გელაძე ვახტანგ შალვას ძე
გელაძე ვახტანგ შალვას ძე

გელაძე ვახტანგ შალვას ძე (18.IV.1941, თბილისი), გეოგრაფი, ჰიდროლოგი, მეტეოროლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1972). დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი სპეციალობით მეტეოროლოგია-კლიმატოლოგია, მიენიჭა ინჟინერ-მეტეოროლოგის კვალიფიკაციით (1963). მუშაობდა ამიერკავკ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტში, ღრუბლების ფიზიკის ლაბორატორიაში. სწავლობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის ასპირანტურაში (1967-1970). დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის „მთიანი დაღესტნის წყლის ბალანსი“ (ბაქო, 1972). მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში (1971-დან): ჰიდროლოგიის განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1971-2001), ჰიდროლ. და გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების განყ-ბის ხელმძღვ. (2001-2006), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, ბუნ. რესურსების, ლანდშაფტური დაგეგმარების და ექსპერტიზის განყოფილებაში (2006-2009), ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (2009-2022), მთ. მეცნიერ-თანამშრომლად (2022-დან). გ. ვ. არის რამდენიმე ადგილ. გამოყენებითი საგრანტო პროექტის სამეცნ. ხელმძღვ. და ძირით. შემსრულებელი. არის კანადის და ფინეთის მთავრობების, ევროკავშირის, USAID-ის, UNDP/GEF-ის, UNDP/AF-ის პროექტების ექსპერტ-ჰიდროლოგი. მონაწილეობდა EU TACIS-ის და EPTISA-ს პროექტებში, რ-იც ეხებოდა ტრანსსასაზღვრო მდ. მტკვრის მენეჯმენტს. თანაავტორობით შესრულებული აქვს ფონდ „ღია საზოგადოება - თავისუფალი საქართველო“-ს გრანტი „საქართველოს გეოსაინფორმაციო სისტემის კარტოგრაფიული საფუძველი“ (1995), საქართვ. მეცნ. აკადემიის გრანტი „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციური ფაქტორები: გეოგრაფიული ანალიზი და პროგნოზი“ (1996), „აჭარის გეოსაინფორმაციო სისტემა“ (1997), „ნავთობსადენის ტრასის ჰიდროლოგიური აღწერა და ეკოლოგიური ექსპერტიზა“ (1996), „საქართველოს გეოსაინფორმაციო სისტემა“ (2000), „გარდაბნის რაიონის მიწის კადასტრი“ (2000-2001), „მდ. არაგვის აუზის გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა“ (2001) და სხვ. გ. ვ. ხელმძღვანელობს საქართვ. ზედაპირული წყლის რე­სურ­სების გეოგრ. საინფორმაციო სისტემის შედგენაში, რასაც დიდი მნიშვნელობა ექ­ნე­ბა საქართვ. ეკონ. განვითარების სამეცნ. უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათვის. გ. ვ. მონაწილეობდა არაერთ საერთაშ. ფორუმში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. და სამეცნ.-პოპულ. ნაშრომები, მათ შორის იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნ. ჟურნალში.

თხზ.:  გელაძე, ვ. (თანაავტორი). (2022). სამენოვანი ლექსიკონი ჰიდროლოიაში (რუს.-ინგლ-ქართ.). თბ. უნ-ტის გამ-ბა; Geladze, V. (თანაავტორი). (2022). Inland waters, chapter 10 in the book: The Physical Geography of Georgia. Geography of the Physical Environment, Springer, Switzerland, pp. 101-127.

ლიტ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ. განათლება.