-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი აკადემიკოსი
გახოკიძე რამაზ აკაკის ძე (17.V.1945, თბილისი), ქიმიკოსი. თსუ-ის პროფესორი (1985), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (2022), საერთაშ. საინჟ. აკადემიის აკადემიკოსი (2003), ამერ. ქიმ. საზ. წევრი (2019), აშშ-ში გაიარა სამეცნ. სტაჟირება (1976-1977). დაამთავრა თბილ. სახ. უნ.-ტი (1967), სადაც დაიცვა საკანდ. დისერტაცია (1971) და სადოქტორო დისერტაცია (1984). თსუ-ში დაარსა: ბიოორგ. ქიმიის ლაბორ. (1984), ბიოორგანული ქიმიის კათედრა (1990) და ბიოორგანული ტექნოლოგიების ინ-ტი (2007). გ. ა.-მ დაადგინა ნახშირწყლების მოლეკულური გადაჯგუფების ახალი ტიპი (გახოკიძის გადაჯგუფება), რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდა მაღალი ბიოლოგ. აქტიურობის მქონე ძნელად ხელმისაწვდომი, დეფიციტური ნივთების იოლი გზით მიღება. ეს რეაქცია ბუნებაში ბიომოლეკულების ტრანსფორმაციის ახლებურად გაგების საშუალებას იძლევა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ბუნებისმეტყველებისა და ბიოტექნოლოგიისთვის. გ. რ.-მ დაამუშავა დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) ნახშირწყლოვანი კომპონენტის, C-ვიტამინის, სელენის, გოგირდის, სილიციუმისა და სხვა მიკროელემენტების შემცველი სინთეზის მეთოდები, შეისწავლა მარტივი და რთული ნახშირწყლების კონდენსაციის რეაქციები ამინმჟავებთან, ჰეტეროციკლურ და არანაჯერ ნაერთებთან. მიიღო აზოტის ოქსიდის - ნერვული, იმუნური და გულსისხლძარღვთა სისტემის უმნიშვნელოვანესი რეგულატორის დონორები და გადამტანები, რითაც შესაძლებელი გახდა ორგანიზმის ნორმალურ მეტაბოლიზმში მათი ჩართვა. შეისწავლა ზოგიერთ წყალში ხსნადი პოლისაქარიდის შემცველობა მცენარეში და გამოყენების შესაძლებლობა. გ. ა.-მ საფუძველი ჩაუყარა ახალ სამეცნ. დისციპლინას - აგრობიოორგ. ქიმ. ჩამოაყალიბა აგრომედიცის საბაზო პრინციპები. საკუთარი ექსპერიმენტების საფუძველზე გამოთქვა მოსაზრება ცოცხალ ორგანიზმებში მეტაბოლიტური გარდაქმნის ახალი გზის შესაძლებლობის შესახებ, რასაც მოჰყვა შესაბამისი ქიმ., ბიოლოგ. და ფიზიოლოგ. გამოკვლევების სტიმულირება. დაამუშავა ცოცხალი უჯრედის მართვის გზები, რაც ორგანიზმის პოტენციური შესაძლებლობათა მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას იძლევა. მათ საფუძველზე შექმნა ბიორეგულატორების ახალი ტიპი-ბიოენერგოაქტივატორები (ბიორაგი, რაგოცინი, პოლირამი, ბიოკოლი, ბიონალი, რაგილი, ემატონი, იმუნორაგი, ბიოკარი, ემარაგი, ლუკრიაზინი), რ-საც მსოფლიოში ანალოგები არ გააჩნიათ და უზრუნველყოფენ მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების პროდუქტიულობისა და მდგრადობის არსებით გაზრდასა და გარემოს გაბინძურების შემცირებას. ბიოენერგოაქტივატორებით შესაძლებელია: ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება; ძნელად დასაფესვიანებელი მრავალწლიანი ძვირფასი მცენარეების ვეგეტაციურად გამრავლება და ზრდის და ნაყოფმსხმოიარობის რამდენიმე წლით დაჩქარება; მეაბრეშუმეობის აღდგენა; ძველი ენდემური ვაზის ჯიშების გამრავლება; ინფექციებისადმი მგრძნობიარე მაღალხარისხოვანი ლიმონის და სხვა პლანტაციების მოშენება; ფრინველთა და ცხოველთა პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გაზრდა. გ. რ.-მ შექმნა მაღალეფექტიანი სამედ. დანიშნულების პრეპარატები (ვიტარაგი, რამერი). გ. რ.