გაჩეჩილაძე გიორგი ამბერკის ძე
გაჩეჩილაძე გიორგი ამბერკის ძე

გაჩეჩილაძე გიორგი ამბერკის ძე (24. VI. 1954, თბილისი), გეოგრაფი, ჰიდროლოგი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი, ხმელეთის ჰიდროლოგის სპეციალობით (1976). მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტში ჯერ ინჟინრად (1976-1978); შემდეგ უფრ. ინჟინრად (1978-1979); მეცნიერ-თანამშრომლად (1979-1989); წამყვან მეცნიერად (1989-1991); გარემოს გაჭუჭყიანების მონიტორინგის ლაბორ., შემდეგ ეკოლოგიის განყ-ბის გამგედ (1991-2008); დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია: „ტერიტორიული განზოგადოების მეთოდიკა და მთის მდინარეებში გამოტანილი გახსნილი მარილების გაანგარიშება“ (1984), შემდეგ კი სადოქტორო თემაზე „ქიმიური დენუდაციის ჰიდროლოგიური ასპექტები  მთიან რეგიონებში“ (1991, რუსეთის  ჰიდროქიმიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი). გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიების ავტორი. თავის ნაშრომებში საფუძველი  ჩაეყარა ჰიდროქიმიაში გეოგრ. განზოგადოებისა და ანალიზის ახ. მეთოდოლოგიას. გ. გ-ს მნიშვნელოვანი ნაშრომია „საქართველოს გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეპტუალური საფუძვლები“ (1993), რ-იც მთლიანად აგებულია მდგრადი განვითარების  პრინციპებზე და იგი საქართველოში გარემოს დაცვითი ახ. სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საპროგრამო დოკუმენტს  წარმოადგენს. იგი იყო საქართვ. მე-3, მე-4, მე-8 და მე-9 მოწვევების პარლამენტის წევრი (1992-1995, 1995-1999, 2012-2016, 2016-2020); საქართვ. ბუნებრივი წყლების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის სახელმწ. კომისიის თავ-რის პირველი მოადგილე (1994-1995); შავი ზღვის ეკონ. თანამშრომლობის საპარლამენტო ანსაბლეის წევრი (1993-1999); მისი ინიციატივით საქართ. კონსტიტუციაში შეტანილია რიგი ეკოლ. პარაგრაფები (1995);  ავტორი ან თანაავტორია პარლამენტის მიერ მიღებული რიგი კანონებისა, ავტორია „საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ეკოლოგიური მუხლისა (29). გ. გ. იყო საქართვ. მწვანეთა პარტიის თავ-რე (1995-2007); ამჟამად არის ამავე პარტიის გენ. მდივანი (2007-დან), აგრეთვე ევროპის მწვანეთა პარტიის მმართველი საბჭოს წევრი, გეოქიმიის და კოსმოქიმიის საერთაშ. ასოციაციის, ბუნებრივი წყლების გაჭუჭყიანებისაგან დაცვის მუდმივმოქმედი საერთაშ. კომისიის წევრი (1991), „იუნესკოს“ ოკეანოგრაფიის საქართვ.  ეროვნ. კომიტეტის წევრი (1995-დან).

თხზ.: Гачечиладзе, Г. (1991). Гидролошические аспекты химической денудации в горных регионах. C-II.

ლიტ.: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი: 1998-1999.  თბ.,1999; ხარაძე კ. (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ.,  განათლება, ISBN 9992806982.