-
ავტორი
- კატეგორიები: ირანისტი ფილოლოგი ბიბლიოთეკარი
ფუთურიძე ვლადიმერ სარდიონის ძე (29.IV.1893, ქუთაისი - 23.IV.1966, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, თსუ-ის ბიბლიოთეკის მთ. ბიბლიოთეკარის მოადგილე (1920-1930), დოცენტი (1935-1960). სსრკ მეცნ. აკადემიამ დისერტაციის დაუცველად მიანიჭა ისტ. მეცნ. კანდიდატისა და ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორის ხარისხი (1936). ფ.ვ.-მ დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტის აღმოსავლური ფაკ-ტი (1917), სადაც გაიარა სრული კურსი ქართ.-სომხ.- სპარს. ფილოლოგიის განხრით. გერმ. ენის შესასწავლად სტაჟირებით იმყოფებოდა გერმანიაში კენინგსბერში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ქუთაისის ქალთა პირველ გიმნაზიაში (1917-1919) და ქალთა საოსტატო სემინარიაში (1921-1926). მუშაობდა სსრკ მეცნ. აკად. კავკასიის საისტ.-საარქეოლოგიო ინ-ტის (შემდგომ კავკასიისმცოდნეობის ინ-ტი) მახლობელი აღმოსავლეთის სექტორში (1930-1935). სამეცნ. მივლინებით იმყოფებოდა შუა აზიაში - აშხაბადსა და ბუხარაში, სადაც გარდა სასაუბრო სპარს. ენის დაუფლებისა, გაეცნო სპარსულ ხელნაწერებს და შეისწავლა აღმოსავლური კალიგრაფიის საფუძვლები (1933). ასწავლიდა თსუ-ში (1935-1960), მუშაობდა სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის ენის, ისტ. და მატერ. კულტურის ინ-ტის აღმოსავლურ ენათა განყ-ბაში (1936-1955), ხელმძღვანელობდა საქართვ. სსრ მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის სპარს. ფილოლოგიის განყ-ბას, იყო საქართვ. შესახებ არსებული უცხ. წყაროების კომისიის მთ. რედაქციის წევრი, სპარს. წყაროების სექციის ხელმძღვ. (1960-1966). ფ.ვ. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: სპარს. ენა; ირანის ისტორია; პალეოგრაფია. მან შეადგინა რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელო-ქრესტომათია სპარს. ენის შემსწავლელთათვის. ფ.ვ. ფართო დიაპაზონისა და მრავალმხრივი სამეცნ. ინტერესების მქონე მკვლევარი იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა მრავალი დარგის, მათ შორის ირან-საქართვ. კულტ.-პოლიტ. ურთიერთობის ისტორიის, სპარს. ისტ. მწერლობის, სპარს. პალეოგრაფიის, დიპლომატიკის, ეპიგრაფიკის, ლექსიკოგრაფიის განვითარებაში. ფ.ვ. ითვლება სპარს. პალეოგრაფიისა და დიპლომატიკის ფუძემდებლად საქართველოში. მან შეისწავლა გრემის ერთ-ერთი უბნის „თარსა გალავნის“ეკლესიის ტრილინგვა - სამენოვანი (სომხ.-ქართ.-სპარს.) წარწერა და აკ. შანიძის თანაავტორობით გამოაქვეყნა ნაშრომი. იგი იკვლევდა სპარსულ ისტორიულ და გეოგრაფიულ თხზულებებში დაცულ ცნობებს საქართვ. შესახებ, თარგმნა და სპარსულ ტექსტთან ერთად კომენტარებით გამოსცა ისთახრის, ჰამდალაჰ ყაზვინის, ჰასან რუმლუს, ისქანდერ მუნშის და სხვა მასალები. მან აღნუსხა საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ხელნაწერთა განყ-ბის სპარს. კოლექციების რვაასამდე ნუსხა, გამოავლინა რამდენიმე უნიკალური ხელნაწერი. ფ.ვ.-მ შეისწავლა და გამოაქვეყნა საქართვ. სიძველეთსაცავებში დაცული ორენოვანი (ქართ.-სპარს.) და სპარს. ისტ. საბუთები. მის მიერ მომზადებულ კრებულში XVI-XVIII სს. 192 დოკუმენტია გაერთიანებული. საყურადღებოა ფ.ვ.-ს გამოკვლევები საქართვ. მოწყვეტილ და ირანში გადახვეწილ ქართველ მოღვაწეებზე. მისი ნაშრომების წყალობით ქართველმა მკითხველმა არაერთი მივიწყებული „გურჯი“ მხატვარი, მწერალი თუ მეცნიერი გაიცნო. დიდია ფ.ვ.-ს წვლილი ქართ. ლექსიკოგრაფიის განვითარებაში. მან შეისწავლა და გამოსცა ფარსადან გორგიჯანიძის ქართ.-არაბ.-სპარს. ლექსიკონი, შეადგინა აღმოსავლურ ტერმინთა განმარტება-ლექსიკონები, რ-ებიც ისტ. საბუთების გამოცემებს დაურთო.
თხზ.: ფუთურიძე, ვ. (1936). სპარსული ენა. სავარჯიშო მასალა, ნაკვეთი 1. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ფუთურიძე, ვ. (1937). ისთახრი, ჰოდუდ ალ-ალემი, ჰამდალლაჰ ყაზვინი. თბ., უნ–ის გამ–ბა; ფუთურიძე, ვ. (თანაავტორი). (1940). სამენოვანი წარწერა გრემში. „ენიმკის მოამბე“, ტ. 5-6, გვ. 1-11. თბ.; ფუთურიძე, ვ. (1946). სპარსული ქრესტომათია ლექსიკონითურთ, ნაწ. 1. თბ., უნ–ტის გამ–ბა (ლითოგრაფია); ფუთურიძე, ვ. (1955). ქართულ-სპარსული ისტორიის საბუთები. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომც.; ფუთურიძე, ვ. (1961). სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში, წიგნი 1, ნაკვეთი 1. საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომც.; ფუთურიძე, ვ. (1962). სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში, წიგნი 1, ნაკვეთი 2. საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომც.; ფუთურიძე, ვ. (1965). სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში, წიგნი 1, ნაკვეთი 3. საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომც.; ფუთურიძე, ვ. (1966). ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ. საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომც.; ფუთურიძე, ვ. (1969). ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ. გამომც. მეცნიერება.