გაგუა გივი ივანეს ძე
გაგუა გივი ივანეს ძე

გაგუა გივი ივანეს ძე (20.IX.1939, სოფ. ნიგორზღვა, ახლანდ. სამტრედიის მუნიცალიტეტი-19.X.2017, თბილისი), გეოგრაფი, კლიმატოლოგი (1966), გეოგრაფიის აკად. დოქტორი, წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი სპეციალობით მეტეოროლოგია და მიენიჭა ინჟინერ-მეტეოროლოგის კვალიფ. (1966). სწავლის პარალელურად მუშაობდა (1962-1966) გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ის ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათ-ზე. სწავლობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის ასპირ-ში აკად. თეოფანე დავითაიას ხელმძღვანელობით (1966-1969). მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში (1969-1973) ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყ-ის უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად და გეოგრაფიის ინ-ტის სიონის სასწ.-სამეცნ. სტაციონარის ხელმძღვანელად. მონაწილეობდა გეოგრაფიის ინ-ტის ყოველწლიურ სამეცნ. ექსპედიციებში, ჯავახეთის სოფ. როდიონოვკაში (ფარავანი), რაჭის  სოფ. ნიკორწმინდაში და სხვა (1970-1990). გ. გ.-მ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სოფლის მეურნეობის პროდუქტების უწყვეტი წარმოების აგროკლიმატური რესურსები საქართველოში“ (1971). იმავე წელს, მოსკოვში სსრკ უმაღლ. და საშ. სპეც. განათლების სამინისტროს უმაღლ. საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით გ. გ.-ს მიენიჭა გეოგრაფიის კანდ.ს სამეცნ. წოდება. გ. გ.-მ დაამთავრა საქართვ. სსრ განათლ. სამინისტროსთან არსებული უცხო ენების ორწლიანი კურსები - ესპ. ენის განხრით (1971-1973). გ. გ. თავის ცოდნას უზიარებდა და ინ-ტის სახელით მასპინძლობდა გეოგრაფიის ინ-ტში ჩამოსულ ჩილელ და ბელგიელ მეცნიერებს (1972). გ.გ . სამეცნ. მივლინებით იმყოფებოდა კუბის რესპუბლიკაში (1973-1975), სადაც ჰავანის მეცნ. აკადემიაში მუშაობდა ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების გენერალური სქემის ფარგლებში, მთ. ინჟინერ-კლიმატოლოგად. მან მონაწილეობა მიიღო კუბის ბუნებრივი რესურსების კომპლექსური გამოყენების გენერალური სქემის შემუშავებაში, რის საფუძველზეც შეადგინა კუბის კლიმ. და აგროკლიმატური რუკები, რ-ბიც ჯერ სტატიების სახით გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი კუბის ეროვნ. ატლასში შევიდა. ეს რუკები იქნა შეტანილი კუბის ახალ ეროვნ. ატლასშიც (1989). კუბელი მეცნიერები დღემდე ციტირებენ გ. გ.-ს ნაშრომებს თავიანთ სამეცნ. პუბლიკაციებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა განაგრძო ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის კლიმატოლოგიის განყ-ის უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად. მოსკოვში სსრკ მეცნ. აკადემიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გ. გ.-ს მიენიჭა უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის წოდება, სპეციალობით მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ატმოსფეროს ფიზიკა. იყო გეოგრაფიის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1984-2006). მუშაობდა კლიმატოლოგიის განყ. ხელმძღვანელად (1989-2006). გ.გ. ხელმძღვანელობდა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინ-ტის სასწ.-სამეცნ. სტაციონატს თიანეთის მუნიციპ. რ-ნ. სიონში (2006-2012). გ. გ.-მ გამოსცა მონოგრაფია (2013) „საქართველოს აგროკლიმატური რესურსები“. დ. სიონის კვლევის საფუძველზე გ. გ.-მ თანაავტორებთან ერთად გამოსცა წიგნი „თიანეთის მუნიციპალიტეტის აგროკლიმატური პოტენციალი“ (2016). გ. გ. მუშაობდა საქართვ. ეროვნ. ატლასებს კლიმ. და აგროკლიმატური რუკების შედგენაზე (2012, 2017, ქართ. და ინგლ. ენებზე). მას გამოქვეყნებული აქვს 165 სამეცნ. ნაშრომი, ქართ., რუს., ინგლ. და ესპ. ენებზე, 5 მონოგრაფია რეგულარულად მონაწილეობდა საერთაშ. ყრილობებსა და კონფერენციებში. გ. გ.-ს გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა მისი მონოგრაფია „საქართველოს  აგროკლიმატური დარაიონება“ (2018). გ. გ. გარდაცვალებამდე (2017) მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში, სადაც მან თავისი ცხოვრების 50 წელი დაჰყო.

თხზ: გაგუა, გ. (თანაავტორი), (1984). აკადემიკოსი თეოფანე დავითაია. თბ., მეცნიერება; გაგუა, გ. (1988). კოლხეთის აგროკლიმატური რესურსების რაციონალური გამოყენების პრობლემა, თბ., მეცნიერება; გაგუა, გ. (თანაავტორი). (2000). კლიმატი, წიგნ.: საქართველოს  გეოგრაფია: ნაწ. 1: ფიზიკური გეოგრაფია. თბ., მეცნიერება; გაგუა, გ. (2017). საქართველოს აგროკლიმატური დარაიონება. თბ., ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი.