გაგნიძე რევაზ ივანე ძე (28.I.1932, თბილისი – 17.XII.2009, თბილისი), სწავლობდა თბილ. მე-3 სამედ. სასწავლებელში (1947-1950). დაამთავრა თბილ. სახელმწ. უნ–ტის ბიოლ. ფაკ–ტი ბოტანიკის სპეციალობით (1955) და ასპირანტურის კურსი ბოტანიკის ინ–ტში (1955-1958). ამავე ინ–ტში მუშაობდა ჯერ ლაბორანტად, ხოლო შემდეგ უმცროს და უფრ. მეცნიერ თანამშრომლად (1958–დან). გ. რ.–ს საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: "სუბალპური მაღალბალახეულობის ფლორისტული ელემენტების ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე" (1963), ხოლო სადოქტორო დისერტაციის თემა კი – "კავკასიის სუბალპური ბალახეულობის ფლოროცენოტური კომპლექსის ბოტანიკურ-გეოგრაფიული ანალიზი" (1973). გ. რ. წლების განმავლობაში იყო: საქართვ. ნორჩ ტურისტთა სადგურის ინსტრუქტორი და მეთოდისტი (1956–დან); გორის პედ. ინ–ტის უფრ. მასწავლებელი (1968-1974); მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყ–ბის ხელმძღვ. (1978-დან); თსუ–ის ბოტანიკის კათედრის გამგე (1982–დან). მუშაობდა სირიიის არაბ. რესპუბლიკაში უფრ. ინჟინერ-გეობოტანიკოსად (1978-1979). გ. რ. რესპუბლიკის სკოლებში ხელმძღვანელობდა ეკოლ. ჯგუფების მუშაობას და კონფერენციებს. იყო მრავალი საერთაშ. კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშ. ექსპედიციებში. სამეცნ. გემ "ვერნადსკით" მიიღო მონაწილეობა საერთაშ. ბოტანიკურ-ჰიდროფიზიკურ ექსპედიციაში ინდოეთის ოკეანისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში ოკეანურ კუნძულებზე – სეიშელის კუნძულებისა და მავრიკიის არქიპელაგზე, კენიაში, მადაგასკარზე, სინგაპურში, შრი-ლანკაზე, მალდივის მარჯნის კუნძულებზე, საბერძნეთში, სადაც სწავლობდა ბუნებრივ ეკოსისტემებს (1981). ექსპედიციებში დაგროვებულ მრავალფეროვან ბოტანიკურ კოლექციებს კი იგი აქტიურად იყენებდა სწავლების პროცესში. გ. რ. ასევე იყო საერთაშ. მაღალმთის ფლორის შემსწავლელი ექსპედიციის მონაწილე (აპენინები, ალპები, ბალკანები, კარპატები, პამირი, ტიან-შანი, ალთაი, ალათაუ, კამჩატკა). მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ფლორისტული ექსპედიციები კავკ. და საქართვ. მაღალმთიან რეგიონებში. გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის, რამდენიმე მონოგრაფია და სახელმძღვანელო, რომელთა ნაწილი დაბეჭდილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. იყო საერთაშ. პერიოდული გამოც. "მცენარეთა სისტემატიკისა და გეოფრაფიის ნარკვევების" მთ. რედაქტორი. მისი სამეცნ. შრომები ეხება საქართვ., კავკ., ხმელთშუაზღვეთის, პალეარქტიკის მთიანი რეგიონების ბოტანიკურ გეოგრაფიას, მაღალმთის ფლორას, ბიომრავალფეროვნებას, ცალკეულ მცენარეთა ჯგუფების სისტემატიკას, კარიოლოგიას, ფიტოგეოგრაფიულ დარაიონებას. მან შეიმუშავა ცოცხალი ბუნების დაცვის, ცალკეული იშვიათი, ენდემური და რელიქტური სახეობების მეცნ. დაცვის საფუძვლები, სამკურნ. მცენარეების კარტოგრაფირება. იგი არის ერთ-ერთი ინიციატორი თსუ–ის ინტეგრირებული მაგისტრატურის შექმნისა, რ–იც ბიოგეოგრაფიის სპეციალობის მაგისტრებს ამზადებდა. მიღებული აქვს წარჩინებული პედაგოგის (1978) და "ბუნების ქომაგის“ ნიშნები (1984).
თხზ.: გაგნიძე, რ. (1996). მცენარეთა გეოგრაფია : ფიტოგეოგრაფია. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 5511007226; გაგნიძე, რ. (2000). ადგილობრივი ფლორა : საქართველოს მცენარეთა სამყარო: სახელმძღვ. უმაღ. სასწ.-თვის. ბათუმი, აჭარა, ISBN: 9992844884; გაგნიძე, რ. (2005). საქართველოს ფლორის კონსპექტი=Vascular plants of Georgia : ნომენკლატურული ნუსხა. თბ., უნივერსალი, ISBN: 9994032399; გაგნიძე, რ. (თანაავტორი). (2010). საქართველოს ფლორის გვარ Posa L. (Rosaceae)-ს სახეობების მორფოლოგიურ-გეოგრაფიული ანალიზი=Морфолого-географический анализ видов рода Rosa l. (Rosaceae) флоры Грузии : ქართ. და რუს. ენ.. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941171635.