გაჩეჩილაძე გივი რაჟდენის ძე
გაჩეჩილაძე გივი რაჟდენის ძე

გაჩეჩილაძე გივი რაჟდენის ძე (05. VIII.1914, თბილისი- 09.II.1974, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში). ქართვ. ლიტერატურისმცოდნე, პოეტი და მთარგმნელი; თსუ-ის პროფესორი (1962). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1936), ფილოლ. მეცნ. კანდ. (1941), ფილოლ. მეცნ. დოქტ. (1961), თსუ-ის პროფ. (1962-დან), ინგლ. ფილ. კათედრის გამგე (1962-დან). გ. გ. დაჯილდოვებულია საქართვ. სახელმწ. პრემიით (1983, რ-იც გარდაცვალების შემდეგ გადაეცა). თსუ-ში კითხულობდა დასავლეთ ევრ. ლიტერატურის კურსსა და თარგმნის თეორიას (1939); თარგმნიდა ბერნსის, კიტსის, კიპლინგის, თომას მურის, ლონგფელოს, გოეთეს, ჰიუგოს, პუშკინის, ტიუტჩევის, შევჩენკოს, ბლოკის, ბრიუსოვის, ბაჟანისა და სხვათა ნამუშევრებს. განსაკუთრებულად აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული შექსპირის, ბაირონისა და შელის ნამუშევრების თარგმანები. გ. გ-ს კვლევის სფეროებია: თარგმანი და თარგმნის თეორიის საკითხები. მთარგმნელობითი მოღვაწეობა თსუ-ში სწავლის პერიოდშივე დაიწყო. 22 წლის ასაკში მან ერეკლე ტატიშვილსა და შალვა ნუცუბიძეს წარუდგინა სადიპლომო ნაშრომი, რომლის თემაც ბაირონის შემოქმედება იყო. ამ ნაშრომის ქართ. ვარიანტი შალვა ნუცუბიძის რედაქტორობით თსუ-მ დასტამბა (1938). გ. გ-მ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „გოლზუორთის ფორსაიტების ქრონიკები“. საინტერესოა ნაშრომი „მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები“ (1959). ნაშრომში წარმოჩენილია მხატვრული თარგმანის თეორიის ძირითადი მეთოდოლ. პრინციპები. ლიტერატურათმცოდნეობის პოზიციებიდან ნაჩვენებია პრობლემის ლიტ. მხარის მიმართება მის ენობრივ მხარესთან. ასევე გადაწყვეტილია ზოგიერთი მნიშვნელოვანი, ზოგადი და კერძო თეორ. საკითხი და ამ საკითხებს მიცემული აქვთ პრაქტ. მიმართულება. გ. გ თეორიულად ასაბუთებს, რომ მხატვრული თარგმ. რეალური მხატვრული ფაქტია და მისი შექმნნის პროცესი მხატვრული შემოქმედების პროცესია. გ. გ.-ის ნაშრომი „მხატვრული თარგმანის თეორიის შესავალი“ (1966) საქ. სსრ უმაღლ. და საშ. სპეც.  განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულია სახელმძღვანელოდ ფილოლ. ფაკ-ტების სტუდენტებისათვის. თსუ-ის მიერ გამოიცა გ. გ.-ის თარგმანების ანთოლოგია (2014). მასში შეტანილია ბრიტ., ამერიკ., რუს., გერმ., ფრანგ., პოეტების გ. გ-ის მიერ შესრულებული თარგმანები (1930-1950).

თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გაჩეჩილაძე, გ. (1964). უილიამ შექსპირი. თბ., საბჭ. საქართველო; გაჩეჩილაძე, გ. (1967). შექსპირიდან გოლზუორთიმდე. თბ.,  ლიტერატურა და ხელოვნება; გაჩეჩილაძე, გ. (თანაავტორი). (1977, 1984). საზღვარგარეთული  ლიტერატურის ისტორია: ნაწ 1-2. თბ., განათლება.