ფიცხელაური კონსტანტინე (კიაზო)  ნიკოლოზის ძე
ფიცხელაური კონსტანტინე (კიაზო) ნიკოლოზის ძე

ფიცხელაური კონსტანტინე (კიაზო) ნიკოლოზის ძე (26. XI. 1930. თბილისი-17. III. 2024 თბილისი), არქეოლოგი, ისტორიის მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (1997). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1954);  საქართვ. მეცნ. აკადემიის ისტორიის ინ-ტის ასპირანტურა (1957);  უნ-ტში სწავლისას დაიწყო კახეთის არქეოლ. ძეგლების დაზვერვითი  შესწავლა. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „იორ-ალაზნის აუზის გვიანი ბრინჯაოს ხანის ძეგლები“ (1959) და მუშაობა დაიწყო  საქართვ. მეცნ. აკადემიის  ისტორიის ინ-ტში, სადაც აგრძელებდა კახეთის არქეოლ. ძეგლების შესწავლას. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები“ (1972).  ფ. კ. იყო ისტორიის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1657-1960); უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1960-1968); განყ-ების გამგე (1969-2000); ილია ჭავჭავაძის სახ. უნ-ტის სრული პროფესორი (2006-დან);  პროფესორი ემერიტუსი (2009-დან). საქართვ.  ეროვნ. მუზეუმის კონსულტანტი (2008-დან). ფ. კ.-მ მუშაობაში ჩართო კახეთის არქეოლ. ექსპედიციის საარბრიუკენის, ჰალეს და ტიუბინგენის უნ-ეტების სპეციალისტთა ფართო წრეები, რის შედეგადაც ამ სამუშაოების სამეცნ. ანგარიშები სისტემატურად ქვეყნდებოდა გერმანიის პერიოდულ გამოცემებში. სამი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს კავკასიის არქეოლოგიაზე ტიუბინგენის უნ-ტში. ფ. კ. აგრძელებდა საველე სამუშაოებს კახეთში ამერიკის, შვედეთის, გერმანიისა და ბალტიისპირეთის სამეცნ. ცენტრებთან ერთად. მისი კვლევის ძირითადი მიმართულება იყო კავკასიის ბრინჯაოს ხანის კულტურების გაანალიზება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ სამუშაოებმა შესაძლებელი გახადა ახლებურად დასმულიყო საკითხი კავკასიის უძველესი კულტურების დაახლოებისა მახლობელი აღმ. ცივილიზაციებთან.  ფ. კ. მეცნ. ინტერესის სფერო მოიცავდა კავკასიის არქეოლოგიას, ბრინჯაოს ხანის კულტურათა გენეზისს, ქრონოლოგიას, პერიოდიზაციას, საქართველოში სახელმწიფოებრიობის სათავეების კვლევას არქეოლ. მასალების მიხედვით. ფ. კ-ის სახელთანაა დაკავშირებული კახეთში, ჭერემში, ვახტანგ გორგასლის საზაფხულო რეზიდენციის აღმოჩენა. მისი ხელმძღვანელობით ალაზნის ველზე, წნორს ქვემოთ ყორღანულ სამარხებში ჩატარდა არქეოლ. გათხრები, რომლის დროსაც აღმოაჩინეს უამრავი თიხის ჭურჭელი და სხვა ოქროს ნივთებიც, რ-იც ძვ. წელთაღრიცხვის III ათასწლეულის ბოლოთი თარიღდება, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ოქროს ლომის ფიგურას.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ფიცხელაური, კ. (1965). იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა უძველესი კულტურა. თბ., მეცნიერება; ფიცხელაური, კ. (1973). აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ.წ. XV-VII ს.ს.). თბ., მეცნიერება;  ფიცხელაური, კ. (2016). აღმოსავლეთ საქართველოში ძვ.წ. II ათასწლეულის კულტურათა კვლევის ძირითადი მიმართულებები : (ფევრების სამაროვნების მიხედვით). თბ., მეცნ. აკად. გამ-ბა. ISBN: 9789941086786; ფიცხელაური, კ. (2013). სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიის ეთნოკულტურული სისტემა ბრინჯაო-რკინის ხანაში. თბ. მეცნ. აკად. გამ-ბა.