-
ავტორი
- კატეგორიები: მხატვარი პუბლიცისტი საზოგადო მოღვაწე უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
ფალავანდიშვილი დიმიტრი (დუშიკო) გიორგის ძე (17.XII.1869, გორის მაზრის სოფ. კნოლე-08.III. 1944, თბილ.). მხატვარი, პუბლიცისტი, საზ. მოღვაწე, ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); დაამთავრა თბილ. სათავადაზნაურო სკოლის ხუთი კლასი. საკუთარი მიწები ხიზან-გლეხებს დაურიგა და წითელი რაზმის ერთ-ერთი მესვეურთაგანი გახდა (1905-1907). სასტიკად სდევნიდა როგორც შავი რაზმის მავნე საქმიანობას, ასევე გაყაჩაღებული რაზმელების თავხედობას. იგი “ეგატუსის”ფსევდონიმით ხშირად აქვეყნებდა სტატიებს „ცნობის ფურცელსა“ და სხვა ქართ. გაზ. სოფლის ყოფა-ცხოვრებისა და საადგილმამულო საკითხების შესახებ (1906-1916). მისი მთავარი მიზანი იყო გლეხთა მდგომარეობის გაუმჯობესება. მან თავისებური ხელოვნებით, კერძოდ ფიცარზე ამოტვიფრით (1910-დან) შექმნა ქართვ. მოღვაწეთა პორტრეტები: შოთა რუსთველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, დიმიტრი ყიფიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის, გიორგი ერისთავის, ლადო მესხიშვილის, ეკატერინე გაბაშვილის და სხვ. ოსურმა მოძრაობამ საცხოვრებელი სახლი და სახელოსნო დაუნგრია (II. 1918), ხოლო მისი ხეზე ამოტვიფრული ნამუშევრები დაიტაცეს და დალეწეს. ამ დროს დაიკარგა და განადგურდა მის მიერ ხეზე შესრულებული არაერთი ნამუშევარი. საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, უნ-ტის მოპირდაპირე მხარეს კლდოვან ფერდობზე ვენახი გააშენა და იქ დასახლდა.
ლიტ.: იმედაშვილი, ი. (2025). ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: ტ. 4: ს-ღ. თბ., ეროვნ. ბ-კის გამ-ბა, ISBN: 9789941999116; საქართვ. ეროვნ. არქივი: უახ. ისტ. ცენტრ. არქივი: ფ. 471, 1, ნ.1, საქმე 16, ფურც. 5.