ქართული ენის ინგილოური კილოს ლექსიკონი. განათლება.