გელაშვილი ნანა გიორგის ასული
გელაშვილი ნანა გიორგის ასული

გელაშვილი ნანა გიორგის ასული (12.V.1950, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი. ისტორიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი. (1972) და ასპირანტურა  (1976). არის ისტორიის მეცნ. კანდ. (1978), ისტორიის მეცნ. დოქტ. (1991), თსუ-ის დოცენტი (1986), პროფესორი (1993), თსუ-ის კულტურის ისტ. და თეორიის კათედრასთან არსებული კულტ. ისტორიის სამეცნ. ლაბორ. გამგე (1995-2005), მიენიჭა პროფესორის სამეცნ.-პედ. წოდება „მსოფლიო ისტორიის“ სპეციალობით (1996), თსუ-ში იყო შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის  მიმართულების დამატებითი (მაინორ) საბაკალავრო პროგრამის ავტორი და ხელმძღვ. (2006-2022). თსუ-ის „შორეული აღმოსავლეთი: იაპონისტიკა, სინოლოგია“ მიმართულების და ძირითადი (მაიჯორ) საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვ. (2022-დან). გ.ნ. არის ავტორი და ხელმძღვ. „ახალი და უახლესი ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის მოდულის – „შორეული აღმოსავლეთის ისტორია (ახალი და უახლესი პერიოდი)“. ასვე არის სამეცნ. რეცენზირებადი და რეფერირებადი კრებულის „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009-დან); თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის სამეცნ. რეცენზირებადი კრებულის „აღმოსავლეთმცოდნეობა“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2017-დან); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. სამეცნ. რეცენზირებადი  და რეფერირებადი კრებ. „მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2018-დან); ჟურნ. «История, археология и этнография Кавказа“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2019-დან). იგი დაჯილდოებულია საქართვ.-იაპონიის ურთიერთობის ასოციაციის საპატიო სიგელით  საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრულ და კულტურულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (2023); საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ დაჯილდოვდა სიგელით „იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრობისა და ორმხრივ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის“ (2024); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საპატიო სიგელით-„აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის“ (2025); იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  დაჯილდოვდა საპატიო სიგელით „გამორჩეული წვლილის შეტანისათვის  საქართველოში იაპონიის კვლევების პოპულარიზაციაში“ (2025). გ.ნ. ეწევა აქტიურ საზ–ებრივ საქმიანობას: არის „საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტი, „საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის“  წევრი, „საქართველო-ირანის სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საზოგადოების“ წევრი, „საქართველოს ქალთა საბჭოს“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. გ.ნ. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია; შორეული აღმოსავლეთის რელიგიები; იაპონური კულტურა; ჩინური კულტურა; დასავლური სამყარო და ქრისტიანობის გავრცელება შორეულ აღმოსავლეთში; ისტ. ქალაქები და საქალაქო ცხოვრება შორეულ აღმოსვლეთში; შორეული აღმოსავლეთის ბუდისტური სამყარო; კულტურათა დიალოგი შორეულ აღმოსავლეთში და სხვ. გ.ნ-ს  კვლევის სფეროებია: ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია, კულტურა, პოლიტ. და იდეოლოგიური ასპექტები; კულტურათაშორისი დიალოგის საკითხები; დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროთა ურთიერთობები და სხვ. არის  113 სამეცნ. ნაშრომის, მათგან 8 წიგნის ავტორი. გ.ნ-ს   თანაავტორობით (კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის წევრებთან ერთად) გამოცემულია სახელმძღვანელოები: „კულტუროლოგია“, ტ. I, (2001); „კულტუროლოგია“, ტ.2 (2003), რომლებშიც განხილულია ინდოეთის, ჩინეთის, ირანის უძველესი პერიოდის კულტურის და არაბულ-მუსლიმური კულტურის საკითხები; გ.ნ.-ს სახელს უკავშირდება თსუ-ში ახალი - შორეული აღმოსავლეთის შემსწავლელი მიმართულების დაარსება (2006). ამ სფეროში მისი ნაშრომებიდან   განსაკუთრებით საყურადღებოა „დასავლური კულტურის შეღწევა იაპონიაში“ (2009); ბუდისტური კულტურის ფორმირება ჩინეთში (2013); რელიგიათშორისი დიალოგი აღმოსავლურ სამყაროში (2018); სამურაი — იაპონიის ისტორიის განუყოფელი ნაწილი (2024), რომლებშიც შესწავლილი და გაანალიზებულია ჩინეთის და იაპონიის ისტორიის, კულტურის და იდეოლოგიის საკითხები. აღსანიშნავია გ.ნ.-ს მიერ წარმოდგენილი „იუენის დინასტია“ სახელმძღვენელოში „ჩინეთის ისტორია“ (2022), რ-შიც დეტალურადაა განხილული  მონგოლთა ბატონობის ხანა  შუა სს. ჩინეთში. მისი რედაქტორობით  და თანაავტორობით (ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრებთან ერთად) გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო „ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები“(2025), რ-შიც წარმოდგენილია ჩინეთის უძველესი ფილოსოფიურ-რელიგ. მოძღვრებების ფორმირების და განვითარების ისტორია.

თხზ.: გელაშვილი, ნ. (1990). სამი სპარსული წყარო XVI საუკუნის საქართველოს შესახებ. თბ., მეცნიერება. ISBN 55200085;  გელაშვილი, ნ. (1995). ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან. თბ., მეცნიერება. ISBN 5520015457;  გელაშვილი, ნ. (2012). იაპონია საუკუნეთა ლაბირინთებში. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941176272; გელაშვილი, ნ. (2018). შორეული აღმოსავლეთის რელიგიები. თბ., უნივერსალი,  ISBN9789941262289; გელაშვილი, ნ. (2023). ჩინეთის ისტორიული  დედაქალაქები. თბ., ოქროს საწმისი,  ISBN 9789941854620; გელაშვილი, ნ. (2024). იაპონური კულტურის ისტორიული რეალიები. თბ., უნივერსალი. ISBN 9789941338540.