გაჩეჩილაძე თამაზ
გაჩეჩილაძე თამაზ

გაჩეჩილაძე თამაზ გიორგის ძე (01.XI.1928-30.I.2010), ფიზიკოსი. ფიზ.–მათ. მეცნ. დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1952). ასპირანტურა (1956). ფიზ.–მათ. მეცნ. კანდიდატი (1957). მუშაობდა ჯერ საქ. მეცნ. აკად. ფიზ. ინ-ტში, შემდეგ კი მართვის სისტემების ინ-ტში (1953-1961), თსუ–ის კიბერნეტ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტზე (1961). მან პირველმა შემოიტანა საქართველოში მანქანური თარგმანი, მათემატიკური ლინგვისტიკის ახალი მეთოდები. აქტიურად მუშაობდა მათ. სტატისტიკის სფეროში, კერძოდ, არამკაფიო (fuzzy) სიმრავლეთა თეორიაში განუზღვრელობის დამუშავების ზადეს არამკაფიო ქვესიმრავლეთა თეორია. მან აღზარდა ათეულობით ახალგაზრდა მეცნიერი, რ–ბმაც მისი ხელმძღვანელობით დაიცვეს სამეცნ. ხარისხები. ის არის 100–ზე მეტი სამეცნ. სტატიის ავტორი. მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „განუსაზღვრელობის ენტროპიული ზომები და მათი გამოყენება“. მისი ძირითადი შრომები ეხება მონაცემთა თეორიაში (საერთოდ მოდელირების თეორიაში) ერთის მხრივ არამკაფიო ანალიზის მეთოდების შემოტანას, ხოლო მეორეს მხრივ მათი კლასიკური მათემატიკის მკაცრ ჩარჩოებში ჩასმას, რაც საშუალებას იძლევა მკაცრი მეცნ. მათემატიკური მეთოდის გავრცელებას მეცნ. და ტექნიკის თითქმის ყველა დარგზე. მის მიერ პირველად გაანალიზებულია კომბინირებული ალბათურ–შესაძლებლობითი არამკაფიო შემთხვევითი ხდომილობის ენტროპიული ზომის ცნება, აქსიომატურად გამოყვანილია ხდომილობათა ენტროპიის გამოსახულებები, ასევე არამკაფიო შემთხვევითი ხდომილობის ალბათობის შეფასების პრინციპი.  ამგვარად,  მან ააგო არამკაფიო ქვესიმრავლეთა თეორიის ახალი წარმოდგენა, რომლის საფუძველზეც შექმნა არამკაფიო შემთხვევითი ხდომილობებისა და ენტროპიული ზომების ახალი თეორია.  ამ თეორიის ეფექტურობა შემოწმებული იყო პრაქტიკული ამოცანების ფართო წრის ამოხსნისას (როგორიცაა მაგ. ინფორმაციის რაოდენობისგან საზღვარგაზომვის კვანტურ–მექანიკურ პროცესში; არამკაფიო ინფორმაციის სინტაქსური ანალიზის ახალი რაოდენობრივი მეთოდი; მოდელური სისტემები კრიტიკული მოვლენების თეორიაში და სხვ.).  ამდენად, საფუძველი ჩაეყარა სელექციური და სემანტიკური ინფორმაციის თეორიებს, აგრეთვე გადაწყვეტილებათა და საჯერობის შეფასებას, რომელიც ეყრდნობა რ–ც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ მონაცემებს.