ფანჩვიძე ვლადიმერ
ფანჩვიძე ვლადიმერ

ფანჩვიძე ვლადიმერ (9. VII. 1906, ქ. ხაშური-10. XII. 1984), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა ხაშურის ჰუმანიტარული ტექნიკუმი (1924),  თსუ (1930). ჩაირიცხა სსრკ მეცნ. აკად. კავკასიისმცოდნეობის ინს-ტში ასპირანტად (1932), გადაიყვანეს ლენინგრადში სსრკ მეცნ. აკად. ენისა და აზროვნების ინს-ტში (1935) სადაც დაამთავრა ასპირანტურა კავკ. ენათა განხრით (1936); დაიცვა საკანდიდატო (1938), სადოქტორო დისერტაცია (1949). ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას: კითხულობდა ლექციების კურსს თსუ-ში, უცხო ენათა ინ-ტში, გორის პედ. ინ-ტში. სხვადასხვა დროსიყო თსუ-ის დოცენტი, პროფესორი, ფილოლ. ფაკ-ტის დეკანი, საქ. სსრ მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე, ქართველურ ენათა განყ-ბის ხელმძღვანელი, დირექტორი, თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტის რექტორის მოადგილე, რექტორი (1938-1975). მუშაობდა ენათმეცნ. ინ-ტში უფრ. მეცნიერ თანამშრომლად (1975-დან). იყო რამდენიმე სამეცნ. საბჭოს წევრი. წლების განმავლობაში რედაქტორობდა ენათმეცნ. ინ-ტის ორგანოს „იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერებას“. იკვლევდა იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტ. საკითხებს, იყო ლეზგიური ჯგუფის ენების სპეციალისტი. უნდა აღინიშნოს მისი დამსახურება უდიური ენის შესწავლაში, კერძოდ, უდიური ენის ფონეტ. სისტემის აღწერა-დადგენაში, სახელისა და ზმნის ფორმაცვალებისა და გრამატიკული კატეგორიების კვლევაში, უდიურისა და ქართ.-ქართველურ ენათა მორფოლ. მონაცემების შეჯერებაში. მეცნიერის კვლევის შედეგები აისახა მონოგრაფიაში „უდიურის გრამატიკული ანალიზი“ (1974). ავტორია საყურადღებო ნაშრომებისა ქართ. დიალექტოლოგიაში. იკვლევდა იმერულ კილოს, ჩატარებული აქვს ანალიზი ზემოიმერულსა და ქვემოიმერულს შორის არსებული გარდამავალი ზოლის, ე.წ. შუაიმერულის (ოკრიბა-ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის რეგიონების) ენობრივ თავისებურებათა შესახებ. იგი იყო მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევარი, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1949), პროფესორი.