-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი ლექსიკოლოგი
გაჩეჩილაძე პოლიევქტ ლუკას ძე (26. VI. 1914, სოფ. ობჩა, ბაღდათის რაიონი - 02. IV. 1979), ენათმეცნიერი, ფილოლოგი, ლექსიკოლოგი. ფილოლ. დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1939), შემდგომ მისი – ასპირანტურა (1947), 1947-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში, ჯერ უმცროს, ხოლო შემდგომ (1958) უფროს მეცნიერ თანამშრომლად. მეცნ. კანდ. (1953). გამოქვეყნებული აქვს წერილები ქართ. ენის დიალექტოლოგიის, ლექსიკოგრაფია-ლექსიკოლოგიის დარგში. ამასთანავე ნაყოფიერად იკვლევდა ქართ. ენის სტრუქტურის საკითხებს და სხვადასხვა ლექსიკური ერთეულის ეტიმოლოგიას. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „მებადურთა მისალმების ფორმულა ხანისწყლის ხეობაში“ (1946), „იმერული დიალექტის ხანურ-ზეგნური მეტყველება“ (1965), „ქართლურის სალექსიკონო მასალა“ (1970), „ქართული ლექსიკოგრაფია-ლექსიკოლოგიის ისტორიისათვის“ (1959), „ეტიმოლოგიური შენიშვნები (ცივი, ცივცივი, ციცინათელა)“ (1974), „უვის ზმნის ეტიმოლოგიისათვის“ (1974), „კუედ ფუძის სტრუქტურისათვის“ (1979) და სხვ. იგი მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მომზადებაში (VII ტ-ის ერთ-ერთი რედაქტორი) (ტ. 1-8, 1950-1964), სწორედ ამის გამო გადაეცა მას საქართვ. სახელმწ. პრემია (1971).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გაჩეჩილაძე, პ. (1970). ქართლურის სალექსიკონო მასალა; გაჩეჩილაძე, პ. (1965). იმერული დიალექტის ხანურ-ზეგნური მეტყველება; გაჩეჩილაძე, პ. (1976). იმერული დიალექტის სალექსიკონო მასალა. მეცნიერება.