-ს გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები მეცნიერების ისტორიის საკითხებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონოგრაფია დიდი ქიმიკოსისა და კომპოზიტორის ალექსანდრე ბოროდინის (გედევანიშვილი) შესახებ. აღადგინა ისტ. სამართლიანობა და ქიმიაში კარგად ცნობილ ვიურცის რეაქციას ეწოდა ბოროდინის რეაქცია. გ. რ.-მ აჩვენა ქართვ. ტომების უდიდესი როლი ქიმ. ტექნოლ. ჩასახვაში და მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. მას გამოქვეყნებული აქვს გამოკვლევები ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის საკითხებზე და თანამედროვე კაცობრიობის წინაშე მდგარ პრობლემებზე. გ. რ.-მ აღმოაჩინა ე.წ. ,,მუსიკალური კოდის“ პრინციპი, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდა ცილის სტრუქტურის ტრანსკრიფცია მუსიკის ენაზე, რითიც აჩვენა სიცოცხლისა და მუსიკის ჰარმონიული ურთიერთობა. გ. რ.-ის სახელთანაა დაკავშირებული საქართვ. ,,ბიოორგანული ქიმიისა“ და ,,სამედიცინო ქიმიის“ სწავლება; მანვე შექმნა ,,აგრობიოორგანული ქიმიის“ და ,,ქიმიისა და ცივილაზაციის“ დისციპლინები. გ. რ. ავტორია 800-ზე მეტი პუბლიკაციისა: სამეცნ. ნაშრომების, წიგნების, უმაღლესი და საშ. სასწავლებლის სახელმძღვანელოების, გამოგონებისა და სამეცნ. პოპულარული სტატიების. გ. რ. აქტ. სამეცნ. საქმიანობასთან ერთად ეწევა ნაყოფიერ საკომპოზიტორო მოღვაწეობასაც; შექმნილი აქვს: ოპერა ,,სტუმარ-მასპინძელი“, საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები, სიმებიანი კვარტეტები და ვოკალური ნაწარმოებები. მას ეკუთვნის სახ-ფო უნ-ტისა და მეცნ. კულტურის საერთაშ. ცენტრის ჰიმნები. გ. რ.-ს მინიჭებული აქვს საქართვ. სახელმწ. პრემიები (1996, 2019), მელიქიშვილის პრემიები (1987, 2025), მშვიდობის საერთაშ. პრემია (2002); ორჯერ არის დაჯილდოებული საქართვ. ღირსების ორდენით (2003, 2013); არის თბილ. საპატიო მოქალაქე (2023; )დაჯილდოებულია ამერიკის ღირსების ორდენით (2002); თსუ-ის ოქროს მედლით (2023); კემბრიჯის ბიოგრ. საერთაშ. ცენტრის მიერ შეყვანილია საუკუნის გამოჩენილ ადამიანთა სიაში (1999). გ. რ. არის ამერიკის ქიმ. საზ-ების წევრი (2019), აშშ ფარმაკოგნოზიის საზ-ების ნამდვილი წევრი (1987), თეორ. და გამოყენებითი ქიმიის საერთაშ. კავშირის (IUPAC) წევრი (1992). გ. რ. არის მრავალი საერთაშ. აკად. და სამეცნ. საზ-ების წევრი, საქართვ. და უცხოეთის ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი. არის საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (2023) და ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი (1997), არჩეულია თბილ. საპატიო მოქალაქედ (2023).
თხზ.: О механизме кислотной перегруппировки углеводов, Доклады АН СССР, т.265, с.625-627; Гахокидзе, Р. (1980). Сахариновые кислоты, Успехи химии, т.49, с.420-448; გახოკიძე, რ. (1997). გახოკიძე, რ. (2002). ბიოენერგოაქტივატორი, გამ-ბა „ჯისიაი“; Gakhokidze, R. (2008). Effect of Bioenergyactivator on Productivity of Plants. Chemistry of Advance Compounds and Materials, New-York, Nova Science Publishers, Inc., p.269-275; გახოკიძე, რ. (2008). უხვი მოსავლის გარანტი, გამ-ბა „ჯისიაი“; Gakhokidze, R. (2020). ბიოორგანული ქიმიის კურსი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა; გახოკიძე, რ. (2025). მეცნიერება, ხელოვნება, განათლება და თანამედროვე გლობალური პრობლემები, გამ-ბა „საქართველოს მაცნე“.
მასზე: გახოკიძე რამაზ აკაკის ძე. საქართველო: ენციკლოპედია. (1997), ტ.1, თბ.; გახოკიძე რამაზ აკაკის ძე. ჩვენი ღირსეული მამულიშილები (2007), ტ.1, თბ.